ქართველი ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარი ცხოვრების წესზე, ბაღის ფილოსოფიასა და იმ „დაუწერელ წესებზე“ საუბრობს, რომლებსაც საზოგადოება ხშირად ახვევს თავს წარმატებულ ადამიანებს. შევარდნაძე განმარტავს, რომ არ აპირებს სხვისი გემოვნებით ცხოვრებას და საზოგადოებას საკუთარ თავში ჩახედვისკენ მოუწოდებს.
ნახეთ, რას წერს „გარდენიას“ დამფუძნებელი პიროვნულ საზღვრებსა და შრომის ფასზე:
„ვცხოვრობ ისე როგორც მინდა, ვახერხებ და შემიძლია. მომყავს ის მცენარე, რომელიც მინდა და ვყიდი იმ ფასად რა ფასადაც მიმაჩნია რომ უნდა გავყიდო. ჩემს ბაღში შესასვლელი ბილეთიც 5 ლარი მიღირს და ასე ვყიდი. მაქვს ჩემი ინტერესები, ემოციები და იდეები, ზოგი საინტერესო, ზოგი ნაკლებად საინტერესო.
მაქვს ჩემი გემოვნება, სტილი, დამოკიდებულებები და აზრი, ჩემთვის ბუნებრივი სხვისთვის შეიძლება არა მისაღები, ამაზეც მე ვიდარდო?
მყავს ბევრი მოსწავლე, ზოგი ძალიან ნიჭიერი, ზოგი ნაკლებად.
ჩემს ბაღს ჰყავს ბევრი სტუმარი და გულშემატკივარი, ზოგი გულმხურვალე ზოგი ნაკლებად.
ჩემი ბაღის კაფეში გემრიელი, ბუნებრივი კერძებია, ზოგი ძალიან გემრიელი ზოგი ნაკლებად.
მაქვს გადაცემა ჩემთვის ძალიან ეროვნული, კეთილი და ადამიანური, ვიღაცისთვის არაა ალბათ ასე, ამაზეც მე ვინერვიულო?
ვწერ ჩემი ბაღიდან ვიდეოებს, ისე როგორც შემიძლია და ვახერხებ, ბევრი მომწონებელი მყავს და ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს რა ვქნა?
საღამოობით პატარა ტექსტებს ვწერ ისე, როგორც შემიძლია, მწერლობაზე და ამისთანებზე პრეტენზია არ მაქვს. ჩემი წიგნები მხოლოდ ჩემს ბაღში იყიდება და არა წიგნის მაღაზიებში, ცუდია ამაში რამე?
მიყვარს ჩემი ქვეყანა, ხალხი და არსად აქაურობის გარდა არ წარმომიდგენია ცხოვრება, ეგება ეგეც არ მოსწონს ვინმეს არ ვიცი.
ჩემი საქმე და საკეთებელი მიყვარს უსაშველოდ, ზოგჯერ ზომაზე მეტადაც, ვისი რა საქმეა?
ვცხოვრობ ისე როგორც ეს მე მინდა და შემიძლია!
თქვენ იცხოვრეთ ისე როგორც თქვენ გინდათ და შეგიძლიათ, დაგიშალათ ვინმემ, გაიძულათ ვინმემ რომ მოგეწონოთ, გაიძულათ ვინმემ რომ ესტუმროთ ჩემს ბაღს, იყიდოთ 5 ლარიანი ძვირი ბილეთი, შეიძინოთ ნერგები ძვირად?
თქვენ დათესეთ, მოიყვანეთ და გაყიდეთ იაფად, ან დაარიგეთ უფასოდ როგორც მე მიმითითებს ზოგიერთი.
გნებავთ საპონი მოხარშეთ, გნებავთ ქარგეთ და ქსოვეთ, გნებავთ ჩაი გრიხეთ, გნებავთ თიხის ქოთანი აკეთეთ, თესეთ, რწყით, აქუჩქუჩეთ, კონცერტები და ქორწილები მოაწყვეთ და აიღეთ ამ საქმეში გასამრჯელო, გნებავთ ძვირი და გნებავთ სულ არა.
გნებავთ სულ არ აკეთოთ არაფერი და მარტო სხვისი ჭკუის სწვლებით იცხოვრეთ, ეს უკვე ჩემი საქმე აღარაა.
ცოტა დაფიქრდით სანამ ჯერერგაგონილ, ყურში არშესაშვებ კომენტარს დაწერთ, ეგება თქვენშია პრობლემა და არა მარტო ჩემში. ეგებ თქვენ უფრო უზრდელი ხართ ვიდრე მე, ეგებ უფრო აუტანელი თქვენი საქციელია ვიდრე ჩემი.
მე ვცხოვრობ ისე როგორც მე შემიძლია და ვახერხებ!“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იუდას ღალატის დღე – ქრისტიანული სამყაროსთვის მძიმე სიმბოლური თარიღი
⭕ ასტროლოგიური მანიკიური აპრილისთვის - თაკო მელიქიშვილის რეკომენდაციები