Digest Logo

„როცა სხვის შეცვლას ვცდილობთ, ხშირად შეუმჩნევლად ვკარგავთ საკუთარ ენერგიას, ვარდებით იმედგაცრუებაში...“ - რას წერს მაგდა კოტრიკაძე

1770990702
მაგდა კოტრიკაძე

ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის შეცვლაზე საუბრობს. 

მისი თქმით, როცა სხვის შეცვლას ვცდილობთ, ხშირად შეუმჩნევლად ვკარგავთ საკუთარ ენერგიას, ვარდებით იმედგაცრუებაში და მუდმივად გვრჩება განცდა, რომ „ის არ არის ისეთი, როგორსაც ველოდი“, ანუ მოლოდინები გვიცრუვდება:

„თუ ვინმეს შეცვლა გადაწყვიტე უკვე მოტყუვდი! ეცადე თავად შენ შეიცვალო!

თუ ვინმეს შეცვლა გადაწყვიტე, ამავე მომენტში შეცდომა უკვე დაშვებული გაქვს. არა იმიტომ, რომ ადამიანები არ იცვლებიან. როცა ცდილობ, ვინმე დაარწმუნო, „სწორ“ გზაზე დააყენო იწყება მძლავრი წინააღმდეგობა.
ფსიქოლოგიაში ამ მოვლენას სპეციალური სახელიც აქვს — ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა. ჯეკ ბრემის წინააღმდეგობის თეორია აღწერს, რომ ადამიანს ცნობიერადაც და არაცნობიერადაც ძლიერი იმპულსი უჩნდება საპირისპირო კუთხით იაროს მაშინ, როცა გრძნობს, რომ ვიღაც ცდილობს მის ქცევაზე გავლენის მოხდენას. ანუ რაც უფრო მეტ ძალას დებ სხვის შეცვლაში, მით უფრო თავგამოდებით იცავს ის საკუთარ ძველ ჩვევებს. თითქოს ინსტინქტურად ამბობს: „არავინ არის ჩემი არჩევანის მმართველი, ჩემი უფროსი, ჩემი ზედამხედველი“.

სხვაზე კონცენტრირება ბრემის თეორიით არამხოლოდ უშედეგოა, არამედ ხშირად უკუსვლას იწვევს. და მაინც, რატომ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ სხვისი ცხოვრება ჩვენს ხელში არ არის? იმიტომ, რომ შინაგანად გვგონია, რომ თუ ის შეიცვლება, ჩვენც უკეთ ვიგრძნობთ თავს. თითქოს ჩვენი განცდები გარედან უნდა დალაგდეს.
აქ ჩნდება მეორე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კონცეფცია — კონტროლის ლოკუსი. ჯულიან როტერის მიხედვით, ადამიანებს ორი მიდგომა აქვთ: ან შინაგან კონტროლზე არიან ორიენტირებულები („მე ვწყვეტ“), ან გარე კონტროლზე („სხვები წყვეტენ“). როცა სხვისი შეცვლისკენ მივდივართ, რეალურად საკუთარ ძალას ვკარგავთ, რადგან ენერეგიას იქითკენ მივმართავთ, რასაც ვერ ვაკონტროლებთ.

სინამდვილეში კი, მთავარი ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ ადამიანი თვითონ გრძნობს შიდა მოტივაციას. ამას თვითდასტურების თეორიას ეძახიან. ედვარდ დეცისა და რიჩარდ რაიენის კვლევები ამტკიცებენ, რომ ქცევის შეცვლა მხოლოდ მაშინაა ფუნდამენტური, როცა ის თავისუფალი არჩევანიდან მოდის და არა ზეწოლიდან. გარე ზემოქმედებით მიღებული „ცვლილება“ მოკლევადიანია, დაახლოებით როგორც დიეტა, რომელიც ორ კვირაში ისევ ძველ ჩვევებს უბრუნდება.

აქედან გამომდინარე, როცა სხვის შეცვლას ვცდილობთ, ხშირად შეუმჩნევლად ვკარგავთ საკუთარ ენერგიას, ვარდებით იმედგაცრუებაში და მუდმივად გვრჩება განცდა, რომ „ის არ არის ისეთი, როგორსაც ველოდი“, ანუ მოლოდინები გვიცრუვდება. მაგრამ ეს მოლოდინიც იგივე კონტროლის მექანიზმიდან მომდინარეობს, თითქოს სხვამ უნდა მართოს ქცევა იმის მიხედვით, თუ რა გვაწყობს ჩვენ. სწორედ აქ არის შეცდომის ბირთვი: სხვისი ცვლილების მოლოდინი არასოდეს გვაძლევს იმ სიმშვიდეს, რომელსაც საკუთარი ცვლილება იძლევა.

როცა შენ იცვლები, არა მანიპულაციისთვის, არა იმისთვის, რომ მეორე „გამოსწორდეს“, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი შინაგანი ზრდა შენთვის ღირებულია, იწყება რაღაც სრულიად სხვა დინამიკა. ხშირად ადამიანები ჩვენს მაგალითზე რეაგირებენ უფრო გულწრფელად, ვიდრე ათას ახსნა-განმარტებაზე. ცვლილებას სჭირდება სივრცე და არა ზეწოლა. და ამ სივრცეს ქმნის მხოლოდ საკუთარი ქცევის და დამოკიდებულების შეცვლა.

საერთოდაც, ურთიერთობების პრაქტიკაში ხშირად ამბობენ, რომ „სარკის პრინციპი“ ყველაზე საიმედო მექანიზმია: რასაც შენ ასხივებ გარემოში, ის უკან გიბრუნდება, ზოგჯერ არაპირდაპირ, მაგრამ გარდაუვალად. ამიტომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში ქმნის ცვლილებას, ხშირად სხვაშიც იწვევს მას, მაგრამ არა პირდაპირი ძალდატანებით, არამედ ბუნებრივი თანხვედრით.

ვინც დამოუკიდებლად, შიდა მოტივაციით არ არის მზად ცვლილებისთვის, მას ვერაფერი შეცვლის. და ვინც მზად არის, მას ზეწოლა არც სჭირდება, საკმარისია მხოლოდ მაგალითი და თავისუფალი არჩევანი.

ამიტომ, ეს ფრაზა: „თუ ვინმეს შეცვლა გადაწყვიტე, უკვე მოტყუვდი. ეცადე, შენ შეცვალო“. არა მხოლოდ ცხოვრებისეული სიბრძნეა, არამედ სრულად ემთხვევა თანამედროვე ფსიქოლოგიის მთავარი პრინციპების ერთიანობას. ცვლილება იწყება იქ, სადაც ჩვენი ძალა ნამდვილად ზემოქმედებს და როცა ეს რეალურად ხდება, სამყაროც იწყებს ტრაექტორიის შეცვლას, თითქოს მასაც მოტივაცია გაუჩნდა. მოტივაცია კი გადამდებია!“, - წერს მაგდა კოტრიკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მენატრები გიჟივით და მადლობა, რომ სულ ჩემთან ხარ“ - ზურა ბერიკაშვილს დისშვილი იხსენებს

„ფულადი კეთილდღეობის არხს ვხსნით...“ - როდის შევიჭრათ თმა მთვარის კალენდრის მიხედვით?

„ასე იქმნება ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია, სხვაობა 9 წელი“ - მერსი სულხანიშვილის Before/After-ი