Digest Logo

„ნერვიულობა გვაძლევს პრობლემის მოგვარების ილუზიას, ჩვენ კი ისედაც დასტრესილებს რეალური გამოსავალი გვგონია...“ - რას წერს ლევან შელეგია

1790416195
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი ნერვიულობაზე საუბრობს:

„პერსპექტივა ნერვიულობაზე:

„ნერვიულობა ვალის გადახდას ჰგავს, რომელიც სინამდვილეში არ გმართებს“.

მარკ ტვენი ჩვეული ლაკონიურობით ამბობს იმას, რასაც კლინიკურ ფსიქოგიაც გვირჩევს.
გარკვეულ დონემდე ნერვიულობა შეიძლება კიდეც დაგვეხმაროს უკეთ მომზადებაში, მობილიზებაში, მაგრამ ეს არ უნდა გასცდეს ჯანსაღ საზღვრებს ისე, რომ ნერვიულობამ გამოიწვიოს დიდი სტრესი, ფსიქოლოგიური ბლოკადა, შფოთვა, უძილობა, პარალიზი, დეპრესია...

თითქმის ყველა ემოციას აქვს ადაპტიური ფუნქცია, ანუ გვეხმარება ახალ გარემოებებთან ადაპტაციაში.
ემოციებს აქვთ ასევე მალადაპტიური მხარე (მალ პრეფიქსი ნიშნავს ცუდს) ანუ ასპექტები, რაც ხელს გვიშლის ადაპტაციის პროცესში.

შიში, შფოთვა, ღელვა, სირცხვილი - არის ადაპტიურიც და მალადაპტიურიც.

თან ნერვიულობას ერთი ვერაგი თვისება აქვს: იმით, რომ ჩვენ რაღაცაზე ვნერვიულობთ, ვართ ამ რაღაცით დაკავებული. ჰო და, ზუსტად აქ ვტყუვდებით: გვგონია, რომ თუ ჩემი პრობლემით ასე ძალიან ვარ დაკავებული, თუნდაც ნერვიულობის სახით, ესე იგი მე ამ პრობლემის მოგვარების პრინციპში ვარ.

კიდევ ერთხელ, ნელა გადაიკითხეთ ბოლო აბზაცი!

ანუ, ნერვიულობა გვაძლევს პრობლემის მოგვარების ილუზიას და ჩვენც, ისედაც გადაღლილებს და გადასტრესილებს, ილუზია რეალური გამოსავალი გვგონია და ვაგრძელებთ ნერვიულობას.

ეს ყველაფერი ხშირად ავტომატურად, ანუ ჩვენდა უნებურად ხდება.

და თუ გვინდა ავტომატურ პროცესებზე გავლენა დავიბრუნოთ, მათ უნდა დავუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება. ვინაიდან ცნობიერების ფსიქოლოგიიდან ვიცით, რომ ის, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, აღარ არის ავტომატური.

ისედაც თავს შეეკითხეთ ხოლმე, რაში გეხმარებათ ესა თუ ის ემოცია. გაცემული პასუხი კი ერთგვარ კომპასად გამოიყენეთ“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა - შემთხვევა სამტრედიაში მოხდა

⭕26 სექტემბერს ქეთევანობა აღინიშნება

⭕„ნამდვილი ერთგულება მხოლოდ ცდუნებებზე უარის თქმა კი არ არის, არამედ ყოველდღიური გააზრებული არჩევანია“ - ფსიქოლოგი

✕