ფრაზები:„ სულ ასეთებს რატომ ვიზიდავ?“, „რა კარმა მაქვს ასეთი“, გსმენიათ ალბათ…
პრობლემა მიზიდულობაში კი არა, შინაგან თანხვედრაშია (ალიანსში).
შენ შემთხვევით არ იზიდავ კარმულ ურთიერთობებს ( „კარმული ურთიერთობა“ ფსიქოთერაპიულ ჭრილში არის განმეორებადი დისფუნქციური „პატერნი“ (ურთიერთობის ციკლი), რომელშიც ადამიანი ქვეცნობიერად შედის მანამ, სანამ საკუთარ შინაგან ტრავმებს და გაუცნობიერებელ საჭიროებებს არ გაიაზრებს).
შენ მათ იმიტომ იზიდავ, რომ სხვებისთვის იყავი ხელმისაწვდომი ისეთი გზებით, როგორი ფორმითაც საკუთარი თავისთვის არ ყოფილხარ.
ეს კავშირები იმისთვის არ დგება, რომ დაისაჯო. ისინი ირეკლავენ შაბლონებს (პატერნებს), რომლებიც ითხოვენ დანახვას, გაგებას და ცვლილებას.
ეს შაბლონი იმ მომენტიდან იწყებს ცვლილებას, როდესაც საკუთარ თავს უბრუნდები. როდესაც იწყებ ზრუნვას საკუთარ საჭიროებებზე, ემოციებსა და საზღვრებზე, წყვეტ თანხვედრას ისეთ კარმულ დინამიკასთან, რომელიც უთანასწორობას და დისბალანსზეა დამყარებული.
კარმული კავშირები არ ქრება. ის ევოლუციას განიცდის. რაც ოდესღაც, დაბნეულობით და არასტაბილურად მოდიოდა, იწყებს გამოვლენას სიცხადის, ორმხრივობისა და ემოციური ბალანსის სახით.
ის, რასაც საკუთარ თავს აძლევ, ხდება სტანდარტი და სწორედ აქედან, ბუნებრივად იწყებ იმგვარი კავშირების მოზიდვას, რომელიც ცნობიერების იმავე დონეს ირეკლავს, რომელზედაც თავად დგახარ.
ფსიქოლოგიაში ამას შექცევადი გამეორების კომპულსიას ვუწოდებთ.
ტვინი ქვეცნობიერად ირჩევს ისეთ პარტნიორს, რომელიც ჰგავს ჩვენს წარსულში (ხშირად ბავშვობაში) მიღებულ ტრავმულ გამოცდილებას. ჩვენ მივიწევთ ამ ურთიერთობისკენ არა იმიტომ, რომ ის ჯანსაღია, არამედ იმიტომ, რომ ის ნაცნობია და ჩვენი ფსიქიკა ცდილობს, „ხელახლა გათამაშებით“ ამჯერად მაინც მიაღწიოს სხვა, უკეთეს შედეგს.
როდესაც ბავშვობაში ადამიანი სწავლობს, რომ სიყვარული უნდა „დაიმსახუროს“ საკუთარი საჭიროებების იგნორირებით, ზრდასრულობაში მას უყალიბდება შფოთვითი მიჯაჭვულობის სტილი.
ის გასცემს იმაზე მეტს, ვიდრე აქვს, არღვევს საკუთარ საზღვრებს და რჩება იქ, სადაც მისი ემოციები უგულებელყოფილია იმ იმედით, რომ პარტნიორი ბოლოს და ბოლოს დააფასებს მას.
სანამ ადამიანი ურთიერთობის პრობლემის მიზეზს მხოლოდ გარეთ (პარტნიორში) ეძებს, იგივე სცენარი მეორდება სხვადასხვა ადამიანთან.
ციკლი წყდება მაშინ, როდესაც ფოკუსი გადადის შიგნით: „რომელი ჩემი თვისება, შიში თუ რწმენა უშვებს იმას, რომ ასეთ მოპყრობას ვეგუები?“.
როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარ ემოციებთან, საჭიროებებსა და საზღვრებთან დაბრუნებას:
ან არსებული ურთიერთობა ტრანსფორმირდება (თუ ორივე პარტნიორი მზად არის ცვლილებისთვის) ან ეს ურთიერთობა ბუნებრივად სრულდება, რადგან დისბალანსზე დამყარებული დინამიკა ვეღარ იარსებებს ახალ, ჯანსაღ საზღვრებთან.
„კარმული ურთიერთობა“ არ არის ბედისწერის სასჯელი. ეს არის ფსიქოლოგიური სარკე, რომელიც გვიჩვენებს, სად გვაქვს ემოციური ჭრილობები, სად გვიჭირს „არა“-ს თქმა და რისი სწავლა გვჭირდება საკუთარი თავის დასაფასებლად.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ოქტომბრის ასტრონავიგაცია: უკურსო მთვარის ზუსტი კალენდარი რამაზ გიგაურისგან
⭕ლიზა ჩიჩუა დედასთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - „ულამაზესები, ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს“
🎥 „უსაყვარლესი ქალბატონი სოჭიდან, უდიდესი ქართული გულით“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბექაური