27 ოქტომბერს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი - ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.
ხახუბიას ოჯახში წლების წინ დიდი ტრაგედია მოხდა. როგორც ცნობილია, 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა.
მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა.
„გუშინ დაზაფრულ, ღიმილგამქრალ ქალაქში გამოვედი. ჩემი ქუჩის კუთხეში მეწაღის სახელოსნოა, ერთი მშრომელი და ალალი კაცის. ხელით მანიშნა, ახლოს მივსულიყავი... ლაპარაკი უნდოდა... ტკივილის გაზიარება უნდოდა.
ნიკაპაკანკალებული მიყვებოდა, მისთვის ურთულეს დღეებზე, როგორ ძმასავით დაუდგა გვერდში ქალაქის დეპუტატი, შესაძლებელთან ერთად შეუძლებელიც რომ შეძლო და გადაურჩინა შვილი... მერე როგორ აუკრძალა მადლიერების გამოხატვა... ამ თემაზე ვინმესთან საუბარიც კი...
იქიდან მოყოლებული, როგორ ამბობენ მის ოჯახში იმედის, ადამიანობის, კაცობის, ფოთელობის სადღეგრძელოს ირაკლი ხახუბიას სახით.
მიყვებოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა.... რამდენი ასეთი ნამდვილი, გულწრფელი სიტყვა და მდუღარე ცრემლი მიჰყვება...
თავად გულგაგლეჯილს, კიდევ რამდენი ტკივილიანი, უსასოო ადამიანის იმედი მიაქვს...
ფოთი მისი ჭირისუფალია... იმ კაცის თვალებიდან წამოსული ალალი ცრემლებით ტირის ჩემი ქალაქი...“ - წერს ირმა გუგუშვილი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: