
აშშ-ში მცხოვრები მსახიობი - იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც ემოციურ პოსტს ურთავს, რომ სადაც არ უნდა იმოგზაუროს, მისთვის „ათვლის წერტილი სულ სამშობლო იქნება“.
„ვკითხულობდი რაღაცას, თავი ავწიე, ფანჯარაში გავიხედე და… აჰ, გერგეთია, გამიელვა თავში, მთის წვერზე რაღაც შავი წერტილი რომ დავინახე, გერგეთის სამებად მეჩვენა, ჩამავალი მზის სხივებით მოოქროვილ ღრუბლებში.
ამბობენ, ადამიანს ერთი ტიპის ადამიანი უყვარდება და რომ ხვდება, მსგავსს, ისიც უყვარდება ასევე, რაღაც მშობლიურს ეძებს, ყველა ახალი ადამიანის შეხვედრისას.
არ ვიცი, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რამდენ ქვეყანაში ვიმოგზაურო და ქალაქში, ჩემთვის ათვლის წერტილი სულ სამშობლო იქნება…
რა მნიშვნელობა აქვს, სად მივფრინავ. დღეს მოგზაურობის დაწყებიდან ვფიქრობ, არაფერს აქვს აზრი, მოგზაურობისას, თუ დანიშნულების ადგილი, არ გაბედნიერებს და გულს არ გიტოკებს.
რაც არ გვაბედნიერებს, ის დრო სიცოცხლედ არ ითვლება.
ისე არ მიყვარს, როცა ვაკეთებ იმას, რაც ‘საჭიროა’. ყოველთვის დგება ჩემთვის მომენტი, როცა მღლის ეს ‘ასეა საჭირო’ და ვამბობ: მორჩა, აღარ. და ღმერთია მოწმე, სულ რომ დამჭირდეს ისევ უკან მოხედვა და ძველ გზაზე უფრო ადვილია, მე იქ არ ვბრუნდები.
არც ყოფილ სიყვარულს ვნანობ, არც წარსულს ვებღაუჭები.
კარლ ლაგერფელდს უთქვამს: თუ წასულ დღეებს იხსენებ, როგორც ‘ბედნიერ ძველ
დღეებს’, დამარცხებული ხარ.
ეს ჩემთვის ნიშანდობლივი მოგზაურობაა. თუმცა ზედაპირზე ჩვეულებრივ მივლინებას ჰგავს. საოცარი ინტუიციით ვგრძნობ, როდის და სად უნდა გადავუხვიო კომფორტული გზიდან და ცვლილების უღელტეხილზე ფრჩხილების ტეხვით და ფეხების დასისხლიანებით, სხვა, რთული და ჩემთვის საინტერესო გზის გაკაფვა დავიწყო. ასე იჭრი გზებს წარსულისკენ და წვავ ხიდებს, რომ მათი ხანძრის შუქმა, წინ გზა გაგინათოს. და მერე ვამბობ: გამოსავალი არ დავიტოვე. ისევე, როგორც არასოდეს მაქვს გეგმა ბ. მხოლოდ გეგმა ა, რადგან სხვა გზის იმედი, ჩემთვის პირადად, ლაჩრობა და დამარცხების დაშვებაა, რის უფლებას თავს არ ვაძლევ.
და მადლობა ცხოვრებას, რომ მათრახს მირტყამს და თვალს მიკრავს, ამ აზარტს ეხმარება .
სამშობლო მთების ზმანება კი…. ყოველთვის, როგორც რწმენა, გადაწყვეტილების გამართლების ნიშანია
#laloidattraction #thankyoulife“,- წერს შაფათავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
„👉 ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა შენგელია