
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ფიქრების შესახებ საუბრობს.
როგორც თავად ამბობს, ეს არის თემა, რომელზედაც საჯაროდ არასდროს არავინ საუბრობს, არადა ყველა იცნობს ამ ფენომენს და უმრავლესობაში შიშს და სირცხვილს იწვევს:
„ეს არის თემა, რომელზედაც საჯაროდ არასდროს არავინ არაფერს წერს თუ ამბობს. არადა ყველა იცნობს ამ ფენომენს და უმრავლესობაში შიშს და სირცხვილს იწვევს ის. უფრო მეტიც - ბევრი იტანჯება წლობით, ჩუმად, მარტო, რადგან თავი მონსტრი, ამორალური, არანორმალური ჰგონია.არადა სიმართლე სულ სხვანაირია.
ამ პოსტის თემაა შემოჭრილი, ინკლუზიური ფიქრები, უკონტროლო, უცენზურო, აბსურდული, კრიმინალური შინაარსით. დღე-ღამეში ადამიანის ტვინს შეუძლია აწარმოოს რამდენიმე ათეული ათასი ფიქრი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩვენთვის შეუმჩნეველი, ანუ ვერ აღწევს ჩვენ ცნობიერებაში. ის ფიქრები კი, რომელიც ცნობიერი ხდება, არ არის ფაქტები, არამედ ნეიროფიზიოლოგიური გაელვებები.
ხშირად მიზიარებენ ხოლმე ადამიანები ნეგატიურ, გროტესკულ, ეგზოტიკურ, ხანდახან სრულიად სადისტურ ფიქრებს და ჰგონიათ, რომ საშინელი ადამიანები არიან, რადგან ასეთი რამ მოსდით თავში.
ხშირი მაგალითები: „ბაქანზე ვიდექი და გავიფიქრე, მატარებლის წინ ჩახტომა“, „სახურავზე ვიყავით და ვიფიქრე, ახლა ამას ხელი რომ ვკრა“, „დანა მეჭირა და შემეშინდა, არ ჩავირტყა მუცელში -მეთქი“, „ახლა ეს ორსული ქალი რომ წავაქციო“, „დეიდაშვილს რომ ძუძუზე მოვკიდო ხელი“, „ძმა/და რომ მანახვა შიშველი“ და ასე შემდეგ.
ასეთი ან მსგავსი ფიქრები ყველას გვქონია, გვაქვს ან გვექნება, სულ ყველას. უბრალოდ ასე ღიად ამ თემაზე არავინ საუბრობს. მე უბრალოდ კონფიდენციალურად მიზიარებენ ხოლმე და მეც, რომ სიმამაცე შევმატო, ვუმჟღავნებ ხოლმე უცენზუროდ ჩემს იმწამინდელ ფიქრ-ელვებს ჩემს პაციენტებს, რაც ხშირად გულიანი სიცილით მთავრდება.
მოკლედ, ჩაიბეჭდე ეს ტვინში: ფიქრები არ არის ფაქტები და შენ არ ხარ შენი ფიქრები, არასდროს არ გააკეთო იდენტიფიცირება მსგავს ფიქრ-ელვებთან. ისინი შენი კონტროლის, ნების, სურვილის მიღმა მოქრიან და მყისიერად უჩინარდებიან.
ფიქრი რომ გახდეს ფაქტი, ის უნდა იქცეს საქციელად და ამ პროცესში ჩართული არის კომპლექსური ინგრედიენტები: მოტივი, მოტივაცია, ნება, ვოლიცია და რამდენიმე უზენაესი ნევროლოგიური ფუნქცია.
ვიმეორებ: შენ არ ხარ შენი ფიქრები და როცა შემოგიტევს ზემოხსენებული მაგალითებიდან ფიქრ-ელვები, გაიღიმე და იკაიფე საკუთარ ტვინზე, მის აბსურდულ მუშაობის მექანიზმზე. სერიოზულობა ხანდახან მხოლოდ სერიოზულ პრობლემებს ქმნის!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ასაკი მხოლოდ ციფრებია...“ - კრისტი ყიფშიძის სექსუალური ფოტოები სოცქსელს იპყრობს