ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული 54 წლის ლალი შიშმანაშვილის ახლობელი „კვირის პალიტრასთან“ ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, აფეთქების მომენტში სამი შვილის დედასთან ერთად სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შენობიდან გამოსვლა მოახერხეს, თუმცა ჩაწოლილი ფილების გამო დედის საძინებლის კარის გაღება ვეღარ შეძლეს.
„ჩემი მეგობარია ტყუპების დედა, მისი მეუღლე ადრე გადის სამსახურში და ეტყობა დილითაც წასული იყო. საბედნიეროდ, ტყუპები მალევე გადმოიყვანეს იქიდან, დედა ვეღარ... ტყუპები ამბობენ, რომ დედა ნანგრევებშია, ვერ გააღეს მისი საძინებლის კარი, რადგან სინკარები იყო მის ოთახში ჩაწოლილი. ტყუპების თქმით, დედა თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს უხმობდა კიდეც, მაგრამ მერე დაიკარგა მისი ხმა. მათი საძინებლები სხვადასხვა მხარესაა, ამბობენ, რომ დედას სხვა საძინებელში ეძინა, როცა ეს ძლიერი აფეთქება მოხდა. ისინი პირველ სართულზე ცხოვრობენ და ყოველ წუთას ველოდებით ჩემი მეგობრის უვნებლად გამოჩენას. ტყუპები კოლეჯის სტუდენტები არიან, არც ისე პატარები. მეცხრე კლასიდან გამოვიდნენ სკოლიდან. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ეძებენ ასევე მათი ბინის თავზე, მეორე სართულზე მცხოვრებ 6 წლის გოგონას და მის დედას. ეს 6 წლის გოგონა უსაყვარლესია, პირადად ვიცნობ, 127-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ენაწყლიანი, ძალიან საყვარელი ბავშვი, ვიცით, რომ ისინი სახლში იყვნენ. ასევე ამ დრომდე ეძებენ ისევ მეორე სართულზე მაცხოვრებელ კიდევ ერთ ოჯახს, დედას და მის ორ შვილს, 3 წლის და 7 წლის ბავშვებს. იმედს არ ვკარგავთ და ველოდებით მაშველებისგან მათ გადარჩენას. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი“, - აღნიშნა დაღუპულის ახლობელმა.
კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის ცხედარი სავარაუდოდ იპოვეს, 54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი. ლალი ამ კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა და აფეთქების დროს მასთან ერთად სახლში მისი ტყუპი შვილები იყვნენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ტყუპ დებს ეძებდნენ, მაგრამ მათი ახლობელი აცხადებს, რომ საბედნიეროდ ტყუპმა დებმა შენობიდან გამოსვლა შეძლეს.
„ლალი საოცრად კეთილი, თბილი და გულწრფელი ადამიანია. პატიოსნება მისი ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება იყო, ყურადღებიანობითა და სიყვარულით კი ყველას თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებდა. შეეძლო სხვისი სიხარულიც გაეზიარებინა და ტკივილიც გულთან ახლოს მიეტანა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო მისი დედობრივი სიყვარული - შვილებზე გადაყოლილი, მათ ბედნიერებასა და მომავალზე უსაზღვროდ მზრუნველი დედა. სამი შვილის ჰყავს, ბიჭი და ორი ტყუპი გოგონები. ისე საოცრად თბილი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, რომ ყველას უყვარდა. სხვისი ბედნიერება რომ უხარია და სხვისი ტკივილი რომ სტკივა. 54 წლისაა ლალი, პედაგოგიური აქვს დამთავრებული, ფილოლოგია და კერძო რეპეტიტორად მუშაობდა. მისი გული სიყვარულით იყო სავსე, მისი სიკეთე კი იმ ადამიანების მოგონებებში დარჩება, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა. ლალი ისეთი ადამიანი იყო, რომლის წასვლაც სიცარიელეს ტოვებს, მაგრამ მისი სითბო და ნათელი ხსოვნა არასოდეს გაქრება. დიდი ტრაგედიაა.
მისი ბინის თავზე ცხოვრობდა ის 6 წლის საყვარელი გოგონა, რომელიც ხშირად ლალისთან იყო ხოლმე. საოცრად კარგი ბავშვია. როგორც ვიცი, ჯერ ეს ბავშვი ნაპოვნი არ არის. იმედს არ ვკარგავ, იქნებ მოხდეს სასწაული და გადარჩეს. გავრცელდა ლალის დაღუპვაზე ინფორმაცია, მაგრამ მე მაინც არ მინდა ამის დაჯერება. არ კარგად იმედს, რაღაცას ვებღაუჭები. იქნებ იმ ორ ადამიანს შორის არის, ვისაც კიდევ ეძებენ. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ახლა მისი მეუღლე წავიდა პროზექტურაში და უნდა ამოიცნოს. სანამ ეს პროცედურა არ ჩატარდება, მე მაინც არ მინდა იმის დაჯერება, რომ ლალი აღარ არის ცოცხალი. მას წნევები აწუხებდა, იქნებ გონება დაკარგა, იქნებ კიდევ სადმეა და ცოცხალია”, - ამბობს დაღუპულის ნაცნობი.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 1 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: kvirispalitra.ge