სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ ერთ-ერთი მომხმარებელი სახალისო ისტორიას აქვეყნებს, რომელიც მას დედაქალაქში გადახდა.
„დღეს სკოლიდან მთაწმინდაზე რომ ავდიოდი, მოვიდა ტაქსი, რომლის წინა სავარძელზე მოთავსებული იყო საწუწნი კამფეტები, წვენები, წყალი, ქაღალდის ცხვირსახოცები.
მძღოლს ვეკითხები, ამეებით ვაჭრობთ-მეთქი და გაეცინა, არაო, მგზავრებისთვის არისო, აიღეთ, რაც გენებოთო.
აი, წინ კიდევ მაქვს პატარა ბიჭებისთვის ფერადი სათამაშო მანქანები და გოგონებისთვის - ფუმფულა თოჯინებიო და ესენიც მაჩვენა.
ვთხოვე, თუ შეიძლება ფოტოს გადავიღებ-მეთქი და დამრთო ნება. გვარით დავინტერესდი და კვარაცხელია აღმოჩნდა.
მეგრულად არ გამცა პასუხი და ჩასვლისას ვუთხარი, არ თქვათ ახლა, რომ მეგრული არ იცით-მეთქი და ქო, პატონი, მუჭო ვამიჩქუ? - მიპასუხა (კი, ბატონო, როგორ არ ვიციო?)
საღამოს მთაწმინდიდან რომ მოვდიოდი, კახელი მძღოლი შემხვდა, წინ ბოლტის ტაქსი იდგა ზოლში, ვაგლახად ბოდიალობდა და დაიწყო ამ კაცმა ტაქსების თემებზე საუბარი. მეც ავყევი. კვარაცხელიას კანფეტებიანი მანქანა გამახსენდა და ვუთხარი. გაოცდა. ფოტო მაჩვენეთო. ვაჩვენე. მაშ, მე მგზავრებს მანქანაში მწვადები და ღვინო ან ჩურჩხელები უნდა დავახვედრო თუ რა უნდა ვქნაო? გაუფრენია მაგასაო.
მეგრელმა რომ ეგ ქნა, მანდ რაღაც ძაღლის თავია დამარხულიო. ალბათ ასე მეტ ფულს შოულობს, ხალხს აბოლებსო. რატომ იფიქრეთ ასე-მეთქი? - სხვა ხალხია ეგენიო, თქვენ არ იცნობთო. მე კახელი კაცი ვარ და ცოლი მყავდა მეგრელიო და მაგის ნათესავებმა შემჭამეს და დავშორდიო. ბიძა-ბიცოლა და სიდედრი ჩემს საოჯახო საქმეებში ერეოდნენ და იყოს ახლა თავითვინ იმ თავის შვილთანო...
ვცადე წამომეკნავლა, რომ ყველა მეგრელი ასეთი არაა, მაგრამ რომ მოხსნა გუდას პირი, რუსთაველიდან კუკიამდე სულ მეგრელები ლანძღა და ათრია.
ჩასვლისას მითხრა, მე აი, ახლა ხუთ ქულას დაგიწერთ და თქვენც ხუთი ვარსკვლავი დამიწერეთო. მე ვუთხარი, მეგრელების ასე უღმერთოდ თრევა კი ვერ მოგიწონეთ, მაგრამ, რა ვქნა, ძალიან მიყვარს კახელები და მაინც დაგიწერთ ხუთ ვარსკვლავს და გულსაც ზედ მივაყოლებ-მეთქი.
- რაო, მეგრელი ხარო?
- საუბედუროდ, ასეა-მეთქი...
- იქაური არა, აქაური იქნებიო...
- არა, სამწუხაროდ, იქაური ვარ-მეთქი...
- მერე ახლა რაც შენ გამიკეთე, ეგ არ არის მეგრული შტუკაო?
- რა გაგიკეთეთ-მეთქი?
- მალანძღინე მეგრელები მთელი გზა და ახლა მეუბნები, რომ მეგრელი ხარო?
- რა ვქნა, ჩემო ბატონო კონსტანტინე ადოლაშვილო, ყველგან ეს გასაწყვეტი მეგრელები არიან და ცოტა ფრთხილად ხომ უნდა იყოთ თქვენცა-მეთქი, ვა?“,- წერს ფეისბუკმომხმარებელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი ხანდაზმულია...“ - რას წერს თამუნა მუსერიძე
⭕„ადამიანი უმადური არ იბადება, მერე ხდება, გარემოებისდა მიხედვით...“- რას წერს გია ჯაჯანიძე