„რა კარგად გამოიყურები!“ ამ ფრაზის მოსმენის დროს ზოგი იღიმის და მადლობას იხდის, უმრავლესობის გონებაში კი შინაგანი კრიზისი იწყება. ნაცვლად იმისა, რომ სასიამოვნო სიტყვებით ვისიამოვნოთ, ხშირად ვიწყებთ თავის მართლებას, კომპლიმენტის გაუფასურებას ან მის სასწრაფოდ „დაბრუნებას“.
🫵როგორ ვპასუხობთ კომპლიმენტებს და რა ფსიქოლოგიური მექანიზმები იმალება ჩვენი რეაქციების მიღმა?
1. გაუფასურება და თავის მართლება: („ძველი კაბაა“, „შემთხვევით გამომივიდა“) სცენარი: გეუბნებიან, რომ პროექტი ბრწყინვალედ შეასრულეთ, თქვენ კი პასუხობთ: „განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ გამიმართლა“ ან „ეს კაბა? ძალიან ძველია, ფასდაკლებაზე ვიყიდე“.
რა იმალება პასუხის უკან: დაბალი თვითშეფასება და იმპოსტორის (თვითმარქვიას) სინდრომი. ადამიანს სჯერა, რომ თუ კომპლიმენტს სრულად მიიღებს, სხვები მის მიმართ მოლოდინებს გაზრდიან და ამ თასმას ვეღარ შესწვდება. ნივთის ან მიღწევის გაუფასურებით ჩვენ ქვეცნობიერად ვიცავთ თავს „მომავალი იმედგაცრუებისგან“.
2. კომპლიმენტის დაბრუნება: („შენც ძალიან კარგად გამოიყურები!“) სცენარი: გეუბნებიან: „რა ლამაზი ვარცხნილობა გაქვს!“, თქვენ კი მომენტალურად, დაუფიქრებლად პასუხობთ: „შენც რა ლამაზად გაცვია!“.
რა იმალება უკან: ემოციური ვალი და შფოთვა. ასეთ დროს კომპლიმენტი აღიქმება არა საჩუქრად, არამედ „ვალად“, რომელიც სასწრაფოდ უნდა დააბრუნოთ, რომ დისკომფორტი შეგიმსუბუქდრთ. ეს არის უუნარობა დარჩე ყურადღების ცენტრში თუნდაც რამდენიმე წამით.
3. ეჭვიანობა: („რა უნდა ნეტა ჩემგან?“) სცენარი: მეგობარი ან კოლეგა გაქებთ, თქვენ კი შინაგანად იძაბებით ან ირონიულად პასუხობთ: „რა იყო, ხელფასის მომატება გინდა?“ ან „დღეს რა გჭირს, რით დავიმსახურე?“.
რა იმალება უკან: ნდობის დეფიციტი და პროექცია. თუ ადამიანს ბავშვობაში მხოლოდ მაშინ აქებდნენ, როცა მისგან რაღაც სჭირდებოდათ, ზრდასრულ ასაკში ნებისმიერი გულწრფელი კომპლიმენტი მისთვის ფარულ საფრთხედ და მახედ აღიქმება.
4. ბუმერანგი-კრიტიკა: („არა, რას ამბობ, პირიქით...“) სცენარი: „რა კარგ ფორმაში ხარ, როგორ გიხდება!“, პასუხი: „გაგიჟდი? პირიქით, რამდენი მოვიმატე, მუცელი ნახე...“.
რა იმალება უკან: ნარცისული ტრავმა ან სოციალური ვალიდაციის მოთხოვნილება. ადამიანი უარყოფს კომპლიმენტს, რომ თანამოსაუბრემ უფრო მეტი არგუმენტით დაუწყოს მტკიცება: „არა, მართლა გეუბნები, ძალიან გიხდება!“. ეს არის სიყვარულისა და აღიარების ირიბი გამოძალვა.
🧠კოგნიტური დისონანსი: რატომ ხდება ასე? ფსიქოლოგიაში არსებობს თვითაღქმის ვერიფიკაციის თეორია. ჩვენი ტვინი ყოველთვის ეძებს იმ ინფორმაციის დადასტურებას, როგორი რწმუნებულებაც უკვე აქვს საკუთარ თავზე. თუ თქვენ გჯერათ, რომ არაქარიზმატული ხართ და ვინმე გეუბნებათ, რომ დარბაზი თქვენი გამოჩენით „გაანათეთ“, ტვინში კოგნიტური დისონანსი იწყება, რაც იწვევს შფოთვას, ამ შფოთვის დასაცავად კი ვირჩევთ უარყოფას: „უბრალოდ მომატყუა“ ან „ვერ შეამჩნია ჩემი ნაკლი“.
❤️🔥როგორ ვისწავლოთ კომპლიმენტის მიღება? კომპლიმენტზე სწორი რეაქცია, ფსიქოლოგიური სიმწიფისა და საკუთარ თავთან ჰარმონიის ნიშანია. ოქროს წესი: უბრალოდ თქვით „მადლობა“. არავითარი გაგრძელება, არავითარი თავის მართლება. გაიღიმეთ და თქვით: „მადლობა, ძალიან მესიამოვნა შენგან ამის მოსმენა“ ან „მადლობა, სასიამოვნოა“.
მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ კარგები. როცა კომპლიმენტს უარყოფთ, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ მეორე ადამიანის გემოვნებას ან უარესი, გამოდის მისი გულწრფელობის არ გჯერათ. მიიღეთ მისი სიტყვები, როგორც საჩუქარი. სხვა დროს, როდესაც კომპლიმენტის შემდეგ თავის მართლების სურვილი გაგიჩნდებათ, გააკეთეთ სამ წამიანი პაუზა, გადაყლაპეთ ძველი სცენარი და დატოვეთ სივრცე სასიამოვნო ემოციისთვის.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„მშვიდი გარეგნობის ადამიანები კარგად მალავენ ველურ ბუნებას...“ - რას წერს ფსიქოლოგი
⭕„არასასურველია ექიმთან ვიზიტი, ქირურგიული ჩარევა...“ - 6 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით