Digest Logo

„პურს აცხობდა სახლში, 30 მარკა რომ დაეზოგათ... მაინც შიშით და ყვირილით ეღვიძებათ ადამიანებს“ - ამონარიდი წიგნიდან, რომელიც ილია თოფურიას დედაზე იწერება

1718784161
გიორგი კეკელიძე

ესპანეთში მოიხაზა ბოლო კონტურები წიგნისა, რომელიც მსოფლიოს დაუჯერებელ ისტორიას მოუყვება ქალზე, რომლის შვილიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქალზე, რომელმაც სოხუმიდან ალიკანტემდე დიდი და ტრაგიკული გზა გაიარა და ამ გამარჯვების თანაზიარი გახდა.

აღნიშნული წიგნი ინგა ბენდელიან-თოფურიაზე, UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას დედაზე იწერება.

წიგნიდან მიღებული ჰონორარის ნაწილი, ქართველი გმირის, აგვისტოს ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული, გიორგი ანწუხელიძის შვილებს დაენიშნებათ.

წიგნიდან ამონარიდს მწერალი, წიგნის ავტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ძნელია ემიგრანტის სიზმრის გამოცნობა, რადგან წიგნებში სხვანაირად წერია ეს ამბავი.

მწვანე ჭალა არ ესიზმრება ემიგრანტს, ფრთხილი ნიავით და გრილი ნაკადულით. იმ ნაკადულით, ქვაზე რომ დაჯდები, ფეხებს ჩაყოფ და მჭადს და ყველს შეჭამ. არც ხის სახლი მხრებზე თოვლით და მუცელში ბუხრით. თოვის და ცეცხლის ხმების საქმე ხომ იცით? ეგენი რომ შეერევიან, თუ უსმენ, სულ რომ შფოთვა გჭამდეს, მაინც ჩაგეძინება. არ ესიზმრება ემიგრანტს ასეთი ძილისპური.

წიგნებში წერია სამშობლოსგან შორს მძინართა სიზმრებზე ასე.

სიზმრები ამ წიგნებს არ კითხულობენ. სიზმრები მოდიან უბრალო სცენად შენი ძველი ბინის დაზეპირებული ოთახიდან, სადაც თხილის მოსავალზე ან გაფუჭებულ მაცივარზე ლაპარაკობ. ამ სიზმრებში ნოემბრის ბოლოა და სადღაც საღამოს შვიდის ათი წუთი. ჩანს ღუმელს მიფიცხებული და ოდნავ აქერცლილი შპალერი. ჩანს მაგიდაზე ლარნაკი ხელოვნური ყვავილით, რომელიც ბარემ ოცი წლის წინ აჩუქეს დაბადების დღეზე. ვის? აღარ გახსოვს. შეიძლება სულაც შენ. გამცვდარ ტახტზე მძინარი კატით და უმიზეზოდ ჩართული ტელევიზორით მოდიან სიზმრები. მოდიან სიზმრები ნაცნობი და უწყინარი სცენით, მაგრამ მაინც შიშით და ყვირილით ეღვიძებათ ადამიანებს - ყველაზე რთული ხომ ჩვეულებრივის სასწაულად და მიუწვდომლად ქცევაა.

ემიგრანტის ღამის გამოღვიძება ამ შეყვირებისაა და დილა - ამ გამოღვიძებაზე დარდის. ეს დარდი სულ არის. რადგან სიზმარი სულ არის, ღამეც და დილაც.

ემიგრანტობა ამგვარ დარდებთან ერთად ცხოვრების პროფესიაა. უცნაურ და სხვისთვის გაუგებარ ფიქრთან. შრომობ და ფიქრობ. შრომა საზღვრებს აქეთაა, ფიქრი - საზღვრებს იქით - სამშობლოში. თან ძნელია ასე და თან ადვილიც. ძნელი - ცხადია - რატომაც, ადვილი, იმიტომ, რომ იქ, სამშობლოში ვიღაც გეგულება, ვისთვისაც შრომობ. ვიღაც ან რაღაც. ან ადამიანი, ან ადგილი. ადგილი, სადაც საკუთარ თავს პირველად შეხვდი. გაიცანი. შეიყვარე ან შეიძულე.

ინგა პურს აცხობდა სახლში, 30 მარკა რომ დაეზოგათ და გადაედოთ. ასე გამოდიოდა მაშინდელი ანგარიშით ფქვილის ყიდვა და სახლში ცხობა. 30 მარკა რჩებოდა. მარტო ამ მარკებშიც არ იყო საქმე - დრანდაში ხომ საუკეთესო პური ცხვებოდა. თუ იმ საცხობს ოდესმე ჩაუვლიდი, მხოლოდ სუნი გასწავლიდა რეცეპტს. ჰოდა, ინგა დრანდულ პურებს აცხობდა ჰალეში. უცხოეთში რომ ხარ, სულ ხიდებს ეძებ სამშობლოსთან - ხან სიმღერაა ეს ხიდი, ხან ძველი ფოტო, ხან ძველ ჩანთაში შენახული უკვე ჟანგიანი გასაღები და ხან პურის სუნი. სახსოვართაგან უსასტიკესია სუნი. არც იბზარება და არც ცვდება – იქით გცვეთს და გბზარავს. სურნელი - ძნელად უხდება ამ სიტყვას – მეტისმეტად ანაზებს. არადა, სუნი მკვლელი რამაა - ცალკე ნაშრომია. არის გვიმრის სუნი. ახალმოჟლემილი ჩაის სუნი. კიდევ – თხის ნაკელის სუნი, სოფლის გზაზე რომ მიდიხარ და შორიდან გცემს. სველი ძაღლის სუნი, სახლის სუნი, ოთახით სავსე ჰაერის სუნი და სახლის სუნი, ოღონდ დიდი ხნის უნახავის. მაგრამ გბზარავს რამდენადაც, იმდენად განარჩუნებს ეს სუნი. ამიტომაც არ გაურბი და არ აძევებ - სულ ფიქრში გაქვს.
სოციალური დახმარება. მოკლევადიანი სამსახურები. შეგროვება. შეგროვება. შეგროვება. ხვალისთვის. ხვალისთვის.

ემიგრანტი ცხოვრობს ხვალ. ეს ხვალ კიდევ ისეთი მომავალია, თვე და წელიწადი რომ არ იცი - სადღაც თავისთვის დგას და რომ ღამდება და თენდება - არ მოდის. ხვალ - ნიშნავს სამშობლოს, იქ წასვლას, რაღაცის რემონტს, აშენებას, მეზობლებთან ამაყად ლაპარაკს, მაღაზიაში წელგამართული შესვლას და ამისთვის აგროვებ, აგროვებ. და წლებიც გროვდება, დარდიც, შიშიც, შეგროვებაა ემიგრანტად ყოფნა, შეგროვება“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:  

„21 წლისას შვილი მყავდა და ახლა უკვე 30 წლისაა, მეორე შვილი კი, ღმერთმა გამომიგზავნა, 43 წლის ასაკში გავაჩინე“ - ეკატერინე ანდრონიკაშვილი ოჯახზე

„ახლა რომ ამბავს გიყვებით, ეს არ მომიყოლია“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

„როცა მეკარე საკუთარი კარიდან გამოდის და მეტოქის საჯარიმოში ჩადის, ეს ნიშნავს იმას, რომ წირავს საკუთარ თავს ბოლომდე“ - ლევან კეჭაყმაძე