შოვში, სტიქიისგან გამოწვეული ტრაგედიის ადგილას, სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დროს, თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა გარდაიცვალა, რამდენიმე დღის წინ კი შემთხვევის ადგილზე პოლიციელიც გარდაიცვალა.
მომხდარს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა ეხმაურება და წერს, რომ ადგილზე მაშველები უმძიმესი სანახაობის მომსწრენი არიან.
„მეორე ადამიანი დაიღუპა უკვე შოვში, ე.წ. სამაშველო სამუშაოების და რეალურად კი, ცხედრების და ცხედრების ნაგლეჯების მიწაში ძებნისას.
ორივე – ახალგაზრდა.
ორივე, ოფიციალური, წინასწარი მონაცემით, გულით!
ისინი არ წასულან არც ჯარში და არც პოლიციაში მეწყერში ადამიანების ნარჩენების მოსაძებნად! ასეთ სამუშაოებს სჭირდება შესაბამისი გადამზადება, და ნება. ყველა არ არის მზად ასეთი სამუშაოს შესასრულებლად! – და შემოწმების გარეშე ასეთ სამუშაოზე გაშვება – დანაშაულია.
ამიტომ იყო საჭირო პროფესიონალთა დახმარება და ისიც განსაზღვრული გრაფიკით.
და თუ რომელიმეს ანამნეზში გულის, სისხლძარღვების პრობლემები ჰქონდა, ან თუ რომელიმე შედგენილი გრაფიკის (რაც უნდა არსებობდეს) შესაბამისად არ მუშაობდა – ესეც დანაშაულია.
რა სასწრაფო დახმარების მანქანა, ხალხო, ისინი იქ ბავშვის თითებს იღებენ მიწიდან, ადამიანის სხეულის გახრწნილ ნარჩენებს, წარმოდგენა არ გაქვთ, რა სამუშაოს შესრულება უწევთ, ჩვენ აქ დუდაშვილის თოჯინიან ფოტოს ვდებდით და ვტირითო, ვწერდით და ისინი, დუდაშვილთან ერთად თხრიდნენ მიწას პატარა ცხედრების საპოვნელად.
გუტაშვილების ოჯახი, ჩვენ ფეისბუქზე გამოვიტირეთ და იმათ – ადგილზე და ასე, არაერთი...
სასწრაფო დახმარების მანქანა კი არა, იქ, ადგილზე უნდა იყოს მედ. პუნქტი გახსნილი, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრიც ადგილზე უნდა ჰქონდეთ და მუდმივ, სავალდებულო შემოწმებას უნდა გადიოდნენ, ისევე როგორც, მუდმივ დაკვირვებას ფიზიკურ მონაცემებზე.
და აქ იმას წერენ, მაშველს პურს უფასოდ აძლევენ მაღაზიაშო რაჭაშიო.
რა პური და მაღაზია, ხალხო, იქაურობა ახლა მუშაობის პარალელურად, სავსე უნდა იყოს მედიკებით, ექსპერტებით, ჰუმანიტარული ტვირთებით.
33 ადამიანის გვამის პოვნისას, რომ 2 ადამიანი გიკვდება, არც ერთი რომ არაა მაშველი, არც ერთი რომ არ დაღუპულა უბედური შემთხვევით, ეს ვერ იქნება დამთხვევა!და იმ 200–ზე მეტი გადარჩენილიდან ვის გული სტკივა და ვის სული, ვინმემ გამოიკვლია? – მე გეტყვით, არა!“ - წერს თამო კეშელავა.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: