მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
სამწუხარო ინფორმაციამ ქართველი ხალხი ძალიან დაამწუხრა. კინოსა და თეატრისთვის ზურა დიდი დანაკლისია.
გარდაცვლილს კოლეგა და მეგობარი თამარ მაყაშვილი სოციალურ ქსელში ემშვიდობება:
„წავიდა ჩემი ბავშობაც, ახალგაზრდობაც, სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური, დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ...“, - წერს თამარ მაყაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს, დეკემბერში, მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - ინფარქტის შედეგად მას გული გაუჩერდა. ამან ტვინის დაზიანება გამოიწვია. პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სერიოზული მკურნალობის კურსს გადიოდა ჯერ საქართველოში და შემდეგ გერმანიაში.
ზურა ბერიკაშვილი ლეგენდარული ქართველი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის ვაჟია. აი, რას ამბობდა იგი ერთ-ერთ ინტერვიუში:
„მე-10 კლასში ვიყავი, როცა დარწმუნებით განვაცხადე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი და მსახიობი გავხდებოდი. მართალია, ბავშვობაშიც ბევრჯერ მქონდა დადგმებში მონაწილეობის შანსი, მაგრამ მაშინ ნაკლებად ვინტერესდებოდი თეატრით. ხშირად ვესწრებოდი მამას რეპეტიციებს, კულისებიდან ვუყურებდი სპექტაკლებს. კარგად მახსოვს, როცა ბატონმა გურამ ლორთქიფანიძემ რუსთავში გახსნა ახალი თეატრი და სწორედ იქ გადავიდა მარჯანიშვილის დასის დიდი ნაწილი. უნიჭიერესი მსახიობების დადგმები ვნახე, ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა მაინც უზარმაზარი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ჩანს, საბოლოოდ სწორედ მათ განსაზღვრეს ჩემი მომავალი.
ამას საუკეთესო მეგობარი ბატონი კახი კავსაძე იყო. მთელი 30 წელი მეგობრობდნენ, სულ ერთად იყვნენ, თეატრშიც და ცხოვრებაშიც, ერთად წამოიწყეს ბიზნესიც, როცა პურის უზარმაზარი ყანები აიღეს იჯარით, თუმცა 1990-იან წლებში ყველაფერი რთული იყო და მათაც ძალიან გაუჭირდათ, რადგან სწორედ მაშინ დაიხურა ყველა პურის ქარხანა, არადა, ორივეს სახლის სანაცვლოდ ჰქონდა კრედიტი აღებული. უამრავ ნაცნობს მიმართეს დახმარებისთვის, ერთ დილას კი, როცა რომელიღაც სამინისტროსთან იდგნენ ნაცნობის მოლოდინში, ავტოინსპექტორი მიადგა, ვერ იცნო, საბუთები მოსთხოვა და არცერთს რომ არ აღმოაჩნდა, მანქანის გასაღები წაართვა. იქვე იყო მისი უფროსიც, რომელიც ინციდენტს შეესწრო, თვითონაც ძალიან შერცხვა და ინსპექტორიც შეარცხვინა, მერე კი, ორივე საქეიფოდ დაპატიჟა.
ხშირად ვამბობთ მეც და ჩემი დაც, რომ სულ თან გვდევს მამის აჩრდილი და ყოველთვის გვეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ არა მხოლოდ ძველ თაობას ახსოვს და უყვარს მამა, არამედ ახალგაზრდებიც იცნობენ.
მანანა 11 წლითაა ჩემზე უფროსი და პრაქტიკულად, მისი გაზრდილი ვარ. 4-5 წლის ვიყავი, ძალიან ცუდად მოვიქეცი, ნაცნობს ენა მივუტანე და ძალიან გამიბრაზდა. დღემდე მწარედ მახსოვს, როგორ გამტყიპა“, - იხსენებდა ზურა ბერიკაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაბადების დღეს გილოცავ!“ – ელენე ეპიტაშვილი ნინიკო მამარდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
🎥 გიორგი ძოწენიძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადაცემის წამყვანი გახდა