
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში დვალიშვილი გააქტიურდა და ამავე რაუნდში ნოკაუტთან ახლოს იყო, სენდჰეგენს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ, ხუთი რაუნდის შემდეგ, ქართველი გამარჯვებულად მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
გამარჯვება მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელში UFC-ის ორი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ მიულოცა:
„ძმაო, იმ ეტაპს მივაღწიეთ, როცა შენი გამარჯვებები თითქმის ჩვეულებრივად გვეჩვენება, მაგრამ ყველამ ვიცით, რამდენად რთულია იქამდე მისვლა.
სიამაყით ვამბობ: შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ! მუშაობის და თავდადების ნამდვილი მაგალითი, მებრძოლზე მეტი — შენ საოცარი ადამიანი ხარ, რომლის სულიც გულში ვერ ეტევა.
გვიყვარხარ, გიჭერთ მხარს და შენთან ერთად ვართ ყოველ ნაბიჯზე“, - წერს ილია თოფურია.
ასევე დაგაინტერესებთ: