პროფესორი დიანა ჭანკოტაძე სოციალურ ქსელში უკრაინელი ქალის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც შვილებთან ერთად ფრანგების ოჯახში იმყოფება და მესამე ბავშვის მოლოდინშია.
„მანგრევს უკრაინის ისტორიები, მაგრამ ეს იყო უმძიმესი.
ამ დილით დამირეკა ერთმა მოხუცმა ფრანგმა. შევიფარეთ უკრაინელი დედა ორი შვილით, მესამეზეა ორსულად და უკრაინაში ბრუნდება ავტობუსით ითხოვს გამგზავრებას. ეგება დაელაპარაკოთ, რომ გადაიფიქროსო.
მიაწოდეს ტელეფონი.
რუსულად მიყვება ეს გოგო, რომ მისი ქმარი არის კრიმინალური პოლიციის უფროსი (შეგნებულად არ ვიტყვი სად) და რომ ომშია, ძლივს დაუთანხმებია ცოლი ქვეყნის დატოვებაზე. კიევში უნდა დავბრუნდე, მასთან ახლოს უნდა ვიყოთ, ოჯახთან ახლოს, აქ ვეღარ ვჩერდები და მოკლედ აუხსენით რომ სასწრაფოდ გამამგზავრონო.
ვცდილობ დავამშვიდო, ვურჩევ ბავშვების უსაფრთხოებაზე იფიქროს და ა.შ.
მისმენს და მეთანხმება თან, ბოლოს კი მეუბნება ისეთ რამეს რომ რასაც ჰქვია მართლა გავქვავდი ადგილზე.
„მე თვითონ მაქვს ეს ყველაფერი გამოვლილი ბავშვობაში, არ მინდა ჩემმა შვილებმაც ის გზა გაიარონ რაც მე, სამშობლო დატოვონ და წავიდნენ სხვა ქვეყანაში. არ არის ეს ადვილი დამიჯერეთ, ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება მწარედ ნანობდნენ ამ ნაბიჯსო. ომია თუ რაც არის ჩვენს ქვეყანაში უნდა ვიყოთ, გადავრჩებით და ნულიდან იქ მირჩევნია ცხოვრების დაწყება ვიდრე აქ, ამ უცხო ხალხშიო".
მაშინვე მიგრძნო გულმა და ვკითხე საიდან იყო, ის ომი სად იყო რასაც ბავშვობაში გაექცა.
საქართველოში, აფხაზეთშიო, მიპასუხა.
ქართული აღარ იცის, მაგრამ ან რად უნდოდა, რომ გაიგო ქართველი ვარ გული ამოუჯდა. ასე ტელეფონში, ის იქით ტიროდა, მე აქეთ.
ბოლოს ისევ იმ კარგმა ფრანგმა გამოართვა ტელეფონი, ავუხსენი ყველაფერი. ეს რა ნამდვილ ტრაგედიას მოვესწარიო- ტირილი წასკდა ასაკოვან ადამიანსაც. დღესვე წაიყვანენ სტრასბურგში, ავტობუსი პოლონეთამდე ჩაიყვანს, იქ კი დახვდებიან.
ღმერთმა მშვიდობა მისცეს“, - წერს დიანა ჭანკოტაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: