Digest Logo

სასტუმრო „სანსეტ შოვი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

1691091909
„სასტუმრო სანსეტ შოვი.“

სასტუმრო სანსეტ შოვის ინფორმაციით, ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, მათ მეწყრის შედეგად დაზიანებები არ მიუღიათ.

სანსეტ შოვის ცნობით, სტიქიამ დააზიანა სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები.

„სასტუმრო 𝐒𝐮𝐧𝐬𝐞𝐭 𝐒𝐡𝐨𝐯𝐢-ს განცხადება:

მოგესალმებით, პირველ რიგში გვინდა მწუხარება გამოვხატოთ დაღუპული და დაკარგული ადამიანების ოჯახების მიმართ.

მოგეხსენებათ დიდი სტიქია დაგვატყდა თავს. დღეს ოთხი საათისთვის ადიდდა მდინარე, რამაც გამოიწვია მეწყერი, მეწყრულმა მასამ დააზიანა ჩვენი სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები. ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს სტუმრები.

ამის შემდეგ სტუმრებთან ერთად დაელოდნენ მაშველებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან თავისი ძალებით, ჩამოწოლილი მეწყრის გამო, გამოღწევა ვერ შეძლეს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას.

რაც შეეხება მომავალ ჯავშნებს, ყველას ინდივიდუალურად დავუკავშირდებით.

და ბოლოს, თითოეულ თქვენგანს, ვინც გვწერდა ამ დროს და დახმარებას გვთავაზობდა თუ გვამხნევებდა, დიდი მადლობა! სასტუმრო 𝐒𝐮𝐧𝐬𝐞𝐭 𝐒𝐡𝐨𝐯𝐢 აუცილებლად დაბრუნდება და ისევ იქნება თქვენი საყვარელი ადგილი“, - წერს „სასტუმრო სანსეტ შოვი.“

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.

მეწყერის შედეგად მდინარეში ჩატანილი მასის გამო კალაპოტიდან წყალი გადმოვიდა და ხიდები წაიღო. წამოსულმა მასამ წააქცია ხეები, დააზიანა „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ ინფრასტრუქტურა და ჩახერგა გზები.

შს სამინისტროს ცნობით, 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი, ადგილზე სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი ცხედარი იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამ დრომდე დაკარგულია ჩემი და, ძმა, დეიდაჩემი, მისი ორი შვილი და არის კიდევ ერთი გოგო, ჩვენი ბიძაშვილი 3 პატარა ბავშვით“ - მოქალაქე მარიტა გუტაშვილი

🎥 „ველოდებით სამაშველოს, თუ დროზე არ მოვა ყველანი ჩავიხრჩობით, უამრავი ბავშვი და მოხუცია“ - შოვში მყოფი მოქალაქე

🎥 „2,3 და 7 წლის შვილები და მეუღლე მეწყერში მოჰყვნენ, გთხოვთ დამეხმაროთ ვერ გადაიტანენ ღამეს“- სტიქიის ზონაში მოყოლილი ბავშვების მამა