Digest Logo

„ცოტამ თუ იცის, რა არის ნამდვილი სოფელი...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1722416206
მწერალი, პროზაიკოსი

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მორიგ, საინტერესო შინაარსის პოსტს აქვეყნებს, სადაც სოფლის შესახებ წერს და იმ ემოციებს გადმოსცემს, რომელიც სოფელს უკავშირდება.

„ცოტამ თუ იცის, რა არის ნამდვილი სოფელი, მით უფრო ოცი წლის წინ. რადგან სოფელი მაშინ, არის დეკემბრის დასაწყისი, დიდი ნაწვიმარი და ღრუბელი და ჭიშკრის წინ დგომა, გამოცდილი მსუბუქი ქარით და დაზეპირებული ყრუ ტკივილით - სადღაც, სხვათა შორის გამოხრული კბილის, რომელშიც დილით ჭაჭა დაიგუბე და არ გიშველა. და გაქვს სუნი ოტკის და პომიდვრის შენახულის, ხოფას კალოშებში ან მომაკვდავ ბათინკებში შესულ წყალს გრძნობ და არ იმჩნევ.

არ იმჩნევ არც კბილის ტკივილს, არც ამ წყალს, არც ახალ წელს, რომელიც მალე უნდა მოვიდეს და არც ძველს, რომელიც მალე წავა. არ იმჩნევ მეზობელს, რომელიც დგას და გელაპარაკება კვირკვილებზე და ნადირობაზე, არც ძაღლს, რომელიც არ გელაპარაკება, მაგრამ კვირკვილებზე და ნადირობაზე ლაპარაკს ეთანხმება.

ყველაფერი პარალელურია და შეუმჩნეველი. ყველაფერი უფიქრო - მხოლოდ, ისიც ხანდახან, ფიქრობ ყავისფერ ბათინკზე, რომელიც ოდესღაც ფრაიბურგში გერმანელ კაცს ეცვა და მერე მამიდაშვილს და მერე მამიდაშვილმა გამოგიზავნა. ფიქრობ იმ გერმანელზეც: ნეტავ სად არის ახლა, როგორი ბათინკი აცვია? ფიქრობ და მერე სახლში შებრუნდები. შებრუნდები და საღამომდე აღარ გამოხვალ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „მოუთმენლად ველოდებით სექტემბრის დადგომას, რომ თქვენთან ერთად ვიფუსფუსოთ“ - ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე ახალი სეზონიდან „ჩვენი ოჯახის“ დიდ გუნდს უერთდებიან

⭕ტრაგედია ცნობილი თურქი მსახიობის ოჯახში - „ამიერიდან ცხოვრება ჩემთვის მუდამ მწარე და არასრული იქნება“