Digest Logo

„დღეს, ჩემი სასამართლოს სხდომაზე, 1.5 საათის განმავლობაში, ვისმენდი, თუ როგორი ავადმყოფი, ფსიქოპათი და არაადეკვატური ადამიანი ვარ“ - თამთა თოდაძე

1666978440
თამთა თოდაძე

„დღეს, ჩემი სასამართლოს სხდომაზე, 1.5 საათის განმავლობაში, ვისმენდი, თუ როგორი ავადმყოფი, ფსიქოპათი, არაადეკვატური, ყველასთან კონფლიქტური, უზრდელი, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი ვარ, რომ ჩემთვის დალევა არ შეიძლება, რადგან თუ დავლიე გაუწონასწორებელი ვხვდები და ა.შ.“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი თამთა თოდაძე წერს, რომელიც საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესში უფლებადამცველმა, სიცრუესთან ერთად, შეურაცხყოფასაც არ მოერიდა.

„სამწუხაროდ, მათი მხრიდან, ამას ვისმენ უკვე მეოთხე წელია, თუმცა დღევანდელი პროცესის შემთხვევაში, უფლებადამცველმა, ზედმეტად მოინდომა. ძალიან ბევრ საკითხში, ცალსახა სიცრუესთან ერთად, შეურაცხყოფასაც არ მოერიდა.

ცხადია, ყველაფერს გაეცემა პასუხი, შემდეგ სასამართლო პროცესზე, თუმცა მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ გარემოებაზე, დღეს გავიგე რომ:

თურმე, 2012-2013 წლებში გადატანილი ავარიების დროს თავის ტვინის ოპერაცია ჩამიტარდა, ნახევარი თავი პლასტმასის მაქვს და მეც კი არ ვიცოდი, თუმცა მათ იციან.(მადლობა რომ მითხარით) ამის შემდეგ კი ავადმყოფი ვარ, რომელიც ერთია რომ ყველასთან გამუდმებულ კონფლიქტშია და თან ამავდროულად, ყველას ეცოდება და ამიტომ იტანენ ნებისმიერ სოციუმში, სამეგობრო იქნება თუ სამსახური.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ თავად მე მივიტანე, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევის პასუხი, (თან ამბობენ მალავდა თავის ავარიებსო და თან თუ ავადმყოფი ვარ, ჩემი ხელით მივიტანე ჩემი „ავადმყოფობის დამადასტურებელი“ პასუხები? განსაკუთრებით, მაშინ როცა არავის არ უთხოვია მათი მიტანა...დამეთანხმენით, მათი ლოგიკა, ძალიან...) რათა იმ ცრუ ბრალდებებზე გამეცა პასუხი, რაც მანამდე ისმოდა, ჩემს გარშემო მათი მხრიდან. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ ამის საპირწონედ, დიაგნოზს მისვამს იურიდიული განათლების მქონე ადამიანი, რომელსაც სიტყვა რეგენერაცია, მინიმუმ რომ „ჩაეგუგლა“, ნამდვილად მიხვდებოდა ტომოგრაფიის პასუხის მნიშვნელობას, თუმცა ეს ხომ ის შემთხვევაა, როდესაც ცდილობენ, ოღონდ რაღაც მოიგონონ, რათა სირცხვილი ჩამოირეცხონ.

მოვითხოვ, წარმოდგენილ ბრალდებას დაერთოს თავისი დასაბუთება, ჯერ ოპერაციის დამადასტურებელი ისტორია და შემდგომ კომპეტენტური ნეიროქირურგის ანამნეზი. ესე დაბრალება და სასამართლოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება რა წესია?! ყველაფერი კი არ უნდა იკადრო ადამიანმა, მართლა სირცხვილია!

ალბათ ყველას გახსოვთ, როგორც როგორც თავიდან იგონებდნენ:

ხან დაწინაურება მინდოდა - მერე მიხვდნენ რომ სისულელეს ამბობდნენ და გაჩუმდნენ.

ხან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ვიყავი, რადგან ანაკლიის ბანაკში ვიყავი 5 დღით, ისიც პროექტ „კავკასიის კვირეულის“ ფარგლებში - ფაქტია, არასდროს არ ვყოფილვარ არცერთ პარტიასთან გაიგივებული, ვერ დამიმტკიცეს და იძულებულები გახდნენ გაჩუმებულიყვნენ.

ხან საზღვარგარეთ მინდოდა თავშესაფარი, არ დამავიწყდება, ჟურნალისტების კომენტარები, მათი უფლებადამცველი ამბობს, რომ აქვს ამის დადასტურებული, უტყუარი ინფორმაციაო...ამაზე ბევრიც დაიწერა მედიაში - ფაქტია, რომ არც თავშესაფარი მდომებია, შესაბამისად, არც მომითხოვია და არც ვაპირებ. უფლებადამცველს როგორი დადასტურებული ინფორმაციებიც აქვს ესეც ცალსახაა, უფრო ზუსტად, რას ეძახის დადასტურებულ ინფორმაციებს.

მის უფლებადამცველს, იმისიც კი არ შერცხვა, რომ ჩემი ავარიები, სადაც სიკვდილს ძლივს გადავრჩი, პროვოკაციად შეეფუთა, მერე ნახა რომ მორალური ზიანის სარგებელიც კი არ მომითხოვია და აქაც გაჩუმდა. ეხლა კი, ამ ავარიებს პირიქით, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების შეთითხნილი ისტორიისათვის იყენებს - ცომს ისე ზილავს, როგორც აწყობს, ოღონდ რამე გამოცხვეს.

ბოლოს, ვერცერთი ბრალდება რომ ვერ დაასაბუთეს, გადაწყვიტეს, რომ გიჟად შემრაცხონ, მეტი ფიზიკურად არ იციან რა მოიგონონ.

ხოდა მოვდივარ ეხლა ქუჩაში და ვფიქრობ, ზოგადად, არ მჩვევია თავის მართლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მართალი ვარ, თუმცა ისიც საშინელებაა, როდესაც ყოველგვარი ნამუსის ძაფი აქვთ გაწყვეტილი და იმ უდიდესი ტკივილის გარდა, რაც მოგაყენეს, ცალსახად ცდილობენ შენს დისკრიმინაციას და ამ ყველაფერზე პასუხის საშუალებაც არ გეძლევა...

ხოდა მოვდივარ ქუჩაში და ვფიქრობ, ღმერთო, იმდენი მეგობარი მყავს, რომლებიც ავარიამდეც მიცნობდნენ და ცხადია, ავარიის შემდგომაც. რომლებთანაც ბევრჯერ დამილევია და კიდევ ბევრჯერ დავლევ.
ამავდროულად იმდენ სამსახურში მიმუშავია და ისეთ აკადემიურ პერსონალთან მქონია შეხება, დავიჯერო ყოველი წარმატება, იმიტომ მაქვს რომ ყველას ერთად გეცოდებით?

P.S. ხოდა აი ამ ჭიქით, მაგ მოგონილი ბრალდებების სიმართლით იხარეთ თქვენ! ძალიან ვაფასებ თქვენს სამარცხვინო მცდელობას, თუმცა ძალიან მყარი ფსიქიკა მაქვს, მინდა დაგამშვიდოთ, გამგები გაიგებს!
 სიმართლე კი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იზეიმებს! ამაში ეჭვი არავის არ შეგეპაროთ!  “ - წერს თამთა თოდაძე.

 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი...“ - მებო ნუცუბიძე

🔵რა ქონებას ფლობენ ბასილაშვილი და დოროყაშვილი

🔵„კაცი ცოლს, თუნდაც ყოფილს, რას ჰგავხარ და დატყლარჭული ხარო - ეტყვი, მანდ გინდ მართალი იყავი, მაინც ბანძი არაკაცი ხარ, ჯიგარო“ - ბექა მჭედლიშვილი