64 წლის ასაკში მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ მეუფე სერაფიმე ჯოჯუას შაბათს, 14:00 საათზე ქოშიგორას მონასტერში დაკრძალავენ:
„დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ გუშინ, გვიან ღამით, 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მეუფის ხსოვნა.
მისი ცხედარი დღეს, 5 ნოემბერს, დასვენდება სიონის საკათედრო ტაძარში და სამი დღის მანძილზე გადახდილ იქნება პანაშვიდები, წირვები კი დაიწყება 9:00 საათზე.
გამოსვენება შედგება შაბათს, 14:00 საათზე, დაკრძალვა კი, - ქოშიგორას მონასტერში, იქ, სადაც მეუფე სერაფიმე ბოლო დროს მოღვაწეობდა“, - წერია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, მიტროპოლიტი სერაფიმე დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე.
1991-1992 წლებში თამაზ ჯოჯუა იმყოფებოდა მარტყოფის მამათა მონასტერში მორჩილებაში. 1992 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) მორჩილი აკაკი ვარძიაში ბერად აღკვეცა და წმინდა სერაფიმ საროველის პატივსაცემად უწოდა სახელი სერაფიმე და დაადგინა ფოკას მამათა მონასტრის წინამძღვრად, ოქტომბრის თვეში ფოკას მონასტერში აკურთხა ბერ-დიაკვნად.
1992 წლის 26 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი სერაფიმე სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.
2002 წლის 17 ნოემბრამდე მეუფე სერაფიმე ხელმძღვანელობდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას, ხოლო ამის შემდეგ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: