სასულიერო პირი მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში წერს, რომ სასულიერო პირი რაც უფრო ნაკითხია, მით მეტი განათლებულია და ჯანსაღად მოაზროვნეა.
„ჩვენ ქვეყანაში, ისე, როგორც ბევრ რამეზე, მათ შორის სასულიერო პირზეც მახინჯი, გაუგებარი წარმოდგენა გააჩნიათ…
ეს არ არის მხოლოდ ძველი გადმონაშთის ბრალი. ყველაფერს ძველ დროს ნუ დავაბრალებთ… დიდი ხანია ის დრო ჩვენგან წავიდა, მაგრამ ჩვენ ვერ დავაღწიეთ თავი იმ დროს. თუმცა ეს მაინც ვერ გაგვამართლებს…
ჰოდა, ვინც იმ დროშია ჩარჩენილი, მისთვის მღვდლის სტერეოტიპი არის წვერიანი, გაბურძგნული, ღიპზე ჯვარჩამოკიდებული, მხოლოდ საცეცხლურის ამარად დარჩენილი სასულიერო პირი, რომელმაც მარტო პარაკლისი, პანაშვიდი და სხვა დანარჩენი საეკლესიო რიტუალი უნდა ჩაატაროს…
ამიტომ, როდესაც რამეს ვიტყვი, ხალხი დაირაზმება და მომწერენ, წადი, მამაო, ილოცე, შენი საქმე ლოცვაა…
არც ვბრაზდები, ვხვდები, რომ სადღაც ჭაობშია ჩარჩენილი და მხოლოდ თავი აქვს ამოყოფილი… თუ ასე გააგრძელა, მალე თავიც დაეფარება…
ლოცვა მარტო სიტყვების წარმოთქმა ჰგონიათ…
მთავარი ლოცვა სიმართლის მსახურება, უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სინათლის მხარეს დგომაა…
მე კი ვიცი, რა არის ლოცვა, ღვთის ძიება და თვითგანვითარება, მაგრამ სასურველია ბევრმა იცოდეს…
სასულიერო პირობა საერთოდ არ უშლის ხელს წიგნის კითხვას, სწავლას, დახვეწილ აზროვნებას, ჯანსაღ ხედვას, კარგ, გამართულ მეტყველებას… ჩემთვის ეს არის მღვდლობა… ჰოდა, მე პირიქით მაქვს სხვებთან პრეტენზია და მიკვირს, რატომ არაფერს აკეთებენ, რომ განვითარდნენ…
ყველას გვყავს ჩვენი რჩეული პიროვნებები… ჩემთვის ასეთია მღვდელი ფილადელფოს კიკნაძე ( ბევრმა მის შესახებ არაფერი იცის), უკვე წმინდანი არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, (არც მასზე იციან დიდად არაფერი), აგრეთვე ძალიან ვაფასებ და მომწონს მამა ალექსანდრე მენი…
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სასულიერო პირი მთავარია მორწმუნე იყოს და წიგნის კითხვა არ მოეკითხებაო…
რწმენა ცოდნას არ გამორიცხავს და ცოდნა რწმენას…. ამის კლასიკური მაგალითი დავით აღმაშენებელი იყო…
ძალიან რომ გიყვართ დავითი და ნატრობთ მის დროს, ამდენ უწუგნურს და ბნელს ნამდვილად არ გააჭაჭანებდა…
გიორგი ჭყონდიდელი, მისი აღმზრდელი უდიდესი ერუდიციის მქონე გახლდათ…
სწორედ მისი ინტელექტის დამსახურებით დავითის ეპოქამ ,,ძლევაი საკვირველს” მიაღწია…
აბა დღეს თუ ვინმეზე მეტი იცი და წიგნი შენი ცხოვრების ორგანული ნაწილია, ეკლესიის მტერს, მაგინებელს, ღმერთის უარმყოფელს გიწოდებენ…
მაინც მჯერა, ძალიან მალე ბოლო მოეღება ამ ტენდენციებს და დიდგორს ისევ მოვიგებთ!..“,- წერს მამა პეტრე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „12 აგვისტო ყოფილა, მე ისევ 3 აგვისტოთი ვცხოვრობ“ - რას წერს სტიქიას გადარჩენილი ახალგაზრდა