ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც „თეთრ ველუტეს“ რეცეპტს გვიზიარებს:
„ზამთრის „მეტაბოლური საცობები“ და ჩემი პასუხი - ველუტე (Velouté) დეტოქს-ეფექტით.
ზამთარში ჩვენი სხეული ბუნებრივად გადადის ენერგიის კონსერვაციის რეჟიმში. ამას ემატება სადღესასწაულო სუფრები, რაც საბოლოოდ „მეტაბოლური საცობებით“, სახის შეშუპებითა და სიმძიმის შეგრძნებით სრულდება.
ტრადიციული სუფრა მდიდარია ნატრიუმით (მარილით), რაც სისხლში ზრდის ოსმოსურ წნევას და „აიძულებს“ უჯრედებს, შეაკავონ სითხე. შედეგი? შეშუპება და დაღლილი იერი.
ჩემი გადაწყვეტა?
ეს არ არის უბრალოდ სუპი. ეს არის სამკურნალო სითხე, რომელსაც „თეთრ ველუტეს“ დავარქმევ. მიზანია ნატრიუმ-კალიუმის ბალანსის აღდგენა. ვიყენებ კალიუმით მდიდარ ინგრედიენტებს, რომლებიც ბუნებრივად „დევნიან“ ჭარბ სითხეს და აღადგენენ სიმსუბუქეს.
არ ვხარშავ ბოსტნეულს „უბრალოდ“. ვიყენებ ფრანგულ ტექნიკას - Sweating (მოშუშვა ფერის შეუცვლელად) და Bouquet Garni-ს (არომატული თაიგული), რათა მივიღო აბრეშუმისებრი, კრემოვანი ტექსტურა ნაღების გარეშე.
გიზიარებთ რეცეპტს, რომელიც თქვენს ზამთრის რაციონს ხელოვნების ნიმუშად აქცევს.
ინგრედიენტები (6 პერსონაზე):
ბაზა:
• ნიახურის ძირი – 800 გრ.
• ცერეცოს ბოლქვი – 300 გრ (ბუნებრივი სპაზმოლიტიკი, ხსნის შებერილობას).
• პრასი – 250 გრ (მხოლოდ თეთრი ნაწილი, პრებიოტიკების წყარო).
• მწვანე ვაშლი – 150 გრ (ბალანსისთვის).
• ნიორი – 3 კბილი.
სითხე და ემულსია:
• ბოსტნეულის ბულიონი – 1.5 ლ.
• ზეითუნის ზეთი (EVOO) – 45 მლ.
• ქოქოსის რძე – 100 მლ.
• ლიმონის წვენი – 20 მლ.
სანელებლები (Bouquet Garni):
• დაფნა, ბეგქონდარა, ოხრახუშის ღეროები, ქინძის თესლი (მარლაში გახვეული).
მომზადების ტექნოლოგია:
1. მომზადება: ნიახურის ძირი დაჭერით კუბებად და მოათავსეთ ლიმონიან წყალში, რომ ფერი შეინარჩუნოს (თეთრი სუპი). პრასი დაჭერით ნახევარმთვარისებრად და გულმოდგინედ გარეცხეთ.
2. მოშუშვა: სქელძირიან ქვაბში, დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ პრასი, ცერეცო და ნიორი ზეითუნის ზეთში. მთავარი წესი: ბოსტნეული უნდა დარბილდეს, მაგრამ არ უნდა გაყავისფრდეს!
3. დაამატეთ ნიახურის ძირი და ვაშლი. დაასხით ცხელი ბულიონი და ჩაუშვით Bouquet Garni (სანელებლების თაიგული). ხარშეთ 25-30 წუთი.
4. ემულსიფიკაცია: ამოიღეთ სანელებლების თაიგული. მასა დააბლენდერეთ მაღალი სიჩქარით გლუვი ტექსტურის მიღებამდე. დაამატეთ ქოქოსის რძე.
რჩევა: იდეალური ტექსტურისთვის გაატარეთ საცერში.
სერვირება:
თეფში უნდა იყოს ტილო. თეთრ ველუტეს ვაფორმებთ სამი შრით:
1. ზურმუხტისფერი ზეთი: (დაბლენდერებული და გაწურული მწვანილი + ზეთი) – მოასხით წვეთებად კონტრასტისთვის.
2. წვრილად დაჭრილი, ლიმონში დამარინადებული უმი ვაშლი და ნიახური – Al dente ეფექტისთვის.
3. მოხალული ნიგოზი: ხრაშუნა ტექსტურისთვის.
შენიშვნა: კერძი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და ვიტამინ K-ს. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ადამიანებმა და მათ, ვინც იღებს ვარფარინს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თქვენ როგორ ებრძვით პოსტსადღესასწაულო სიმძიმეს?“, - წერს ნატა გაგუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ ხდება ადამიანი ცუდად დეტოქსის დროს - აქვს თუ არა სხეულს რესურსი, რომ ეს სწორად გააკეთოს?