Digest Logo

„პასუხი საკუთარ თავს უნდა მოვთხოვთ - ყველგან და ყოველთვის“ - გიორგი კეკელიძე

1678430952
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურობაზე, მათ ერთმანეთთან ურთიერთობასა და მიმართულებაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

🔵„რევოლუცია არ შედგება, არც დამხობა და არც ხელისუფლების ცვლილება, ერთი მარტივი მიზეზის გამო“... - რას წერს ნათია ბერიძე

„პასუხი საკუთარ თავს უნდა მოვთხოვთ - ყველგან და ყოველთვის.

იმაზე წუწუნი რომ ხალხი ბნელია და ბლა-ბლა-ბლა, როგორც ბებიაჩემი იტყოდა - გრამაფონშია. უკანასკნელ ოც წელიწადში, ჩვენ, ვინც ვფიქრობთ, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი ევროპაა და ევროპული ღირებულებები, ბევრი რამ დავაკელით. შევწყვიტეთ ან შევასუსტეთ ორი უმთავრესი რამ, რაც განმანათლებლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

1) მისიონერობა ანუ განსხვავებულთან ლაპარაკი 2) კითხვის დასმა საკუთარ თავთან ან სხვისი შენიშვნის მიღება - განვითარების აუცილებელი პირობა. და დაიბადნენ სტერილური მოლიბერალო პროლეკულტელები, კლასიკური სასარგებლო იდიოტების მომცრო კასტა, რომლებიც გაზეპირებული ფრაზებით დარბიან სოციალური ქსელის კედლიდან კედელზე და ხან თავისიანს და ხან სხვისიანს რაღაც დოგმებით ამუნათებენ.

ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: ძვირფასო და ყოვლად შესანიშნავო მეგობრებო, თქვენ გგონიათ რომ აი, გუშინ რომ სოფელში ვიყავი, მაგალითად – გიორგეთში ან ხვალ რომ წავალ – მაგალითადვე – საკურცე – მცხოვრები ადამიანები, ყოველდღიური ფიქრით, მაინცდამაინც ვინმეს დაჩაგვრას მიესწრაფვიან – არა, რა თქმა უნდა. ამ ხალხის დილაც და საღამოც – ყოველდღიური შრომაა, თავჩახრილი შრომა და ღიღინი. გადარჩენის და იმედის საქმე.

მაგრამ ისინი ჩვენ არ გვიცნობენ. ვარსებობთ და არც. თითქოს პარალალური სამყაროებია და რა გასაკვირია, რომ ის რაც უცხოა, მერე მტრულდება კიდეც – თუ ვინმე მონდომებულის მხრიდან, ამის „სურვილი“ დაიბადა.
ბევრი თქვენგანისთვის ქართული სოფლები ხევის ტრაფარეტით იწყება და შორაპნის წარწერით მთავრდება – ბათუმისკენ მიმავალ გზაზე. ზოგიერთი, უფრო მონდომებული, მანქანას სოფლის სკოლის შენობის შესასვლელთან გააჩერებთ, ფეხსაცმელზე ტალახი რომ არ წაგეცხოთ, საათიან ტრენინგს – „არა ძალადობას“ და „დიდება თანასწორობას” ჩააბულბულებთ, ოღონდ იქ შეკრებილ ხალხს კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებით. მერე ხელს არ იბანთ „იქაური“ საპნით, ძროხის სუნიანის დანაბანიაო (გგონიათ, ვიტყუები? – ვინც შეძლებთ, ცხადია, პიროვნების დასახელების გარეშე – ჩადით ხულოში და რომელიმე სოფლის მცხოვრები მოგიყვებათ) და იკითხავთ: „სადმე ახლოს ცოტა ისეთი, ნორმალური სასტუმრო არ არის, რომ დაძინება შევძლო?“

ამ ქვეყანას ერთამენთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა, ადამიანის ძებნა და განვითარება. გრძელი ამბავია? „მაი, როის იქნება?” იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ. უნდა დაველოდოთ? არა, უნდა ვიმოქმედოთ.
ჩემს წერილს სხვადასხვა სააგენტოში ექნება სხვადასხვა სათაური – ამოჩეხილი და ისეთი, როგორიც მათთვის საჭიროა. მიუხედავად უკიდურესი სიცხადისა, შეტრიალდება ქოთნის ყურად და ეს ყური იქირქილებს ისე, როგორც მას აწყობს. მაგრამ ახლა ეს ჩემთვის სულერთია. მე ერთი რამ ვიცი – ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა, უკეთესი იყოს. ამისთვის ვაკეთებ ძალიან, ძალიან ცოტას, თუმცა ვაკეთებ დღისით და ღამით. შეუსვენებლად. ამიტომაც ვწერ აქ იშვიათად და მით უფრო ტელევიზიით ნაკლებს ვლაპარაკობ. ეს უბრალოდ ჩემი გზაა – განა გამორჩეული ან უკეთესი – უბრალოდ ჩემი. სხვამ იმ გზით უნდა ეცადოს, რაც ჩემზე უკეთ შეუძლია“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ თავს, როდესაც სიტუაცია დაძაბულია“ - ლალი მოროშკინა

🔵„როგორ ეძინათ ნეტა ქვეყნის 78 მტერს - საბანი რომ წაიფარეს და მარტონი დარჩნენ სინდისთან ?“ - ბაია დვალიშვილი