ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.
👉 ლიზა ქისტაურის საქმის დეტალები - რას აცხადებენ ბელგიის პროკურატურაში?
ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, უამრავი ადამიანის გამოხატავს მწუხარებას მომხდარის გამო და ამ ამბის შესახებ საკუთარ ემოციებს გადმოსცემენ.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ ლიზა ქისტაურის ერთ-ერთ პოსტს, რომელშიც ჰომოფობიასთან მისი დამოკიდებულება ნათლად ჩანდა.
„დიდი ხანია ვფიქრობ, როგორ და რანაირად დავწერო იმისთვის, რომ ზუსტად ისე გაიგოთ ყველაფერი, როგორც არის და რაც არის.
მე ძალიან მიყვარს დედაჩემი, ჩემი მეგობრები, მამაჩემი, ჩემი მთლიანი ოჯახი, ადამიანები მიყვარს, მიყვარს ყოველი დილა და ყველა ღამე, მიყვარს ყველაფერი კარგი და ლამაზი, მიყვარს ჩემი თავი და იმის გამო, რომ ვიღაცას ჩემი გარეგნობა, ორიენტაცია, ქცევები, ხასიათი, წარმომავლობა, შეხედულებები არ მოსწონს, არ მინდა გამომასალმონ ყველა მაღლა ჩამოთლილთან.
იმის გამო, რომ ვიღაცა პოტენციური მკვლელი და მანიაკია, არ მინდა გავხდე მისი მსხვერპლი ყველა მიზეზის გარეშე, არ მინდა დედაჩემს მდგომარეობა დაუმძიმდეს ასეთი ადამიანების გამო, მე მას ვჭირდები და იგი მე.
როდესაც არგუმენტები მოგყავთ „ჩვენ ნუ შეგვეხებით და თქვენთვის რაც გინდათ ის გიქნიათ“ , „აფიშირებას ნუ გაუკეთებთ და საკუთარ სახლებში რაც გინდათ ის გიქნიათ“.
დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება (გვინდა თუ არა), ვერ და არ გავბედავთ არავის არც გამოწვევას, არც არაფრის პროპაგანდას და მსგავს უსაფუძვლო რაღაცებს, რასაც გვაბრალებთ.
სუსტის და უძლურის დაჩაგვრა ყველაზე ადვილი რამ არის, მაგრამ ყველაზე არაადამიანური.
ამ სტატუსით იქნებ ვინმეს, ვისაც ვეზიზღები(თ) ასე სულ არაფრის გამო, დავანახვო, რომ ჩვენც გვყავს მშობლები, დები, ძმები, ოჯახი, მეგობრები, ჩვენც გვიხარია ცხოვრება, ჩვენც გვინდა, დავტკბეთ ყოველდღიურობით, ჩვენც გვაქვს იმის უფლება, ჩავიცვათ, ვატაროთ, გავაკეთოთ ის რაც გვინდა, მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, ვიყოთ მასთან, ვისთანაც გვინდა და გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა, სიყვარულში ცუდი არაფერი არ არის, მტრობაში და სიბოროტეშია ყველაზე დიდი მინუსი, ამას უნდა დავუდგეთ წინ - არა სიყვარულს.
ნუ მოუკლავთ და ნუ ჩაუქოლავთ დედებს თავიანთ შვილებს, როგორი ცუდებიც არ უნდა ვიყოთ, ყველა დედას უყვარს თავისი შვილი - ისეთი როგორიც არის და მოდი, მან გადაწყვიტოს მოკლავს, ჩაქოლავს თუ გულში ჩაიკრავს მის შვილს, თქვენ ნუ გამოუტანთ ნურავის ნაადრევ განაჩენს და ნუ გაისტუმრებთ ამ ისედაც ნახევარ წუთიანი ცხოვრებიდან“, - წერდა ლიზა ქისტაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი“ - ლიზა ყენიას ემოციური პოსტი
🔵 „დედას მისი შვილი უყვარს ისეთი, როგორიც არის...“ - ლიზა ქისტაურის დედის ემოციური ინტერვიუ
🔵 „ეს არის ლიზასთან ბოლო საუბარი“ - კრისტი ლაბაძის ემოციური პოსტი
🔵 „თავს გაუფრთხილდით განსაკუთრებით ვინც სექსუალურ უმცირესობაში ხართ“ - სოფია სებისკვერაძე