ასტროლოგი ხათუნა ნოელი „ნეგატიური კონფორმიზმის“ მექანიზმსა და ცრუ ამბოხზე საუბრობს.
მისი თქმით, უმრავლესობის საწინააღმდეგო გზის არჩევა ხშირად საკუთარი განსაკუთრებულობის დამტკიცების მცდელობა და დამარცხების შიშია.
ხათუნა ნოელი აღნიშნავს, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება სხვების ჯინაზე მოქმედება კი არ არის, არამედ საკუთარი მიზნების გაცნობიერება და არჩეულ გზაზე პასუხისმგებლობის სრული გააზრებაა:
„ნეგატიური კონფრომიზმი“ ანუ მე სხვანაირად მოვიქცევი.
როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ უმრავლესობის აზრი ან წესები მის თავისუფლებას ზღუდავს, მას ავტომატურად პროტესტის გრძნობა უჩნდება. უმრავლესობის საპირისპიროდ წასვლა კი თავისუფლების ილუზიას ქმნის.
აჰა, ყველა მარჯვნივ წავიდა? მაშინ მე მარჯვნივ გავუხვევ!
საბოლოოდ კი გამოდის, რომ მიმართულებას მაინც სხვები გკარნახობენ. რადგან შენ ჯერ სხვებს შეხედე, რას გააკეთებდნენ და მხოლოდ მერე გადაწყვიტე, თვითონ როგორ მოიქცევი. ორიენტირად ესე იგი ისევ „სხვები“,„ისინი“ რჩებიან.
ხანდახან ეს მასაში ათქვეფის შიში, მაშინაც კი, როცა მარჯვნივ გზა უკეთესია, ხდება მარტივი გზა საკუთარი განსაკუთრებულობის დასამტკიცებლად.
ხანდახან უბრალოდ იმას აჩვენებს, რომ ზრდასრულობის მიუხედავად, ადამიანი მოზარდის გარდატეხის ასაკშია ჩარჩენილი, როდესაც მშობლების წინააღმდეგ ამბოხი მისი პიროვნების ჩამოყალიბების ნაწილი იყო.
არადა, ფაქტია, რომ რასაც ებრძვი და რისიც გეშინია, სწორედ ის გმართავს!
ჭეშმარიტი თავისუფლება მარჯვნივ ან მარცხნივ წასვლაში კი არ არის, არამედ იმის გაცნობიერებაში, თუ საით გინდა წასვლა შენ.
ნამდვილი დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ თუ ყველანი მიდიან მარჯვნივ და შენც გჭირდება მარჯვნივ წასვლა, მიჰყვები მათ ყოველგვარი ეგოსა და სირცხვილის გრძნობის გარეშე. ხოლო თუ შენი გზა მარცხნივაა, მიდიხარ მარცხნივ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცო, არამედ იმიტომ რომ შენი მიზანი იქაა.
საბოლოოდ საქმე სწორედ მიზნის ქონა-არქონაშია.
თუ ადამიანს არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები, სწორედ მაშინ ხდება სხვების ჯინაზე მოქმედება ან, პირიქით, ბრმად მიყოლა. როცა საკუთარი კომპასი არ გაქვს, შენს მიმართულებას მთლიანად გარემო განსაზღვრავს.
როდესაც ადამიანს არ აქვს მიზანი და პატარა ბავშვის პოზიციაში რჩება - არაფერს ირჩევს, არც არაფერზე აგებს პასუხს. თუ რამე ცუდად წავა, ყოველთვის შეგიძლია დააბრალო მშობლებს, მთავრობას, პარტნიორს ან იმ სხვებს, რომლის ჯინაზეც იმოქმედე. ვიღაცის დადანაშაულება ბევრად უფრო იოლია და კომფორტული, ვიდრე საკუთარ თავთან აღიარება, რომ რაღაც ავირჩიე, მე ვერ შევძელი და ეს ჩემი პასუხისმგებლობაა.
თუ მიზანი არ გაქვს, ხომ ვერც ვერასდროს დამარცხდები.
ასე იქმნის ადამიანი ამბოხებულის, ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ წასულისა და თავისუფალის ილუზიას. თუმცა პარადოქსულად, ის კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება გარემოზე, ვიდრე ის, ვინც არჩევანი გააკეთა“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: