Digest Logo

„რწმენა და ტრადიცია არ „ტეხავს“... წარსული მძიმე ტომარა არაა, სადმე გზაში მოისროლო და ბოლომდე გათავისუფლდე“ - მანანა ქურციკიძის ემოციური პოსტი

1715954772
მანანა ქურციკიძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი მანანა ქურციკიძე რელიგიაზე, რწმენასა და ტრადიციების შესახებ დამაფიქრებელ და საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ტრადიციების სიყვარული არასოდეს ასუსტებდა ერს, პირიქით, აძლიერებდა საფრთხისა და გაჭირვების დროს“ - თქვა უინსტონ ჩერჩილმა.

მე... ათასობით მაგალითი და ციტატა შემიძლია მოგიყვანოთ რას ნიშნავს ტრადიცია და რატომ გვჭირდება მისი შენარჩუნება. (თქვენ კი ისეთივე ათას მაგალითს მომიყვანთ რომ ტრადიცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ხელს უშლის ყველაფერს ახალს).

მე ათასჯერ გავიმეორებ - დიდი გონება, ჭეშმარიტი ღმერთი რომ არ არსებულიყო ან ჩვენამდე მისი აღიარება ვერ მოეფიქრებინათ, უნდა გამოგვეგონა, რომ ჩვენი შვილებისთვის სამყაროს პატივისცემა, სიყვარულით არსებობა, დაუწერელი ან დაწერილი ეთიკური ნორმა და ზღვარი შეგვექმნა. (თქვენ კი ათიათასჯერ მეტყვით, რომ ღმერთი არ არსებობს, ღვთაებრივი ცეცხლი სულაც არ არის ღვთაებრივი, სამყაროში ყველაფერი ფიზიკაა ან ქიმია... და ადამიანს არ სჭირდება არანაირი ნორმა და ჩარჩო).

მე... მილიონჯერ ვიტყვი რომ, ღმერთი, არის ის სიყვარული (ან შიში), რომელიც გვაიძულებს ხოლმე უფრო უკეთესები ვიყოთ....(თქვენ ათიათასჯერ დამიბრუნებთ, რომ რელიგია არის დიდი ფარსი და ადამიანების მართვისთვის მოგონილი ბერკეტი...).

მე... მილიონჯერ გაგიმეორებთ, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და მას შეუქმნა ქალი... ოჯახი ... მისცა სახლად სამოთხე და ყველაფერი, სრული ბედნიერებისთვის... და მათ მამის ერთადერთი თხოვნაც (გნებავთ აკრძალვაც) კი ვერ შეასრულეს...  (თქვენ ზუსტად ამდენივეჯერ მეტყვით, რომ ადამი სულაც არ იყო კაცი, დასაწყისში ორი სქესი ჰქონდა, ევა კიდევ მისი მეორე ცოლი იყო და ზუსტად იცოდა, თუ არ ივარგებდა მის შემცვლელსაც ადვილად მოუძებნიდნენ პირველ კაცს. მეტყვით, რომ სამოთხის ვაშლის ჭამა ცდუნება კი არა, ახლის შეცნობის აქტი იყო, განვითარების ახალი ეტაპი და ადამიანის თავისუფალი ნება...).

მე თქვენ უთვალავჯერ გეტყვით, რომ პირველი ოჯახი იყო უმადურობის პირველი პრეცედენტი დედამიწაზე და მას შემდეგ რა გასაკვირია, რომ ვინმე ვინმეს მადლიერი არ იყოს... (თქვენ მეტყვით, რომ არავინ არაა ვალდებული იყოს მადლიერი არც ღვთის, არც მშობლის, არც სიკეთის მქმნელის მიმართ).

მე სულ გაგიმეორებთ, რომ რწმენა, სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, ოჯახის სიწმინდისაკენ მას შემდეგ ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა და მუდმივი მტკიცება, რომ არც ისეთი ცუდები ვართ. ღალატი და სხვა გვერდითი მოვლენები, მხოლოდ ქართული ოჯახის არა... გლობალური პრობლემაა.  (თქვენ არ დამზარდებით და დამიმტკიცებთ რომ ძალადობით და სიყალბით სავსე ოჯახი არაა წმიდა... რომ ეს ოჯახი თავისუფლად შეიძლება ორმა მამაკაცმა, ორმა ქალმა და ცხრა სხვადასხვა სოციალური სქესის ადამიანმა შექმნას და ეს მათი უფლებაა...).

მე... მაინც არ დავიღლები და ვიტყვი რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ სამყაროში არავინ და არაფერია სრულყოფილი, ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ... შევინარჩუნოთ ის რწმენა, რომლის სიყვარულმა და ძალამ დღემდე მოგვიყვანა. შევინარჩუნოთ რწმენა რომელიც ისე დაგვიკნინეს (შინაურმა და გარეულმა) ლამის უხერხულობას გვიქმნის მისი აშკარად აღიარება. და რაც არ უნდა მითხრათ... მაინც ვაღიარებ ქართულ ოჯახს, რომელიც მუდმივად დუღს მაჭარივით, ბევრის დამტევი და მომთმენია. ვაღიარებ და დავიცავ, როგორც აუცილებელ ღირებულებას, ჩემი ერის განსაკუთრებულ თავისებურებას და სიმტკიცის საფუძველს...

რაც არ უნდა მითხრათ, მაინც ვეცდები რომ ჩემი შთამომავლობა გაიზარდოს ქართული ღირებულებებით. მაგრამ, ისე, რომ არასოდეს იყვნენ პირდაღებულის ან გაკვირვებულის პოზიციაში ... ან უარესი, „უნახავმა რა ნახა“ არ დაემართოთ... რაც არ უნდა მითხრათ, დამერწმუნეთ, არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩემი პატარების მომავალს... და მერწმუნეთ, მათი არჩევანიც ისეთივე ევროპული იქნება, როგორიც საუკუნეების წინ აზიისა და ევროპის გასაყარზე მდგომმა ჩვენმა წინაპარმა გააკეთა ქრისტეს რწმენის არჩევით...

მე გეტყვით... 

თქვენ მეტყვით... და ასე დაუსრულებლად.

ჩვენს შორის ყოველთვის იქნება ის, რაც განგვასხვავებს ერთმანეთისგან.

რწმენა და ტრადიცია (როცა ის რაციონალურია) არ "ტეხავს"... ტეხავს ამბიცია, რომ იმ ყველაფერზე მაღლა დგახარ (და აღარ გჭირდება) რითაც დღემდე მოდი. წარსული მძიმე ტომარა არაა... სადმე გზაში მოისროლო და ბოლომდე გათავისუფლდე“, - წერს მანანა ქურციკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას ახალციხეში შეუერთდნენ - ფოტოები

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას ზუგდიდში შეუერთდნენ - ფოტოები

„მაპატიეთ რომ ვერ ვბერდები, კუდიანები არ ბერდებიან“ - რა ფოტოს აქვეყნებს ნინო ნადირაძე