Digest Logo

„ნუ ებრძვი იმას, რაც რეალურად გარდაუვალია“ - რას წერს გია მურღულია

1780819547
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:

„ნუ ებრძვი იმას, რაც რეალურად გარდაუვალია - დროსაც დაკარგავ, სხვა შემთხვევაში შედეგიანად გამოსაყენებელ შესაძლებლობებსაც და გონიერის სახელსაც.

თუმცა კარგად უნდა დაფიქრდე იმაზე, რა არის მართლაც უცილობლად გარდაუვალი - უბრალო გარემოებებმა და ნებისმიერმა წინააღმდეგობამ რომ მშიშარად და უუნაროდ არ გაქციოს.

გაბედულება, თავდაჯერებულობასთან ერთად, წარმატების მიღწევის შესაძლებლობათა გააზრებასაც გულისხმობს.
საკაცობრიო, ეროვნული და შენი პირადი ინტერესების დასაცავად ბრძოლისა და გარჯისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეს, რომ "თავსა ახლად ვერვინ იშობს" - უმიზნო და უშედეგო ძალისხმევა ჭკვიანთა არჩევანი არ არის.

წაგებისთვის განწირულია ყველა კაცი და მოქმედება, რომლებიც რეალობას არ ითვალისწინებს.
ეცადე, მუდმივად გაზარდო და განავითარო შესაძლებლობები, რათა სიტყვამ "გარდაუვალი" შენი ცხოვრების ნაკლები სივრცე და დრო დაიკავოს, მაგრამ რაც მათ არსებითად და უთუმცაოდ აღემატება, შენს საქმედ არ გაიხადო - როდესაც მატარებელი მოდის, ლიანდაგზე არ უნდა დადგე იმ იმედით, რომ მას შიშველი ხელებით შეაჩერებ.

თუ მაინც დადექი, საამისოდ დიდი მიზეზი გქონია - არსებობს ისეთი რაღაცებიც, რისთვისაც თავგანწირვა ღირს - შენ თუ უსაშველო დამარცხება გიწერია, სიყვარულმა, ღირსებამ, იდეამ და პასუხისმგებლობამ მაინც უნდა გაიმარჯვონ.

ადამიანს ყოველთვის შეუძლია, რომ მოქმედების გზა აირჩიოს.
გაცნობიერებული არჩევანიც უსათუოდ მოეთხოვება.
შეგიძლია დამარცხებაც აირჩიო, თუ ამით იმარჯვებ, ოღონდ უნდა იცოდე, რომ თავგანწირვასა და სიშლეგეს შორის განსხვავება არსებობს.
თუ არ იცი, მზად არ ხარ.
თუ იცი და მაინც ირჩევ, გარდაუვალს ცნობიერად უპირისპირდები.
ამის უფლება გაქვს.

და მაინც - არ წაიქცე იქ, სადაც შეგიძლია დაუზიანებლად გაიარო.
ადამიანმა უნდა იბრძოლოს იქ, სადაც ამას თუნდაც მცირე აზრი აქვს, გაჩერდეს, სადაც ეს აზრი სრულად დაკარგულია და შეუძლია თავგანწირვაც აირჩიოს იქ, სადაც დასაცავი ღირებულება მისთვის სიცოცხლეს აღემატება.
თვითგვემა ან, მით უმეტეს, თვითგანადგურება არჩევანი არ არის.
არც თავისუფლებაა. გონიერება თავგანწირვასაც უხდება“, - წერს გია მურღულია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სამების ტაძარში დღეს 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„დიდი საქმეები, მკვეთრი გადაწყვეტილებები, რისკი და ემოციური დაპირისპირება უმჯობესია აირიდოთ თავიდან“ - 7 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი