
„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და ცნობილი ფლორისტი ზურა შევარდნაძე საკუთარ გამომწერებს, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს სიახლეებს.
ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მის ბაბუას და მეზობელს იხსენებს, რომელსაც ოდესღაც 30 მანეთი ასესხა და დღემდე არ დაუბრუნებია:
„სულ მქონდა ფული. ჩემი ბავშვობისდროინდელ გურიაში დეიდები, მამიდები, ბიძები, ბებია-ბაბუები პატარებს ფულს ჩუქნიდნენ.
ერთ ზამთარს თოვლში გავცივდი და დიოგენ ვასაძემ ნემსებს თუ არ გაუკეთებთ, ვერ გადარჩებაო უთხრა დედას, საშინლად არ მინდოდა გაკეთება. ბაბუამ შემპირდა ყველა ნემსის გაკეთებაზე 5 მანეთიანს გაჩუქებო და დავთანხმდი.
საგულდაგულოდ ვაგროვებდი თავსახურიან ზღარბში. მოპოვებაზე და ზღარბში შეგროვებაზე უფრო დახარჯვა მიყვარდა, ეს თვისება ჩემებს ყველას ძალიან მოსწონდა და მახალისებდნენ. ბაბუა ამბობდა: ამ ბაღანას ფული სულ ექნება, სულ იშონის რახან არ ენანება და დახარჯვა უყვარსო..“.
სადაური ლოგიკაა არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ასეა, მასწავლა ცხოვრებამ. ვისაც დახარჯვა უყვარს იმას ეძლევა სამაგიერო რატომღაც. გასესხებაზეც არასდროს დავფიქრდებოდი.
თორმეტი წლის ვიქნებოდი, ჩვენმა ნათესავის ბიჭმა სულხანამ 30 მანეთი მესესხა.
გავხსენი ზღარბი ყულაბა და ჩავუთვალე. გავიდა დათქმული ერთი კვირა და ათიც, არ დამიბრუნა სულხანამ ვალი. ვიქადნებოდი გაუთავებლად, ვიჭაჭებოდი.. მიხმო დათიკო ბაბუამ თავრეჯულა მსხლის ძირას „დიეთხუო უნდა ბაუბა სულხანას, არაა სწორი და კაცის შესაფერი საქციელი შენ რომ შობი მაი..“.
„აა, ჩემი საქციელი არ ვარგა და იმის ვარგა ხომ კი?!".
„პენსიას რომ ევიღებ მე დაგიმატებ ველოსიპედის საყიდლად მაგ ოცდაათ მანეთს, დიეთხუე სულხანას.
კი ღირს კაცის გაცნობა ოცდაათი მანეთი, უხერხულია..".
დღემდე არ დაუბრუნებია სულხანას ჩემი ოცდაათი მანეთი, როცა ვხვდები უსაშველო უხერხულობა მიპყრობს და რა თქმა უნდა დათიკო ბაბუა მახსენდება, სულხანამ იგიც არ იცის, მისი ვალი დათიკომ ოცდაათი წლის წინ გადამიხადა“, - წერს ზურა შევარდნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: