მხატვრული ლიტერატურის კითხვა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება ან დროის გაყვანის საშუალება არ არის. ფსიქოთერაპიულ კონტექსტში მას ხშირად განვიხილავთ, როგორც ბიბლიოთერაპიას. მძლავრ ინსტრუმენტს თვით პოვნისა და მენტალური ტრანსფორმაციისთვის.
მხატვრული ლიტერატურა გვაიძულებს, შევიდეთ სხვისი (პერსონაჟის) კანში, ვიგრძნოთ მისი ტკივილი და გავიგოთ მისი მოტივაციები. ეს ავითარებს უნარს, რეალურ ცხოვრებაშიც უკეთ წავიკითხოთ სხვების ემოციები და არავერბალური სიგნალები.
ხშირად, როცა საკუთარ ტკივილს ან შიშს სახელს ვერ ვარქმევთ, პერსონაჟის განცდებში ვპოულობთ მის ანარეკლს. ეს გვეხმარება რეპრესირებული (ჩახშობილი) ემოციების უსაფრთხოდ გამოტანასა და გადამუშავებაში.
კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ვკითხულობთ სცენას, სადაც პერსონაჟი დარბის ან განიცდის შიშს, ჩვენს ტვინში ზუსტად ის უბნები აქტიურდება, რაც რეალური მოძრაობისას ან შიშისას. ტვინისთვის ეს ერთგვარი უსაფრთხო „სავარჯიშო პოლიგონია“.
მინდა გაგიზიაროთ რეკომენდაციები წიგნების კონკრეტული ფსიქოლოგიური გამოწვევების, შინაგანი კრიზისებისა და მოთხოვნილებების მიხედვით:
1) ეგზისტენციალური კრიზისი, ცხოვრების საზრისის ძიება და ტრავმა - როდესაც ადამიანი დგას კითხვის ნიშნის წინაშე „ვინ ვარ მე?“ ან „რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?” ფსიქიკას სჭირდება საყრდენი, რომელიც აჩვენებს, რომ ტანჯვასაც კი შეიძლება ჰქონდეს ტრანსფორმაციული ძალა.
ვიქტორ ფრანკლი- „ადამიანის საზრისის ძიებაში“ (ეს დოკუმენტური პროზაა, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური ეფექტი ფუნდამენტურია).
ჰერმან ჰესე- „სიდჰარტჰა“ ან „დემიანი“ (ჰესეს შემოქმედება, რომელიც ძლიერ არის გაჯერებული იუნგიანური არქეტიპებით, იდეალურია ინდივიდუაციის პროცესისთვის საკუთარი „ჩრდილის“ მიღებისა და შინაგანი მთლიანობისთვის).
2) ურთიერთობების კრიზისი, მიჯაჭვულობა და ილუზიების მსხვრევა - როდესაც ადამიანი განიცდის პარტნიორულ კრიზისს, ემოციურ დამოკიდებულებას ან იმედგაცრუებას, მნიშვნელოვანია იმ მექანიზმების დანახვა, თუ როგორ ვაგებთ საკუთარ სურვილებს სხვებზე.
გაბრიელ გარსია მარკესი- „სიყვარული ჟამიანობის დროს“ (წიგნი გენიალურად აშიშვლებს სიყვარულის სხვადასხვა ფორმას. ნევროზული, აკვიატებული მიჯაჭვულობიდან დაწყებული, მომწიფებულ, მშვიდ და მიმღებელ კავშირამდე).
ალენ დე ბოტონი- „სიყვარულის კურსი“ (რომანი, რომელიც ფსიქოთერაპიული სიზუსტით ანგრევს რომანტიკულ მითებს და გვიჩვენებს, რომ სიყვარული არის არა მხოლოდ გრძნობა, არამედ უნარი და ყოველდღიური შრომა).
3) ემოციური გამოფიტვა, სტრესი და რესურსის დეფიციტი - როდესაც ფსიქიკა გადატვირთულია ნეგატივით, სტრესით და სჭირდება „დამიწება“, უსაფრთხო სივრცე და შინაგანი ბავშვის გამოკვება.
ტოვე იანსონი - „მუმინების“ სერია (ან ნებისმიერი მაღალი ხარისხის ზღაპართერაპია. ეს ტექსტები მუშაობს უშუალოდ არქეტიპულ უსაფრთხოებაზე. მუმინების სახლი არის სიმბოლო დედობრივი მიმღებლობის, სადაც ნებისმიერ უცნაურ სტუმარს იღებენ ისეთს, როგორიც არის).
რეი ბრედბერი - „ღვინო დენდელიონებისგან“ (შესანიშნავი ინსტრუმენტი გეშტალტ-თერაპიული აქტუალიზაციისთვის „აქ და ამჟამად“ ყოფნის, წვრილმანებით ტკბობისა და სიცოცხლის შეგრძნების აღსადგენად).
მხატვრული ლიტერატურის კითხვისას მთავარია არა უბრალოდ სიუჟეტის დევნა, არამედ დაკვირვება საკუთარ სხეულებრივ და ემოციურ რეაქციებზე: რომელმა პერსონაჟმა გამოიწვია ჩემში ბრაზი? სად ვიგრძენი სევდა? სწორედ ეს რეაქციებია გასაღები ჩვენს არაცნობიერში შესასვლელად.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კარმული პორტალი იხსნება: დღე, როდესაც წარსული პასუხებს გვიბრუნებს - ასტროლოგი 9 ივლისის ენერგიებზე