Digest Logo

„წავიდა ვალმოხდილი ქვეყნის წინაშე, იყო ნამდვილი ქალაქელი ინტელიგენტი, შესანიშნავი მეგობარი, მეუღლე“ - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

1722520447
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ცნობთ, იგი ბოლო დროს ავადმყოფობდა. 

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

„საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა შესანიშნავი პიროვნება და ექიმი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი. პირველმა საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ 1984 წელს დაიწყო შიდსის პრობლემაზე მუშაობა. მისივე ძალისხმევით ქვეყანაში შეიქმნა შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური, რომლის ძალისხმევითაც ქვეყანამ შესაძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით.

უდიდესია თენგიზ ცერცვაძის დამსახურება ქართული ჰეპატოლოგიური სკოლის განვითარებაში, პირველ რიგში ვირუსული ჰეპატიტების დარგში. ის იყო მსოფლიოში უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი. უაღრესად მნიშვნელოვანია მისი წვლილი B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის დანერგვის, აგრეთვე COVID-19-ის კლინიკური მართვის საქმეში.

თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოპოვებული იყო 20-ზე მეტი საერთაშორისო გრანტი და განხორციელებულია ამდენივე ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო პროექტი აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებების დარგში. შრომების ნაწილი შესრულებულია წამყვან ამერიკელ მეცნიერებთან და ცენტრებთან ერთად. მთელი რიგი სამეცნიერო ფაქტები პირველადაა მოპოვებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და/ან საქართველოში, ხოლო ზოგიერთი კვლევა ინოვაციურია საერთაშორისო მასშტაბით.

2009 წელს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.

თენგიზ ცერცვაძე იყო ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის და მრავალი საერთაშორისო საზოგადოების/ასოციაციის წევრი, საქართველოს შიდსის ასოციაციის პრეზიდენტი.

თენგიზ ცერცვაძე იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია რეცენზირებად ჟურნალებში, მათ შორის მაღალი „იმპაქტ ფაქტორის“ მქონე გამოცემებში. სისტემატურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში, მათ შორის მოწვეული სპიკერის რანგში.

თენგიზ ცერცვაძე დაჯილდოებული იყო საქართველოს ღირსების ორდენით; 

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF) ჯილდოთი;

ევროპის ბიზნესს ასამბლეის „დედოფალ ვიქტორიას მედლით“.

იყო ქ. თბილისის საპატიო მოქალაქე.

2011 წელს საქართველოში მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის მიენიჭა ეროვნული პრემია.

თენგიზ ცერცვაძე წლების განმავლობაში ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ საექიმო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ინფექციურ დაავადებათა დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.

თენგიზ ცერცვაძე გამოირჩეოდა არაორდინარული ნიჭიერებით, ლიდერის თვისებებით, კეთილსინდისიერებით, უანგარობით, საქმისადმი და ადამიანებისადმი უდიდესი ერთგულებითა და სიყვარულით, მაღალი ერუდიციით. ის იყო ნამდვილი ქალაქელი ინტელიგენტი, შესანიშნავი მეგობარი, მეუღლე.

თენგიზ ცერცვაძე წავიდა ვალმოხდილი ქვეყნის წინაშე. დაე, მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა!“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ასტროლოგიური ინფორმაცია მათთვის, ვინც 1994 წლის 18 სექტემბერს და 2004 წლის 13 აპრილს დაიბადა

ქეთა თოფურიას მესამე შვილი შეეძინა - ცნობილია რა დაარქვა მომღერალმა ჩვილს

⭕ როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ ლაშა ბექაურს გამარჯვება - ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხბურთელი