
13 წლის წინ 17 წლის ბერი, ანდრია მძიმე სენით გარდაიცვალა. მისი დედა, თინათინ ჩხვიმიანი, რომელიც ბერი ანდრიას სახელობის ფონდს უდგას სათავეში და პატარა ონკოპაციენტების მკურნალობასა და შემდგომ რეაბილიტაციაზე ზრუნავს.
დედა თინათინი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც სოხუმის ომის პერიოდი გაიხსენა:
„დავიბადე სოხუმში, იქ გავიზარდე, სკოლა დავამთავრე, ბედნიერი და ფერადი ცხოვრება მქონდა. ვმუშაობდი სახელმწიფო ანსამბლში, ვცეკვავდი. მქონდა გასტროლები სხვადასხვა ქვეყანაში, კონცერტები, ძალიან ბედნიერი იყო მილედი სოხუმში.
ერთ უბედურ დღეს, როდესაც ომი დაიწყო, 20 წლის ვიყავი. მეგობრები დაბადების დღეზე ვიყავით, რეკავდა სახლის ტელეფონი და ყველა თავის შვილს ეძებდა. ვკითხულობდით რა მოხდა, გვითხრეს ომი დაიწყო. ვერ დავიჯერეთ, სამწუხაროდ, ჩემ აფხაზ მეგობრებს მაინცდამაინც არ გაუკვირდათ. როდესაც ვიშლებოდით, დაგვემშვიდობა და თქვა, ალბათ მე თქვენ მეტჯერ ვეღარ გნახავთო.
ომის დროს შევქმენით ოჯახი მე და ჩემ მეუღლემ, ვემზადებოდით ქორწილისთვის, ყველა დაბრუნდა, სკოლებში სწავლა განახლდა, გვგონია, ყველაფერი დამშვიდდა და ერთ დღეს ეს შეთანხმება ისევ დაირღვა. მე სადაც ვცხოვრობდი, წინა ხაზი იყო და ყველაფერი ისმოდა, სახლში ვიჯექით და როცა ტყვია შემოფრინდებოდა, ბედის ანაბარა ვიყავით. როცა სირენები ირთვებოდა გავდიოდით იქით ოთახებში, რომ ფანჯარას მოვშორებოდით.
გავიარე სწრაფი კურსი, დავეუფლე მედდის პროფესიას, რომ დავხმარებოდი მედიკოსებს, მეორე სატანკო ბატალიონში ვასრულებდი მედდის ფუნქციას, წინა ხაზზე გავდიოდით, შემოგვყავდა დაჭრილები. ისე გავაკეთე, რომ ჩემ ძმებთან ახლოს ვყოფილიყავი, არცერთი დღე არ მიმიტოვებია, ერთადერთხელ გადმოვფრინდი ქუთაისში, ჩემი რძალი სამშობიაროდ გადმოვიყვანე.
სვანეთის უღელტეხილზე, 4 თვის ორსული მოვდიოდი 9 დღე-ღამე“, - იხსენებს თინათინ ჩხვიმიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე სპორტული, სიმპათიური“ - ირაკლი მაქაცარია სპორტდარბაზში ვარჯიშობს
⭕მაკა ზამბახიძე აუზზე გადაღებულ პიკანტურ ფოტოებს გვიზიარებს - „ზაფხული“