13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მომღერლის ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე გამოეხმაურა და 13 წლის მარიტას ემოციური პოსტი მიუძღვნა.
„რა უნდა დავწერო, რა უნდა ვთქვა ისეთი, რომ ამ ანგელოზი ბავშვის მშობლები ვანუგეშო არაფერი კი არა ვერაფერი, რადგან მეც იგივე მდგომარეობაში ვარ. მარტო ერთი კითხვა მიტრიალებს თავში „რატომ” ? რატომ ხდება ამდენი უბედურება??? ჯერ „მომავლის ბიჭი” პატარა კიტა, მერე ლევანიკო, გუშინ ლაშა, დღეს მარიტა და ამ ოთხ, თუ ხუთ თვეში კიდევ რამდენი შეწყვეტილი სიცოცხლე.
რატომ? რატომ? რატომ? თითოეულ მათგანი როგორი წარმატებული იყო !!! რამდენს გააკეთებდნენ, რამდენ სიხარულს მოუტანდნენ თავის ოჯახს და ქვეყანას!!!
რა ჰქვია ამას ...ბედისწერა? ეს ეწერათ? ასე უნდა დავეტოვებინეთ? სიკვდილო, თუ შორიდან გვიყურებ და იღიმები, გაიმარჯვე არა??? ჩვენ გასაგებია გაგვამწარე, მაგრამ ამ ანგელოზებს რას ერჩოდი... დაგვამარცხე არა??? ასეა, ამას ჰქვია „შეწყვეტილი სიმღერა“, - წერს მელიტა ფურცელაძე.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
ამავე თემაზე:
🎥 „10 წუთით ადრე, სანამ ის ჩვენ დაგვტოვებდა“ - რა კადრებს ავრცელებს მარიტა მეფარიშვილის მეგობარი