საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ.
ერთ-ერთი ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილია, რომელიც ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და პატრიარქზე წერს.
მისი თქმით, ყველაფერი აიტანა, ბოლომდე გაუტეხელი, მართალი და ვალმოხდილი წავიდა მარადიულ საქართველოში.
„აღარ გვყავს ჩვენი პატრიარქი! გისამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელს!
მეგონა არასოდეს დაგვტოვებდა!..
მთელი საქართველოს იმედი და საყრდენი, სიბრძნის, სიკეთისა და ღვთიური სიყვარულის განსახიერება... უდიდესი მოღვაწე... ისტორიული ფიგურა... და ამასთან ერთად, თბილი, ახლობელი, უბრალო... წარმოუდგენელი მასშტაბის, დიადი საქმეების შემოქმედი... სამშობლოსთვის, დედა ეკლესიისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის დამაშვრალი...
ყველაფერი აიტანა, ბოლომდე გაუტეხელი, მართალი და ვალმოხდილი წავიდა მარადიულ საქართველოში... უდიდეს აღიარებასთან და საყოველთაო სიყვარულთან ერთად, ტალახი და ცილისწამებაც ხვდა წილად, უგუნურთა და დაუნახავთაგან... ესეც რა ღირსეულად აიტანა... ამაშიც როგორი სამაგალითო იყო... რამდენს უთქვამს, რა ბედნიერები ხართ, ცოცხალი წმინდანი გყავთ ქართველებს, თქვენი პატრიარქის სახითო...
აღარ გვყავს...!
თუმცა, მუდამ გვეყოლება... ვერავინ წაგვართმევს მის ღვაწლს, მის ბრძნულ დარიგებებს, ეპისტოლეებს, უმშვენიერესს საგალობლებს... ჭეშმარიტი სულიერი მამა დაკარგა საქართველომ და შეიძინა მარადისობამ... ვიცი, იქიდანაც ჩვენთვის ილოცებს, როგორც მთელი 49 წლის მანძილზე, მის საოცარ მოღვაწეობას რომ მოიცავს, აღსაყდრებიდან აღსასრულამდე...
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი ჩვენს დიდებულ პატრიარქს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!..!“, - წერს გია ბაღაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლევან საგინაშვილი: შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი, ვუსამძიმრებ საქართველოს