ხომ იცი ის მომენტი, ჩვენი ეგო რომ „გაიქაჩება“, რაღაცებს მაგრად დაგეგმავს და ჰგონია, რომ სიტუაციას აკონტროლებს? სინამდვილეში, თუ ჩვენი შინაგანი რიტმის და ბუნების წინააღმდეგ მივდივართ, ბუნების ყველაზე მთავარ კანონს ვარღვევთ - თვით შენარჩუნების და ენერგიის ბალანსის კანონს.
ჩვენი ტვინი და სხეული მილიონობით წლის ევოლუციამ ისეთ ზუსტ რადარად აქცია, რომელსაც მაგრად არ აინტერესებს შენი სოციალური სტატუსი, კორპორაციული იერარქია ან ის, თუ რას იტყვის მეზობელი. ის ცნობს მხოლოდ ერთ რამეს: უსაფრთხოებას და სასიცოცხლო ენერგიის სწორად ხარჯვას.
ჰოდა, როცა ეგო მართვის სადავეებს იგდებს ხელში და გვაიძულებს რაღაც ნიღბით ვიცხოვროთ, სხეული გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებს. ჩუმი პროცესი არაა... არამედ სერიოზული ფიზიოლოგიური ამბოხია, რომელიც მარტივად რომ ავხსნათ, ასე გამოიყურება.
პირობითად მართავ ურთულესი ინჟინერიის, უმაგრეს მანქანას. მთელი შენი ყურადღება მიმართულია გარეთ - რამდენად მაგრად ბზინავს საღებავი სხვების თვალში (ანუ შენი სოციალური ნიღაბი), რა სისწრაფით მიაქროლებ ამ მანქანას პრესტიჟულ ტრასაზე (შენი კარიერული რბოლა) და რას ფიქრობენ შენზე გვერდითა ზოლში მყოფები თუ ა.შ. ამ დროს კი, შიგნით, საჩვენებელ პანელზე საახალწლო ნაძვის ხესავით ციმციმებს ყველა გამაფრთხილებელი ნათურა: ძრავის ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარზეა, ზეთის წნევა დავარდა, ელექტრობა ხურდება... მოკლედ პი...
რას აკეთებს ამ დროს ადამიანი, რომელიც საკუთარი ბუნების წინააღმდეგ მიდის? იმის მაგივრად, რომ გზის პირას გააჩეროს, კაპოტი ახადოს და ძრავის ხმას მოუსმინოს, იღებს შავ „იზოლენტას" და პირდაპირ აკრავს ამ წითელ ნათურებს, თვალი რომ არ მოჭრას. მერე კი გაზს კიდევ უფრო მაგრად ადგამს. რეალურ ცხოვრებაში ეს „იზოლენტა“ არის მეოთხე ჭიქა ყავა ან ენერგეტიკული სასმელი, ქრონიკული დაღლა რომ გადავფაროთ; ალკოჰოლი თუ ა.შ. საღამოობით, შფოთვა რომ ჩავიკლათ; დაუსრულებელი „სქროლვა“ ტელეფონში, სიცარიელეს რომ გავექცეთ, ან თუნდაც ის „ტოქსიკური პოზიტივიზმი“, სარკის წინ რომ ვდგავართ, ან სელფს ვიღებთ და ა.შ. ა.შ.
და ვიმეორებთ „ყველაფერი კარგადაა“, როცა შიგნით სისტემა ინგრევა, მაგრამ ძრავს შენი აფირმაციები ფეხებზე ჰკიდია - ზეთი თუ არ აქვს, ლითონი ლითონს ეხახუნება და საბოლოოდ ეგ სისტემა უბრალოდ კი არ გაჩერდება, გადაიწვება და დაიბლოკება.
ის ქრონიკული შფოთვა, პანიკური შეტევები, აუხსნელი აგრესია რომ გვაქვს ხოლმე - ეგ სხეულის „კვამლის დეტექტორებია“. როცა ყოველდღე მიდიხარ სამსახურში, რომელიც გძულს, ან ხარ ურთიერთობაში, სადაც საკუთარ თავს კარგავ, ნერვული სისტემა ამას ისე აღიქვამს, თითქოს ოთახში ვეფხვი შემოგივარდა. ირთვება განგაში - სხეული უშვებს კორტიზოლს და ადრენალინს, გული გიჩქარდება, კუნთები გეჭიმება. რადგან ოფისში უფროსზე თავდასხმა ან ფანჯრიდან გადახტომა „ტეხავს“, ამ განგაშს შიგნით ვკეტავთ.
თვეების განმავლობაში სირენა ბოლო ხმაზე ღრიალებს და ჩვენ რას ვშვრებით? ცეცხლის ჩასაქრობად და ცხოვრების შესაცვლელად კი არ მივდივართ, ვიღებთ ჩაქუჩს და ამ დეტექტორს ვამსხვრევთ - ვსვამთ წამლებს სიმპტომის გასაქრობად და თან საკუთარ თავს „სისუსტეს" ვაბრალებთ. ცეცხლი კი ამ დროს ჩვენს იმუნიტეტს და ენდოკრინულ სისტემას საძირკვლიანად წვავს.
ნეირობიოლოგიურად რომ შევხედოთ, როცა ჩვენს ბუნებრივ ენერგიას არ ვიყენებთ, ტვინი იძულებულია კომპიუტერივით "ოვერქლოქინგის" რეჟიმში იმუშაოს. ფაქტობრივად, ენერგიას საკუთარი მომავლისგან ვიღებთ ვალად. თავს ვიტყუებთ, თითქოს ძალა გვაქვს, არადა სინამდვილეში თირკმელზედა ჯირკვლებს ვწუხვართ და სტრესის ჰორმონების ხარჯზე ვმუშაობთ. სხეულის ცვეთის მასტერკლასით ვართ დაკავებულები.
სისხლძარღვები ელასტიკურობას კარგავს, კუჭ-ნაწლავი ნორმალურ მუშაობას წყვეტს (აბა, განგაშის რეჟიმში საჭმლის მონელება ვის რაში აინტერესებს) და იმუნიტეტი ეცემა.
და როცა ადამიანი ამ ყველა სიგნალს ჯიუტად აიგნორირებს, სხეული ბოლო, ყველაზე რადიკალურ იარაღს იყენებს - საავარიო მუხრუჭს ეჯაჯგურება. კლინიკური დეპრესია, აპათია, სიცარიელე, რომ დროებით მაინც მოხდეს სისტემის განიავება, მაგრამ ამ დროს სადღაც გავრბივართ, რადგან სიცარიელეს ვერ ვუძლებთ, და კიდევ უფრო მაგრად ვწვავთ სისტემას... და მოდის ცნობილი „გადაწვა" , რომელიც ხშირად უბრალოდ ნერვული სისტემის უძველესი რეაქციაა - „გაყინვა".
როცა სხეული ხედავს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, გაქცევა არ შეგიძლია და შენი გიჟი ეგო მაინც კატასტროფისკენ მიგაქანებს, ტვინი უბრალოდ დენის წყაროს თიშავს. ლოგინიდან ვეღარ დგები? ეგ იმიტომ, რომ სხეულმა იცის - რომ ადგე, ისევ იმ ტოქსიკურ სცენარში უნდა შეყო თავი. ინტერესს და ემოციებს კარგავ? იმიტომ, რომ სისტემას შენი ყალბი ენთუზიაზმის შესანარჩუნებლად ელემენტები დაუჯდა. ის სრული სიცარიელე, რასაც ამ დროს გრძნობ, სისტემის "რესტარტის" მცდელობაა, რომ ყველა გარე და ვირუსული პროგრამა იძულებით წაშალოს.
საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წასვლა უბრალოდ დისკომფორტი კი არა, ნელი ფიზიოლოგიური თვითმკვლელობაა. სხეულს ვერასოდეს მოატყუებ, ის არის ერთადერთი ინსტანცია, რომელიც შენს რეალურ ისტორიას ინახავს და ადრე თუ გვიან, ყოველთვის ითხოვს სიმართლეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არის წიგნი ჩვენი ყველაზე იაფი თერაპია?
⭕კარმული პორტალი იხსნება: დღე, როდესაც წარსული პასუხებს გვიბრუნებს - ასტროლოგი 9 ივლისის ენერგიებზე