ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გამოეხმაურა და ფოტორეპორტიორი ემოციურად გაიხსენა:
„ბადრი ვადაჭკორია, ადამიანი, რომელმაც თავისი ობიექტივით დროის ისტორიას უამრავი დაუვიწყარი კადრი შემოუნახა.
უამრავი არქივი საქართველოს კულტურის პალატის თითქმის ყველა პროექტის და ყველა ვარსკვლავის გახსნის
მშვიდობით კარგო ადამიანო“, - წერს დავით ოქიტაშვილი.
ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორია საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად 1971 წლიდან მუშაობდა. იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი.
1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. იყო საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
ასევე იგი იყო საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005).
ბადრი ვადაჭკორია იყო 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უდიდესი ტკივილი და დანაკლისი განვიცადე...“ - გიორგი ნიკოლავა ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალებაზე