Digest Logo

„რა მიზნით დაიბარეს უბნის ბიჭებმა შუაღამისას საქმის გასარჩევად? რატომ შეასხა ტრაგედიამდე სახეში აქაფებული „რედბული“?“ - რას წერს ზაირა მიქატაძე საგარეჯოს ტრაგედიაზე

1674658092
ზაირა მიქატაძე

საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. პირი, რომელმაც ღამით მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა და 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ნოდარ ათუაშვილი გახლდათ.

👉ზაირა მიქატაძე ნოდარ ათუაშვილის დაკრძალვაზე 

მომხდარს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე გამოეხმაურა და სამართლიანი გამოძიება მოითხოვა. სასამართლოს მოუწოდა, რომ გარდაცვლილ ათუაშვილს ხელი არ შეაწმინდონ და ყველაფერი გამოააშკარაონ.

გარდა ამისა, ზაირა მიქატაძე ამტკიცებს, რომ სასტიკ მკვლელობას წინ კამათი უძღოდა. მისი თქმით, უბნის ბიჭებმა გვიან ღამით ქუჩაში ნოდარ ათუაშვილი დაიბარეს და მას სახეში ენერგეტიკული სასმელი „რედბული“ შეასხეს.

„ჩემს გუშინდელ პოსტთან დაკავშირებით საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის თაობაზე უამრავი ადამიანი დამიკავშირდა და გარკვეული დეტალები მომიყვა. დარწმუნებული ვარ, ეს ინფორმაციები ეცოდინება გამოძიებასაც.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, არამც და არამც არ შეახოცოს ხელი გარდაცვლილ ათუაშვილს. თუ ეს საქმე მივფარცხეთ, ხვალ იგივე სატკივარი გამოგვიჩნდება. აქვე შორეულ წარსულში მომხდარ ერთ ტრაგიკულ შემთხვევასაც გავიხსენებ.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და უნივერსიტეტში მივიჩქარი. იმ დღეს ჩემი ფაკულტეტის მონაწილეობით „კავეენი“ ტარდებოდა. მთელი სტუდენტობა იქ იყო. ლაბორატორიის მხრიდან ავაჭერი ეზოს და ვხედავ, ჩემგან 50 მეტრში ბიჭები შეკრებილან და ჩოჩქოლობენ. ერთ-ერთს სახანძრო კიბეზე გადაეწვინა ერთი ბიჭი. თვალი არ მომიშორებია, ისე გავაგრძელე სიარული. უცებ გასროლის ხმა გავიგე. წამში აიშალნენ და გაიქცნენ. სანამ დაჭრილი შემოტრიალდებოდა, მანამდე მასთან გავჩნდი და წელში შევუდექი. ხელში გაშლილი დანა ეჭირა, "ლისიჩკას" რომ ეძახდნენ. ეს დანა შენთან იყოსო, ძლივს ამოილუღლუღა. იმის შემდეგ რამდენიმე წუთი იცოცხლა და ხელში ჩამაკვდა. იცით, რატომ გავიხსენე ეს ფაქტი? იმ ბიჭს ეგონა, ამ დანის გულისთვის პასუხს მაგებინებენო და მე იმიტომ მომცა დასამალად. არ ვიცი, დაჭრიდა თუ არა იგი თანამოჩხუბარს, მაგრამ ფაქტია, რომ გაშლილი დანა მის სხეულზე ჰქონდა მიბჯენილი.

მისი სიკვდილი ჩემთვის ერთი ტრაგედია იყო, მაგრამ დღეს ცივი გონებით რომ ვუყურებ, შესაძლოა, თვითონ გამხდარიყო მკვლელი, რომ დასცლოდა. აქედან გამომდინარე, მინდა, პარალელი გავავლო საგარეჯოს ტრაგიკულ ღამესთან და ვიკითხო? - რატომ და რა მიზნით დაიბარეს უბნის ბიჭებმა შუაღამისას ნოდარ ათუაშვილი საქმის გასარჩევად?! რა უნდა მომხდარიყო საქმის გარჩევის დროს და რით შეიძლებოდა დასრულებულიყო იგი?! რატომ გახდა ნოდარ ათუაშვილი უბნის ბიჭების დაცინვის ობიექტი?! ვინ და რატომ შეასხა მას ამ საშინელ ტრაგედიამდე სახეში აქაფებული "რედბული"?! რატომ გააყოლებდნენ ხოლმე მას დამცინავ მზერას, როცა უბანში გაივლიდა?! რატომ ეძახდნენ „ჩმორს“ და საერთოდაც, რა ურთიერთობა ჰქონდათ მასთან, ან რა იცოდნენ მის შესახებ ისეთი, რამაც მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაუჩინათ?! რატომ მალავდნენ მეზობლები სასაკლაოს დატრიალებამდე მომხდარი ჩხუბის ფაქტს?! რისი დამალვა უნდოდათ მათ და ვისთან და რასთან მიიყვანდა გამოძიებას ეს დამალული სიმართლე?! თუკი მხოლოდ ფსიქიკური მდგომარეობა იყო ნოდარ ათუაშვილის გადარევის მიზეზი, რატომ იძახდნენ "ავადმყოფი" კაცის გვამზე, სანაგვეზე გადააგდეთ, ან ძაღლებს მიუგდეთ საჯიჯგნათო?! პირველ რიგში ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, რომ გავიგოთ, მართლა გიჟი იყო იგი თუ ძალით მიიყვანეს მკვლელობამდე და თვითმკვლელობამდე?!

რაც შეეხება დანაშაულის პრევენციას, სად იყო სამეზობლო ან სამართალდამცველი ორგანოები, როცა ათუაშვილი იარაღითა და ტყვია-წამლით მარაგდებოდა?! სად იყო სამეზობლო მაშინ, როცა მისი სახლიდან წივილ-კივილის ხმა გამოდიოდა და ცოლს მოკვლით ემუქრებოდა?! ჰქონდა თუ არა მას შემაკავებელი ორდერი გამოწერილი და თუ არ ჰქონდა - რატომ?! და ბოლოს და ბოლოს, თუკი კაცი ეჭვიანი და ჭკუიდან გადასული იყო, რატომ ეუბნებოდნენ უბნის ბიჭები, შენს ბ.... ცოლს მიხედეო?! არის თუ არა ეს ადამიანის ძალით გადარევის მცდელობა იმის ნაცვლად, რომ "მოძალადე" ქმარს, მამას თუ მეზობელს პირიქით, მორიდებოდნენ?! იმედი მაქვს, გამოძიება ამ კითხვების პასუხებს ბუნდოვანს არ დატოვებს. მე, ჩემი მხრივ, ვაგრძელებ გამოძიებას იმ მუქარებისა და ლანძღვა-გინების მიუხედავად, რაც ჩემი მისამართით წამოვიდა ამ დღეებში. სიმართლე ხშირად ტყვიის ქვეშ მიწერია და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება“, - წერს ზაირა მიქატაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „მინდა მივმართო საზოგადოებას, გამოიჩინონ მეტი ემპათია დეპრესიაში მყოფი ადამიანების მიმართ“ - გიორგი კეკელიძე

🔵„ჩემო ერთადერთო, უშენოდ ერთი დღე არ მინდა, სიგიჟემდე მიყვარხარ“ - ვის ულოცავს ინგა გრიგოლია დაბადების დღეს

🔵„განათლებული იდიოტი. ლიტერატორი და ისტორიის არმცოდნე თავს ვერ ანებებს ლაქლაქს და ყველა ფასეულობის გადაფასების სურვილს“ - ილია ჭიღლაძე