ცნობილი ფლორისტის ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს, რომელიც ყოფილი თანამშრომლის მხრიდან შრომის ინსპექციაში დავას უკავშირდება, მსახიობი ანა სანაია ეხმაურება.
ანა სანაია წერს, რომ ადამიანის და კონკრეტულად ქალის ბულინგს გამართლება არ აქვს. მსახიობი მიმართავს შევარდნაძის დამცველ ქალებს და მათ, ვინც ძალადობას ამართლებს:
„ერთი წუთით! აი ახლა მართლა — ზურა შევარდნაძის დამცველი ქალები უკვე ცალკე საშინელებად გადაიქეცით. ეს არის მიზოგინიის ხელშეწყობა, მეგობრებო. ეს არის ქალზე თავდასხმის ირიბი გამართლება. ეს არის მცდელობა, ხელი დააფაროთ ადამიანს, რომელიც არის მიზოგინი, მჩაგვრელი, სასტიკი.
ეტყობა, ორი ღერი ყვავილი მოგცათ, ან ცნობადობის გამო გგონიათ, რომ ეს ყველაფერი უნდა გაეპრავოს. და ახლა, ამის გამო, ხელს აფარებთ კაცს, რომელიც ქალებს ამცირებდა, ლანძღავდა, აუფასურებდა და ტკივილს აყენებდა.
თუ გგონიათ, რომ ქალზე ძალადობა მხოლოდ მაშინ იწყება, როცა კაცს ხელი აქვს მოქნეული — ძალიან ცდებით. ქალის შეურაცხყოფაც ძალადობაა. ქალის დამცირებაც ძალადობაა. ქალის ღირსების განადგურებაც ძალადობაა. არ არის აუცილებელი, კაცმა ქალი მოკლას, რომ მისი სისასტიკე დავინახოთ. არ არის აუცილებელი, სისხლი დაიღვაროს, რომ მიხვდეთ — ესეც ძალადობაა. და მერე გვიკვირს, რატომ არ წყდება ამ ქვეყანაში ქალების მკვლელობა?
არ წყდება იმიტომ, რომ ყველაფერი იწყება აქედან — გაპრავებიდან, მიჩუმათებიდან, ირონიით გადაფარვიდან და „რა მოხდა მერე?”-თი. ბოდიშს მოიხდის? — მოიხადოს. მაგრამ ნუ იცავთ მიზოგინ კაცს ორი ღერი იის ან იასამნის გამო.
და ბოლოს — ქალი ყველაზე დიდი ყვავილია დედამიწაზე. მას უნდა პატივისცემა, სიფრთხილე, სიყვარული და არა დამცირება. სილამაზეს ადამიანი ქმნის ადამიანისთვის — არა სხვისი ღირსების გათელვით, არა ქალების დამცირებით, და მით უმეტეს — არა ძალადობის ნორმალიზებით“, - წერს ანა სანაია.
შეგახსენებთ, რომ სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ზურა შევარდნაძის ყოფილმა თანამშრომელმა მას შრომის ინსპექციაში უჩივლა. მოსარჩელე მხარე შევარდნაძეს სამსახურიდან მიზეზის ახსნის გარე გაშვებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ამ დროისთვის საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი: ნაწილი ფლორისტს მხარდაჭერას უცხადებს, ნაწილი კი სამუშაო გარემოში არსებულ შესაძლო ძალადობაზე საუბრობს.
აღნიშნულ თემას სამი დღის შემდეგ, ადრესატი ზურა შევარდნაძეც გამოეხმაურა:
„დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ.
მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად.
იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კი არა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.
თუ კი გეწყინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა.
გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია.
სპეცოპერაცია „მადონა“ რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.
დაწერეთ, დაწერეთ“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისათვის - ექიმის რჩევები
⭕გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა