ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ნათლისღების დღესასწაულზე წერს:
„ყველას გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!
რას ნიშნავს და რა დატვირთვა აქვს ნათლისღებას?
მოდი, კარგად გავეცნოთ მოვლენებს:
დავიწყოთ იქიდან, რომ არსებობდა ორი ნათლისღება:
პირველი, მაშინ, როცა ძველი აღთქმის მიხედვით იუდაური წესით ადამიანი სხეულებრივ არაწმინდებას განწმენდდა, თუმცა ეს განწმენდა ვერ ათავისუფლებდა კაცობრიობას ცოდვად დაცემული ბუნებისგან. აი, მეორე ნათლისღების სცენარი კი შემდეგნაირია:
ვისაც „გააზრებულად“ გაქვთ ძველი და ახალი აღთქმა წაკითხული, ქრისტე ამბობს, რომ მოსულია რჯულის დასამოწმებლად. დამოწმება კი ნიშნავს იმას, რომ აღსრულდეს ის, რაც დაწერილია.
და მაშინ, როდესაც ქრისტე მიდის იორდანეს ნაპირებთან, ამ დროს იოანე ნათლისმცემელი წარმოთქვამს: ,,თქვენ შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ“. „მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლის ნათლის-ცემად მითხრა, ვისზეც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულიწმიდით ნათლისმცემელი".
ქრისტე, თავადაა ნათლის მიმნიჭებელი, მას არ სჭირდება ამ დროს ნათლობა, ამიტომაც ეუბნება იოანე ნათლისმცემელი მას: მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ნათლობისთვისო.
და მაინც რატომ იღო ქრისტემ ნათელი იოანესგან?
აბა, წარმოიდგინეთ: იოანე რომ ხალხთან კარდაკარ მისულიყო ან სინაგოგაში ეთქვა ქრისტეზე, სწორედ იგი იქნება რეალური ნათლის მიმნიჭებელი და მხსნელიო, ვინმე დაიჯერებდა?
კაცობრიობა, ოდითგანვე ითხოვს სასწაულს რწმენისთვის. ამიტომაც, როცა მომრავლდა ხალხი იორდანესთან, ქრისტე მამის სახელით ამოწმებს რომ იგია ჭეშმარიტი სინათლე და ისმის ციდან ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“. და სულიწმიდა მტრედის სახით გადმოვიდა მასზე.
ამის მხილველნი კი ჭეშმარიტად რწმენაში მოექცნენ და დაიწყო ნათლისღების ახალი და რეალურად მხსნელი პროცესი.
რამე თუ უწინდელი ნათლისღება, როგორც თავში ვახსენე ცოდვებისგან ვერ განბანდა ადამიანს, ამიერიდან კი ქრისტეს ნათლით განფენილ კაცობრიობას მიეცა შანსი სრული განწმენდის და დაკეტილი კარის გაღების.
აქ, ასევე ჩანს ქრისტეს უდიდესი თავმდაბლობაც და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ადამიანის სულიერი განვითარების არსი ჭეშმარიტად მის სათნოებასა და თავმდაბლობაშია.
უწინდელი განწმენდვით, როცა იოანე წყალში მონათლავდა ადამიანს მხოლოდ ამას ეტყოდა, რომ განრიდებოდნენ ცოდვას, რადგან იგი არ იყო მიმტევებელი, მაგრამ ქრისტეს ნათლის მინიჭებით კი ადამიანს ჩადენილი ეპატიება კიდეც და თავადვე ხდება სრულად ნათელი.
ასრულდა წინასწარმეტყველებაც, რასაც ამბობდა ძველი აღთქმა და იოანეც: „მე წყლით გნათლავთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი კი სულიწმიდით და ცეცხლით“.
სულიწმიდა და ცეცხლი კი მომენტია, როდესაც მოციქულებს მიეცათ სულიწმიდის ძალით ნიჭი გავრცელებისა იმ წმინდა საიდუმლოსი, რაც მოხდა, ითქვა და დაიწერა.
მაშასადამე, ამ ნათლობით საფუძველი ჩაეყარა აღსავლის კარის გაღებას და ქრისტიანული ფილოსოფიის ფუნდამენტური ელემენტის დამკვიდრებას.
ისე, აპოკრიფულ წერილებში არის იოანე ნათლისმცემელზე სახუმარო, კომიკური მომენტიც:
ნათლობისას, ვინც მეტად ურწმუნო და უხეში იყო იმას დიდი ხნით აჩერებდა წყალში გასაწმენდადო. ნუ, ეს აპოკრიფშია ნახსენები.
რაც შეეხება მტრედს: გიყვარდეთ მტრედები და გახსოვდეთ, სადაც მტრედია იქაა შერიგებაც.
მტრედი მშვიდობის სიმბოლოა.
მტრედის სახით გადმოვიდა სულიწმიდა და ასევე, იყო მომენტი, ნოეს დროსაც, როდესაც წარღვნა მორჩა, ღმერთის კაცთმოყვარეობა სწორედ მტრედმა აუწყა ზეთის ხილის რტოს მოტანით კაცობრიობას.
გილოცავთ! მრავალს დაესწარით! ყველას ღვთივსათნოდ, დიდი სიყვარულით, ქრისტიანულად გეცხოვროთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიყვარულის დრო მოდის...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან