ბოლო წლებში ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობა გაიზარდა, თუმცა როდესაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჩვენ ან ჩვენს საყვარელ ადამიანებს ეხება, თეორიული ცოდნა ხშირად ქრება. ჩნდება შიში, დუმილი და ყველაზე მძიმე ბარიერი მიუღებლობა.
რატომ არის ასე რთული აღიარება, რომ ადამიანს ან მის ოჯახის წევრს ფსიქოლოგიური სირთულეები აქვს?
ამ ფენომენის უკან მრავალი ფსიქოლოგიური, სოციალური და კულტურული ფაქტორი დგას.
1. საზოგადოებრივი სტიგმა და განკითხვის შიში:
სოციუმისგან აღიარების და მიმღებლობის მოთხოვნილება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი სახეზეა, საზოგადოებაში ჯერ კიდევ ცოცხლობს მენტალური პრობლემების მიმართ სტიგმა.
ადამიანებს ეშინიათ იარლიყების, რომ მათ „არანორმალურად“, „სუსტად“ ან „არასრულფასოვნად“ შერაცხავენ.
როდესაც საქმე ოჯახის წევრს ეხება, შიში ორმაგდება: მშობლებს ან ახლობლებს ხშირად გონიათ, რომ სხვის თვალში უპასუხისმგებლოები გამოჩნდებიან, რადგან ვერ უზრუნველყვეს ოჯახის კეთილდღეობა.
2. იდეალური სახის შენარჩუნების ილუზია (ფასადი):
ჩვენ გვწამს, რომ ცხოვრება მუდმივი წარმატების, ბედნიერების და ჰარმონიის ზეიმი უნდა იყოს. მენტალური სირთულეები კი ამ „იდეალურ ფასადს“ არღვევს.
პრობლემის აღიარება ნიშნავს, რომ ცხოვრება არ კონტროლდება, რომ იდეალური სურათის მიღმა ტკივილი, შფოთვა ან კრიზისია.
ადამიანებს უჭირთ ამ „ნიღბის“ მოხსნა, რადგან ფასადის ნგრევა სულიერ სიცარიელესა და დაუცველობის განცდას იწვევს.
3. დანაშაულის გრძნობა და „რატომ მე?“
განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როდესაც ფსიქოლოგიური პრობლემა ოჯახის წევრს მაგალითად, შვილს ან მეუღლეს ეხება.
ამ დროს ირთვება ძლიერი დანაშაულის გრძნობა:
მშობლები ხშირად იწყებენ მიზეზების ძებნას წარსულში: სად დავუშვი შეცდომა?მე არ ვიყავი საკმარისად ყურადღებიანი? ეს შინაგანი ბრალდება იმდენად მტკივნეულია, რომ ტვინი იცავს თავს და უარყოფის მექანიზმს რთავს „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ ცუდი ხასიათია აქვს“, „თვითონ იგონებს“. უარყოფა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ თავთან პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა.
4. მითი „ძლიერ ადამიანზე“ და სისუსტის შიში:
სოციუმში ჯერ კიდევ ძლიერია სტერეოტიპი, რომ ძლიერ ადამიანს ყველაფრის გადალახვა თავად შეუძლია.
მენტალური სირთულეები კი ხშირად არასწორად აღიქმება როგორც „ხასიათის სისუსტე“ ან „სიზარმაცე“.
ადამიანს ეშინია საკუთარ თავთან აღიაროს, რომ რესურსები ამოწურა და დახმარება სჭირდება, რადგან ეს საკუთარ თვალში „მარცხს“ უდრის.
5. უცნობის შიში:
ფიზიკური დაავადების შემთხვევაში ყველაფერი მეტ-ნაკლებად გასაგებია: მიდიხარ ექიმთან, სვამ წამლებს, იცავ რეჟიმს. ფსიქოლოგიური სამყარო კი ბევრად ბუნდოვანი და კომპლექსურია.
დიაგნოზი ან თუნდაც უბრალოდ გააზრება, რომ ფსიქიკას პროფესიული დახმარება სჭირდება, ადამიანში გაურკვევლობის გრძნობას ბადებს: „რა იქნება შემდეგ?“, „როგორ შევიცვლები?“, „მკურნალობა დამეხმარება?"
ეს გაურკვევლობა იწვევს შიშს, შიში კი პრობლემის იგნორირების სურვილს.
როგორ გადავლახოთ მიუღებლობის ბარიერი?
მიღება არ არის სისუსტე, ეს სიმამაცის უმაღლესი გამოვლინებაა და პირველი ნაბიჯი განკურნებისაკენ.
გაფილტრეთ ტერმინოლოგია: მენტალური პრობლემა არ არის „გიჟობა“ ან „სისუსტე“ არამედ ფსიქიკის გადაღლაა, ტვინის ქიმიური დისბალანსი ან ცხოვრებისეული კრიზისი, ზუსტად ისე, როგორც გულისა თუ კუჭის დაავადება.
შეეშვით დამნაშავის ძებნას: არავინაა დამნაშავე იმაში, რომ ადამიანს ან მის ახლობელს უჭირს. კრიტიკისა და ბრალდებების ნაცვლად, საჭიროა მხარდაჭერა.
აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს: ფსიქოთერაპია და მედიკამენტური მკურნალობა არ არის სასჯელი. ეს ერთადერთი ინსტრუმენტებია, რომლებიც გვეხმარება საკუთარ თავთან ან საყვარელ ადამიანთან ბილიკის ხელახლა პოვნაში.
მხოლოდ მაშინ განთავისუფლდებით, იმ მძიმე ტვირთისგან, რომელსაც მიუღებლობის კედელი ჰქვია, როცა შევძლებთ ჩვენი ტკივილისა და სისუსტეების თვალებში ჩახედვას.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შორენა ბეგაშვილი საფრანგეთში მოგზაურობს - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი
⭕„არ არის გადამეტებული რომანტიკის დრო, დააფასებთ პირდაპირობა“ - 24 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕მზე ლომის ნიშანში გადადის და ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს წლის ყველაზე ბედნიერ პერიოდს ჰპირდება