ესპანეთში მოიხაზა ბოლო კონტურები წიგნისა, რომელიც მსოფლიოს დაუჯერებელ ისტორიას მოუყვება ქალზე, რომლის შვილიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქალზე, რომელმაც სოხუმიდან ალიკანტემდე დიდი და ტრაგიკული გზა გაიარა და ამ გამარჯვების თანაზიარი გახდა.
აღნიშნული წიგნი ინგა ბენდელიან-თოფურიაზე, UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას დედაზე იწერება.
წიგნიდან მიღებული ჰონორარის ნაწილი, ქართველი გმირის, აგვისტოს ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული, გიორგი ანწუხელიძის შვილებს დაენიშნებათ.
წიგნიდან ამონარიდს მწერალი, წიგნის ავტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„ჭუბერიდან დარჩელისკენ სატვირთოთი იარეს. მტვერი წვიმასავით ცრიდა ბრეზენტში და ერთმანეთს ძლივსღა ხედავდნენ. უფრო გრძნობდნენ, ვიდრე ხედავდნენ. მშვიდობის გაგება ჭირდა, იმდენად უცხო იყო ჩასაფრებული სიკვდილისგან ასე შორს ყოფნის განცდა. გადაჩვეული მშვიდობა პატარა ზომის პერანგივითაა, ყელთან გიჭერს და გგონია, სადაცაა გასკდება, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ინგა ვერც ამ „პერანგს“ ამჩნევდა. სიცოცხლე, როგორც ვალდებულება, უცნაურ ავადმყოფობას ჰგავს - უგრძნობლობის ჯოჯოხეთური გისოსები სამყაროსგან გაცალკევებს - დედამიწა სადღაც მიღმა არსებობს და იღიმის. ყველა ღიმილი გაუგებარია. ყველა ღიმილი უცხო. გაუქმებული სიხარული ჭაობს ჰგავს. დამშრალ ჭაობს, სადაც აღარც ბაყაყები ყიყინებენ. სიკვდილიც კი სულერთია. ანუ კი არ გინდა - უბრალოდ სულერთია. უმნიშვნელო.
ხოლო დარჩელი სოფელია სამეგრელოში. ყველა მეგრული სოფელი ლამაზია. ძალიან ლამაზი. დარჩელში ინგას დეიდა, სულიკო ცხოვრობდა. ისიც ძალიან ლამაზი. ბავშვები და ინგა ისეთი გამურულები იყვნენ, თავიდან ვერ იცნო და როცა იცნო, სიხარულისგან აკივლდა სულიკო. შეცხადების კივილს ჰგავდა - ცოცხლები აღარ მეგონეთო. სიცოცხლისა და სიკვდილის ცნობას თანაბარი ძალა ჰქონია. სულიკო კანკალებდა და ბავშვებს ეფერებოდა. კანკალებდა და ტიროდა.
ტიროდა ყველა. კაცებიც ტიროდნენ. მხოლოდ ინგა არ ტიროდა. რადგან ტირილსაც სჭირდება ვნება. სავალდებულო სიცოცხლით ვერ იტირებ.
ღამით, სხვა ოჯახებს შეფარებული დევნილებიც სულიკოსთან შეიკრიბნენ. სათქმელი მოკლე იყო და დარდი გრძელი:
- მე ძმა მომიკლეს!
- მე - დედ-მამა!
- მე - ორი შვილი!
- მე - შვილი!
- მე - ქმარი!
- მე - ძმა და ქმარი!
- მე - დეიდაშვილი!
- მე - ბიძაშვილი!
მე - გადავრჩი!
მე - გადავრჩი!
მე - გადავრჩი!
ეს იყო მთელი ღამის მანტრა. ალბათ მომდევნო ღამისაც და ყველა ღამის.
დარჩელიდან ცაიშში ფეხით წავიდნენ. ფეხით და ურიკებით. ურიკებზე ბავშვები ისხდნენ. „ტაჩკებზე“, როგორც მაშინდელ საქართველოში ეძახდნენ. ცაიშში მატარებელს უნდა ჩამოევლო და ცოტა ხნით ჩერდებოდა. ჩამოიარა, ოღონდ სატვირთომ. სამი ვაგონი ცარიელი ჰქონდა. უსახურავო. ხის კიბე მიადგეს და ჩახტნენ. ვაგონის იატაკზე ნაწვიმრის გუბეები იდგა. მაზუთში არეული წყალი ფერადია და ციმციმებს. ბავშვებს თვალი მოსწყვიტა ჭრელმა გუბეებმა. დარბოდნენ ვაგონში და წყალში ფეხს ატყაპუნებდნენ - ყვიროდნენ, ცისარტყელაზე გავიარეთო. ბავშვობა დიდი ჯავშანია. ამ ბავშვებს ყველაფერი დიდი ჰქონდათ. ტანსაცმელი - ნათესავის გამონაცვალი და დიდი. ფიქრი - ხუთი ზომით დიდი. დარდი - ათი ზომით დიდი. მაგრამ მაინც ბავშვები იყვნენ, ბავშვობის ჯავშანს შეფარებულები და ომშიც შეეძლოთ გახარება. გახარება ვაგონის იატაკზე ფერადად დაგუბებული წყლის გამო.
მძაფრი, აუტანელი სუნი იდგა. ინგა სუნს ვერ გრძნობდა. უფრო ხედავდა, რადგან დანარჩენს მგზავრებს ცხვირზე ტანსაცმელი ჰქონდათ აფარებული და თვალებიდან ცრემლი სდიოდათ. მზე ანათებდა, მაგრამ ცივი იყო მზე. ნოემბრის მზე და ნაომარი. ნაომარ მზეებს ბევრი გაზაფხული სჭირდებათ, რომ გათბნენ.
მატარებელი სენაკში გაჩერდა. მიადგეს ისევ ხის კიბე და ჩამოვიდნენ. სადგურში სხვებიც დახვდნენ. უკვე მეორე დღეა, ელოდნენ თბილისის რეისს. მატარებელი მაშინ ასე დადიოდა - ნელა. ხან ძაბვა ვარდებოდა და სადღაც მინდორში იდგა საათობით. იქ ხან აყაჩაღებდნენ, ხან - არა. იღბლის ამბავი იყო. იღბლისა და შემთხვევის. შემთხვევა და დამთხვევა კი ამბავში ბევრია. შემაშინებლად ბევრი.
მატარებელი სენაკიდან თბილისისკენ 18 ნოემბერს დაიძრა. 18 ნოემბერი გიორგი ტლაშაძის დაბადების დღეა. ვისაც ამდენმა საშინელმა ამბავმა ფიქრი გაგიფანტათ, გიორგი ინგას ქმარია. ანას და მარიამის მამა. მატარებელს რომ გორთან უნდა გაევლო და გორთან რომ სოფელია, ხიდისთავი და იმ სოფლის გორაზე რომ სასაფლაო - იქ წევს გიორგი. ეს წოლაც, ეს გზაც და მატარებელიც ომის საქმეა. იქ, მარცხნივ, ვაგონის ბოლოს, ფანჯარასთან, სადაც სიგარეტის მოსაწევი ადგილია, ომის დგას და იცინის.
წიგნიდან“, - წერს გიორგი კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ 18 სექტემბრიდან, მთვარის დაბნელების პერიოდში? - ანზორ ოდიშარიას რჩევები