„გარდენიას“ მფლობელი, ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე წერს, რომელიც გუშინ აჭარელ ქალებს ფრანგ სტუმრებთან ერთად ეწვია.
„საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრა გუშინ აჭარელ ქალებს, ფრანგ სტუმრებთან ერთად. შეაქო, გაამხნევა, მოიკითხა და მხარდაჭერა გამოუცხადა, სასახლეში დაპატიჟა თავიანთი ნაქსოვ-ნაქარგებით.
ბოლოს მათი შეკერილი ჩათაკაც მოირგო, რომელიც ძალიან მოუხდა, მოისმინა მათი მორიდებული, სასიამოვნოდ მოსასმენი გლეხური ამბები და ვფიქრობ, ნასიამოვნები გამოგვემშვიდობა.
დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, ამ გულალალი ხალხის, ქალების, მათი ნაკეთების მოწონებისთვის და მხარდაჭერისთვის.
ორი წლის წინ საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააფინანსა სამქარგველო სახელოსნო აჭარაში, კატალოგიც გამოიცა, ეს ამბავი მაშინ ძალიან დაგვეხმარა, წინ წაგვწია და დღევანდლამე მოიყვანა ეს საქმე.
ბევრი სტუმარი, ფოტოგრაფი, ტურისტი, მეგობარი, ახლობელი გვსტუმრობდა გუშინ..
არ დავიღლები მადლიერებით, ყველას მიმართ, ვისაც უყვარს ჩვენი პატარა, ფერადი ქვეყანა, ზრუნავს და აფასებს ყველაფერს ფასეულს და ნამდვილს.
ჩვენ კი დიდი და დიადი გეგმები გვაქვს და ეს ყველაფერი ძალიან სასიხარულოა!! აჭარელი ქალები დღესაც გიმასპინძლებენ გარდენიაში და ხვალ დაბრუნდებიან თავიანთ სოფელში, ღორჯომში.
მათი ფერადი ნაქარგების და ღუნღულა წინდების შეძენა კი გარდენიაში, ჩვენს პატარა მაღაზიაში შეგეძლებათ“, - წერს ზურა შევარდნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇