ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში მისი კოლეგა, გიორგი ნიკოლავა ეხმაურება:
„დღეს უდიდესი ტკივილი და დანაკლისი განვიცადე — გარდაიცვალა ჩემი უფროსი მეგობარი, მასწავლებელი და მრჩეველი, გენიალური ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია.
საქართველომ დაკარგა ეპოქალური პიროვნება, უდიდესი ღვაწლის მქონე ხელოვანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეუფასებელი მემკვიდრეობა დაუტოვა. მისმა ობიექტივმა ათწლეულების განმავლობაში შემოინახა საქართველოს სული.
მას ძალიან უყვარდა ფრაზა: „ნუ დავიწყებთ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა...“ — და თვითონაც ზუსტად ასეთი იყო: ერთგული, ღირსეული და თბილი.
დარწმუნებული ვარ, ვინც კი მას იცნობდა, არც არავის დაავიწყდება.
მშვიდობით მეგობარო ნათელი დაგიმკვიდროს უფალმა“, - წერს გიორგი ნიკოლავა.
ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორია საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად 1971 წლიდან მუშაობდა. იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი.
1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. იყო საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
ასევე იგი იყო საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005).
ბადრი ვადაჭკორია იყო 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
⭕ რა უნდა ვიცოდეთ „ზაფხულის დაავადებების“ თავიდან ასარიდებლად