ბოდიშის მოხდა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ხშირად გვგონია, რომ საკმარისია ვთქვათ „ვწუხვარ“ ან „შემეშალა“, მაგრამ სინამდვილეში ამ ორი სიტყვის უკან მთელი შინაგანი ბრძოლა იმალება.
რატომ გვიჭირს ბოდიშის მოხდა?
რადგან ბოდიში გვაიძულებს საკუთარ თავს შევხედოთ. გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ სრულყოფილები არ ვართ. რომ შეგვიძლია ვატკინოთ გული, ვაწყენინოთ, შევცდეთ, არასწორად მოვიქცეთ. ადამიანის ეგოსთვის ეს მარტივი არ არის. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ მართლები ვართ, რომ ჩვენი ქმედებები გამართლებულია, ამიტომ ხშირად ვეძებთ მიზეზებს, ვამართლებთ საკუთარ თავს, ვადანაშაულებთ გარემოებებს ან სხვა ადამიანებს.
ასეთი საფეხურებით მიმდინარეობს პიროვნული ზრდა.
შეცდომის აღიარება დამარცხება არ არის. პირიქით - ეს შინაგანი ძალის გამოვლინებაა. სუსტი ადამიანი შეცდომას მალავს, ძლიერი კი მის დანახვას და აღიარებას ახერხებს.
როდესაც საკუთარ შეცდომას ვაღიარებთ, ვთავისუფლდებით. აღარ გვიწევს სიმართლისგან გაქცევა, საკუთარი თავის მოტყუება ან მუდმივი თავდაცვა. აღიარება გვაძლევს შესაძლებლობას შევხედოთ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად და გავიგოთ, სად დავკარგეთ მიმართულება.
ბოდიში მხოლოდ მეორე ადამიანს არ სჭირდება. ის პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება. ბოდიში გვასწავლის თავმდაბლობას, გვასწავლის პასუხისმგებლობის აღებას, გვახსენებს, რომ ადამიანი არ ფასდება იმით, რამდენჯერ შეცდება, არამედ იმით, თუ რას აკეთებს საკუთარი შეცდომის შემდეგ.
როდესაც ვამბობთ: „დიახ, შემეშალა“, საკუთარ თავს განვითარების შანსს ვაძლევთ. ვაღიარებთ, რომ ჯერ კიდევ ვსწავლობთ, ვიზრდებით და უკეთეს ადამიანად ქცევას ვცდილობთ.
და რას გრძნობს მეორე ადამიანი ამ დროს?
როცა გულწრფელ ბოდიშს ისმენს, ხშირად პირველად გრძნობს, რომ მისი ტკივილი დაინახეს. რომ მისი ემოციები მნიშვნელოვნად ჩათვალეს. რომ მისი განცდა უგულებელყოფილი არ დარჩა.
ბოდიში ადამიანს ღირსებას უბრუნებს.
ზოგჯერ პრობლემა თავად შეცდომა კი არ არის, არამედ ის, რომ არავინ აღიარა მის მიერ მიყენებული ტკივილი. გულწრფელი აღიარება სწორედ ამ ტკივილის ნაწილს კურნავს.
ბოდიშის მოხდით ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ პატივისცემას. ვეუბნებით: „შენი განცდა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვხედავ, რომ გატკინე და პასუხისმგებლობას ვიღებ“.
ასეთი ბოდიში ურთიერთობებს აძლიერებს. ქმნის ნდობას. აჩენს უსაფრთხოების განცდას. გვასწავლის, რომ შეცდომის მიუხედავად, ერთმანეთის მოსმენა და გაგება შეგვიძლია.
შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის ბოდიში ასე ღირებული. ის არ გვამცირებს. არ გვაკნინებს. არ გვართმევს ღირსებას, პირიქით.
ბოდიში არის მომენტი, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე მაღლა სიმართლეს აყენებს.
და სწორედ ამ დროს იწყება ნამდვილი თავისუფლება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქრისტიანს არა აქვს უნარი სიძულვილის, რადგან მასში ქრისტე ცხოვრობს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება