ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა, „ჰალ სიტიმ“ ქართველი მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდმა ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
არველაძისა და ჰალ სიტის შორის თანამშრომლობის დასრულების შესახებ მოგვიანებით თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„იმ კუნძულზე მუშაობა და ცხოვრება, რომელიც ნებისმიერი მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავს ბედნიერებას მანიჭებს და მიხარია, რომ ჰალ სიტიმ ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა. კლუბის შენების პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახალი მფლობელის ხელში ხვდება და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც ინგლისია, წარმოუდგენლად რთულია. ამჯერად, ეს ამბავი ისე არ გამოვიდა, როგორც ამას ყველა ვისურვებდით 8 თვის წინ, როცა ჩემპიონშიფში სადებიუტო მატჩი მქონდა.
მინდა აჯუნს და მის გუნდს ამ რთულ გზაზე დიდი წარმატება ვუსურვო. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, იმ ფორმით, როგორც შევთანხმდით და როგორც ამის დასაწყისში გვჯეროდა. არის საკითხები, რასაც დროსთან ერთად სწორი მიდგომა სჭირდება. საბოლოოდ, რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობამ დააშორა ჩვენი პოზიციები ერთმანეთისას, რაც გახდა კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. თუმცა, ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, ჰალ სიტი წარმატებული კლუბი გახდება.
მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს, ასისტენტებს, თანამშრომლებს, მთავარი გუნდის, აკადემიისა და სტადიონის პერსონალს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც ამ პერიოდის მანძილზე ვიმუშავე. მადლობას ვუხდი მედიას, რთულ და ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მთავარი მადლობა კი ფანებს ეკუთვნით, რომელთა მხარდაჭერა და შეძახილი Arveladze We’ve got.. ჩემი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება“, - წერს შოთა არველაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: