Digest Logo

ცვლილებების შიში: რატომ გვიჭირს იმის დატოვება, რაც აღარ გვაბედნიერებს? - ფსიქოთერაპევტის განხილვა

1790583716
მაგდა კოტრიკაძე

თუ რაღაც გაშინებთ და ამავე დროს გიზიდავთ, დიდი ალბათობით სწორედ იქ არის თქვენი ზრდის მიმართულება. ყველაზე დიდი ცვლილებები თითქმის არასოდეს იწყება დიდი გადატრიალებით. ისინი იწყება ერთი ზარით, ერთი გადაწყვეტილებით, ერთი უარით ან ერთი „კი“-თ, რომელიც ადამიანს საკუთარი შიშის მიუხედავად უთქვამს და ხშირად წლების შემდეგ ვხვდებით, რომ ყველაზე საშიში ნაბიჯი სინამდვილეში ყველაზე სწორი აღმოჩნდა.

ხშირად ადამიანები არ ვრჩებით კომფორტის ზონაში იმიტომ, რომ იქ ბედნიერები ვართ. ვრჩებით იმიტომ, რომ გამოწვევები ნაცნობია.

ადამიანს შეუძლია წლების განმავლობაში იაროს სამსახურში, რომელიც აღარ უყვარს, დარჩეს ურთიერთობაში, რომელიც ძალას ართმევს, ან ყოველდღე გაიღვიძოს იმ განცდით, რომ მეტს იმსახურებს, მაგრამ მაინც არაფერს ცვლის. გარედან ეს შეიძლება ლოგიკური არ ჩანდეს, თუმცა ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების მიხედვით, ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენი ტვინი მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა გადარჩენისთვის.

მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არის: „ბედნიერი ვარ?“ ან „ვვითარდები?“ ტვინი მუდმივად კითხულობს: „უსაფრთხოდ ვარ?“ სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი ცნობილ ტკივილს უცნობ ბედნიერებას ამჯობინებს.

ძველი აფრიკული გამოთქმა ამბობს: „უკეთესია ეშმაკი, რომელსაც იცნობ, ვიდრე ანგელოზი, რომელსაც ჯერ არ შეხვედრიხარ“. ეს ფრაზა ზუსტად აღწერს ადამიანის ბუნებას. ჩვენ ხშირად ვეჭიდებით იმას, რაც ვიცით, რადგან გაურკვევლობა ჩვენს ფსიქიკაში შფოთვას იწვევს.

ფსიქოლოგები ამას „დანაკარგისადმი მგრძნობელობას“ უწოდებენ. ერთი და იმავე მოცულობის წაგება ადამიანზე დაახლოებით ორჯერ უფრო ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს, ვიდრე მოგება, ამიტომ ცვლილების დროს ჩვენ იმაზე მეტად ვფიქრობთ, რას დავკარგავთ, ვიდრე იმაზე, რას მოვიპოვებთ.

როდესაც ადამიანი ახალი ცხოვრების, ახალი საქმიანობის ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას, მას რეალურად მომავლის კი არა, საკუთარი უცნობი ვერსიის ეშინია. უცებ გონებაში ჩნდება კითხვები:

„თუ არ გამომივიდა?“
„თუ შევცდი?“
„თუ სხვები გამაკრიტიკებენ?“
„თუ ეს გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებას გააუარესებს?“.

სინამდვილეში კი ამ შეკითხვების უკან უფრო ღრმა შიში დგას: „თუ ის ადამიანი ვეღარ ვიქნები, ვინც აქამდე ვიყავი?“.

ცვლილება მხოლოდ გარემოს არ ცვლის. ის ჩვენს იდენტობასაც ეხება. ამიტომ არის, რომ ცხოვრების გადამწყვეტ ეტაპებზე შფოთვა თითქმის ყველას გვიჩნდება. ფობიების ენაზე ცვლილებების შიშს მეტათეზიოფობია ეწოდება. ეს არის ძლიერი შფოთვა, რომელიც ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების იდეას ახლავს. მას ხშირად ერთვის ნეოფობიაც - ახლის, უცნობისა და ახალი გამოცდილებების შიში. ბევრ ადამიანს კი საფუძვლად უდევს ატიქიფობია - მარცხისა და წარუმატებლობის შიში.

საინტერესოა, რომ ყველაზე წარმატებული ადამიანები შიშის არქონის გამო არ მოქმედებენ. ისინი უბრალოდ სხვანაირად აღიქვამენ შიშს. მათთვის შიში ნიშნავს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი იწყება.

კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ ნიშნავს საკუთარ თავზე ძალადობას. ეს ნიშნავს ყოველდღიურად პატარა ნაბიჯის გადადგმას იმ მიმართულებით, სადაც ჯერ კიდევ არასრულად განვითარებული შესაძლებლობები გელოდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სიახლეები ურთიერთობებში, ფინანსური შესაძლებლობები და კარიერული ცვლილებები - როგორი იქნება 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა - „გილოცავთ, ღმერთი გფარავდეთ ორივეს“

🎥 „თქვენი დროა, იზიდავთ ხალხს, იღბალი მაღალია“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

✕