Digest Logo

„ცუდია, როცა ბავშვებს გამონაცვალი, ორი ზომით დიდი ტანსაცმელი აცვიათ...უფრო უარესია, როცა პატარებს ორი ზომით დიდი ფიქრი დააქვთ გულით...“ - გიორგი კეკელიძე

1753859607
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე ხშირად უზიარებს საზოგადოებას გულწრფელ, ოჯახურ გარემოში გადაღებულ სასიამოვნო კადრებს. ამასთან იგი, საკუთარ საქმესაც არ ივიწყებს და პერიოდულად, წიგნებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს. თავისი ახალი ლიტერატურული ჩანაწერით კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორ მნიშვნელოვანია სიკეთე, თანაგრძნობა და ბავშვებისთვის ბავშვობის უფლება.

„- მოგიყვები, - უთხრა ავთოს ავტომ კუპატას, რომელსაც თქვენზე არანაკლებ აინტერესებდა ეს ამბავი - „თბილყინულასთან“ ძალიან, ძალიან ახლოს, ასე - დიდი ბაჭიის ორი და პატარა ბაჭიის ხუთი სკუპის მოშორებით, დგას წელში მოხრილი სახლი, რომელსაც თმები დიდი ხანია გაცვივდა და სახურავზე სულ რამდენიმე ღერი ანტენაღა შემორჩა. ამ ანტენებსაც ქარი ისე არწევს აქეთ-იქით, ხვალ-ზეგ გაცვივდება. მოკლედ, ეს სახლი, ზურგზე მოკიდებული, ბევრი წლით სავსე ხურჯინით ისე დაიღალა, რომ სახლი რომ არის, ისიც აღარ ახსოვს და შეიძლება, ცოტა ხანში მხარ-თეძოზე წამოწვეს.

- ვიცი ეს სახლი! მაგ სახლთან, ჩემი მეგობარი ცუგა ცხოვრობს, სახელად ბუნტულა! სულ ეშინია, თავზე აგური არ დაეცეს. მე მშენებლის ქუდი ვაჩუქე და როცა იძინებს, იხურავს ხოლმე.

- ჰოდა, სწორედ ამ სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს ბიჭი. ბიჭუნას არც დედა ჰყავს, არც მამა. არც ბებია. არც ბაბუა. არც და. არც ძმა. ერთი შორეული ნათესავი გამოუვლის ხოლმე და სამადლოდ აჭმევს.
- რა სამწუხარო ამბავია!

- სამწუხაროა! მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ბიჭს ნაყინი არასდროს უჭამია. მისი წილი ნაყინი, უპატრონოდ დნება და საღამოს მენაყინე ურნაში ჩაუძახებს.

- რატომ? ხომ შეუძლია მივიდეს და გამოართვას. მით უმეტეს, ასე ახლოს ცხოვრობს და მით უმეტეს - ერგება!
- ადამიანებს უკვე ბევრი ათასი წელია, ერთი უცნაური წესი აქვთ, - ამოიოხრა ავთოს ავტომ - რამე რომ გასცენ, სანაცვლოს აუცილებლად ითხოვენ. ამ წესს ყველა ზედმიწევნით ასრულებს, სხვა წესების კი რა მოგახსენო.

- ღმერთო ჩემო, ობოლ ბიჭს ხომ არაფერი ექნება. მაშ, გამოდის რომ მთელი ბავშვობა უნაყინოდ უნდა გაატაროს?

- ასე გამოდის, - სევდიანად ჩაილაპარაკა ავტომ - ამ ამბავს არაფერი ეშველება. ამიტომ ახლა სჯობს დავიძინოთ, ეგებ სიზმრებმა მაინც მოგვიყვნენ უკეთეს დედამიწაზე.

დილით კუპატა ადრიანად წამოხტა და სანაყინე „თბილყინულასკენ“ გაეშურა.

- გამარჯობა! - ასძახა მენაყინეს კუპატამ.

- გამარჯობა! - გულგრილად უპასუხა მენაყინემ და ისე შეხედა, თითქოს ანიშნა, შენთვის არ მცალია, ხომ ხედავ, თოვლის ქვაბს ვურევო.

- აქ, ახლოს ერთი ბიჭუნა ცხოვრობს, რომელსაც ნაყინი არასდროს უჭამია.

- მართლა? - ცივად გაიღიმა მენაყინემ და წარბებზე დაკიდებული ლოლოები კიდევ უფრო გაეყინა - ასეთი ბევრია. არ უჭამიათ და მით უარესი მათთვის. მე ვიკითხო, ყოველ ღამით ათობით ურნას რომ ვცლი გაფუჭებული ნაყინით!

- იცი, მიზეზი ის კი არ არის, რომ ბიჭუნას ნაყინი არ უნდა. არა! უბრალოდ მას არაფერი აქვს, სანაცვლოდ რომ მოგცეს!

მენაყინე ორიოდ წამით შეჩერდა, ჩაფიქრდა და უპასუხა:

- რას ვიზამთ. ვაჩუქებდი, მაგრამ რაც წინაპრებმა მასწავლეს, იმ წესებს ვიცავ!

- მე უკვე მოვიფიქრე გამოსავალი! - წამოიძახა კუპატამ.

მენაყინეს არაფერი უთქვამს, მაგრამ წარბებზე დაკიდებული ლოლოები კითხვის ნიშნებივით მოიხარნენ და კუპატამ გადაწყვიტა, ეპასუხა:

- მე შემიძლია ერთი ნაყინის სანაცვლოდ ორი კეთილი სიტყვა გითხრა. მაგალითად: შენ ძალიან სამართლიანი და მცოდნე ადამიანი ხარ!

- როგორი?

- სამართლიანი და თანაც მცოდნე!

- რა უცნაურია - ჩაილაპარაკა მენაყინემ - ჩემთვის არასდროს უთქვამთ ასეთი რამ. არადა, მეც ხომ ვიცი, რომ ასეა!

- დიახ, ასეა!

- ასეა! ნამდვილად ასეა!

საღამოს, ობოლი ბიჭუნა, სახლის კიბეებზე იჯდა და საკუთარ ნაყინს შეექცეოდა. კუპატა მსუქანი ბუჩქის ძირას დამალულიყო, შორიდან უყურებდა და ფიქრობდა;

„რა ცუდია, როცა ბავშვებს გამონაცვალი, ორი ზომით დიდი ტანსაცმელი აცვიათ, მაგრამ უფრო უარესია, როცა პატარებს ორი ზომით დიდი ფიქრი და დარდი დააქვთ გულით. ეს მაშინ, ხდება როცა ისინი უფროსად ყოფნას ნატრობენ, რადგან უფროსებს უფრო შეუძლიათ ნაყინის ყიდვა. რა ცუდია, როცა ბავშვებს არ შეუძლიათ ბავშვები იყვნენ და რა კარგია, რომ ვარსებობ მე - კუპატა, რომელმაც ეს ყველაფერი უკვე ვიცი და ყოველთვის, ყოველთვის დავეხმარები პატარებს. მაშინაც კი, როცა დედამიწაზე აღარ ვიქნები“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რა სილამაზე ხარ...“ - რუსა ჩაჩუა თეთრ კაბაში ბრწყინავს

⭕„უნდა ვავარჯიშოთ ჩვენი თავი მუდამ სიკვდილზე ფიქრით...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

🎥 „გავთავხედდი...ასე უტიფრად ვიმღერე...“ - ნინი შერმადინის საოცარი შესრულება