Digest Logo

„თვალი არ მოგვიხუჭავს, მეტირება... დაბომბვა სწორედ მაშინ დაწყებულა, როცა მის ფანჯრებთან სიყვარულს უხსნიდა“ - ოლიკო ცისკარიშვილის სულის შემძვრელი წერილი

1659875418
ოლიკო ცისკარიშვილი

რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით,  ჟურნალისტი და მეცნიერებათა დოქტორი ოლიკო ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ ისტორიას ჰყვება. ის ფეისბუკზე დეტალურად იხსენებს და გადმოსცემს, თუ რა გამოიარა და რა ნახა რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

„მერამდენედ ვდებ... ალბათ, მთელი სიცოცხლე დავდებ, იმიტომ, რომ დღე არ გავა არ გამახსენდეს:

არა, რვაში არ დაწყებულა ჩემი აგვისტოს ხუთი დღე, ექვს აგვისტოს დაიწყო, როცა ლეჩხუმის უმშვენიერეს სოფელ ლაჯანაში, მეგობრებმა ბავშვები დასასველებლად წავიყვანეთ. მე, ჩემს ქმარ-შვილთან ერთად და მეგობარი ქმარ-შვილთან ერთად, დაგვპატიჟეს მარინა ლეშკაშელმა და მაკა ტერელაძემ. ექვსში, უგრძელესი გზის შემდეგ, ისევ უკან, თბილისში, დაბრუნდნენ ჩემი ქმარი და მისი მეგობარი (ეს უკანასკნელი, მეორე დღეს, დილაუთენია, ვაშლოვანში სანადიროდ წავიდა და ომის დაწყება ვერც გაიგო).

მეორე დღეს, უშველებელი სახლი დავასუფთავ-დავაწკრიალეთ, ბავშვებმაც დაგეგმვა დაიწყეს, როგორ გაეტარებინათ აგვისტოს ბოლომდე დრო - ზოგს მდინარეზე ბანაობა უნდოდა, ზოგს მთებში ხეტიალი... ასე გათენდა - დღე მესამე. მეზობლები გვეუბნებიან, რომ ომი დაიწყო (ტელევიზორი არ გვაქვს, რა საჭიროა ტელევიზორი ან რადიო, როცა მთაში მიდიხარ დასასვენებლად). თბილისში ვერ ვრეკავთ... ვრეკავ ჩემს ქმართან, რომელიც სამხედროა - ვერ გავდივარ. ვერც ჩემს მაზლთან - ისიც სამხედროა. ვერც მეგობართან, რომელიც ვიცი მათთან ერთად იქნება... ისტერიკა მიპყრობს. საღამოს ჩემი მაზლი გვირეკავს, რამდენიმე წამით და გვატყობინებს, რომ ომში ყველანი ცოცხლები არიან...ჯერ ცოცხლები არიან. და ომის ხუთი დღე გადაიქცა ერთ დღედ. დიდებს თვალი არ მოგვიხუჭავს. ვუსმენდით თვითმფრინავების გადაფრენებს, გვესმოდა აფეთქებების ხმაც... სოფელში სინათლე ჩააქრეს, რადგან სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავებ და შეიძლება ასეთი სტრატეგიული ობიექტი „ლაჯანურჰესი" ყოფილიყო. ვიჯექით უკუნ სიბნელეში და ვცდილობდით ჩვენებს დავკავშირებოდით. ხანდახან მოკლე ტექსტურ შეტყობინებები გვატყობინებდა - „ცოცხლები ვართ"... ხანდახან... სამაგიეროდ, გვირეკავდნენ ყველა ქვეყნიდან, ახლობლები და მეგობრები, გვეკითხებოდნენ რა ხდებოდა საქართველოში, გვამხნევებენ.

რეკავს ჩემი ძმა ჰოლანდიიდან და მეუბნება, რომ ჩამოვა, ისიც დაიცავს სამშობლოს. ეს მართლა სიგიჟეა. მირეკავს ჩემი ბიძაშვილიც, დეიდაშვილიც, მამიდაშვილიც და არა გორიდან, გორიდან არ რეკავდნენ, ვერც ჩვენ ვრეკავთ... სრული საგიჟეთი იყო... თუმცა, ვცდილობდით, ბავშვებს არ გაეგოთ, თუნდაც ის, რომ ომი დაიწყო. ვცდილობდით - არ გამოგვდიოდა. 8 წლის ალექსანდრემ, ერთხელაც, როცა მორიგმა თვითმფრინავმა გადაგვიფრინა და ჩემს მეგობარს ისტერიული შეტევა დაემართა, სათამაშო ავტომატი დაშალა და „კატაპულტა" ააწყო, ამით, თვითმფრინავებს ჩამოვაგდებთო, გვამხნევებდა.

12-ში, როცა ბავშვებს მდინარეზე წასასვლელად ვამზადებდი, ალექსანდრე გაფითრებული შემოდის - დედა, გორი აღარაა, - მეუბნება, - დედა, მამა ცოცხალი აღარაა? - მეკითხება და კრიჭა ეკვრება, გონებას კარგავს... - მეზობელთან გადამძვრალს მოუსმენია, ერთ-ერთი საინფორმაციოსთვის, რომ გორი აღარაა. გორი რომ აღარაა ჩემმა მეგობარმაც იცის, თუმცა არ მეუბნება.

„ნუ გეშინია, დედა - ვეუბნები, დავურეკავ ზაზას, ჩამოვა და წავიდეთ მამასთან...“ - ვამშვიდებ და ცოტა აზრზე მოდის.... გოგოები ოთახებში იკეტებიან და სახურავზე მსხლის ჩამოვარდნისას, ოთახიდან ეზოში ჩუმი კივილი გვესმის - ეშინიათ... ჩამოვიდა ზაზა.

მარინა გვეწინააღმდეგება, არ უნდა ჩვენი გაშვება. ჩავლაგდით, მამასთან წავედით გორში. შემოვლითი გზით, რაჭისკენ ისევ გვესმის დაბომბვების ხმა. ჩავედით ცაგერში. უამრავი ხალხი გვხვდება ზოგი სვანეთში, ზოგი ლეჩხუმში ადის... მხოლოდ ჩვენ მივემართებით თბილისისკენ, გორისკენ... ქუთაისიდან გამოსულებს მანქანა გაგვიფუჭდა. პატრული დახმარებას გვთავაზობს - ვუარობთ, - სხვებს უფრო დასჭირდებით, ვეუბნებით. მივაღწიეთ გორს... ცარიელი ქუჩები, აფეთქებული გზები... დამწვარი ხეები... გორის შესასვლელთან ჯარისკაცი გვეუბნება, რომ არ შევიდეთ ქალაქში, მაინც შევდივართ. დაძაბული სიჩუმეა... გზაზე ტრაილერია გადაყირავებული, ძლივს ავუქციეთ გვერდი... შევნიშნეთ, რომ ქალაქიდან უნომრო მანქანები მიდიან. გამიკვირდა. „მამას" დავურეკეთ, გამოვიდა. არც ისე ხალისიანი, ალექსანდრე დაწყნარდა, - „მართლა ცოცხალი ყოფილა," - მეუბნება. გორიც ადგილზეა. თბილისისკენ დავიძარით. სახლამდე ცოტა გვაკლია და მირეკავს - „გორი აიღეს, გადით ქალაქიდან.ახლავე გადით, ჩვენც გამოვაღწევთ".

„არ არსებობს - ვფიქრობ, არ არსებობს, არსადაც არ წავალ, ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეა". მიშა მიმართავს ხალხს. ხალხი გარბის. ზოგი სად, ზოგი სად... გარბიან, გარბიან, გარბიან... „ვის უტოვებენ ქვეყანას," - ვფიქრობ... დასავლეთისკენ გზა დაიკეტა... კარგია, რომ გამოვასწარით... თუმცა, იქით დარჩენილები ჩვენზე ნერვიულობენ.

ინტერნეტი არ მუშაობს, მეილზე ვერ შევდივარ... მაინც... მოგვიანებით, მე და ჩემი მეგობარი დევნილებთან ავედით, მეორმოცე სკოლაში. მე, ჩემი აპარატით, რომელიც დიქტოფონის როლს ასრულებს, ის თავისი ფოტოკამერით. ხალხს ვიწერ. უნდა დავწერო, აუცილებლად უნდა დავწერო.. ვწერ... როგორ მოვიდნენ ეს ადამიანები სრულიად ხელცარიელნი, როგორ ჩააკვდა ერთ-ერთ ჩემს რესპონდენტს მეზობელი, რომელსაც ყუმბარის ნაგლეჯი მოხვდა მუცელში... მიყვებიან და მიყვებიან, ლამისაა გავგიჟდე და ვისმენ და ვისმენ... გულმა ვერ მომითმინა და მაინც გადავიღე ერთი კადრი - დაფის ქვეშ ლოგინია, დაფაზე ბავშვის ხელით ნახატი ყვავილი და მინაწერი - ამ ყვავილივით ლამაზი ხარ დედა... „ღმერთო, გააძლებინე ამ ადამიანებს“ - ვფიქრობ... მერე ვწერ იმ ახალგაზრდა ოს ბიჭს, რომელიც ქართველ შეყვარებულს აქ გამოჰყვა.

დაბომბვა სწორედ, მაშინ დაწყებულა, როცა მის ფანჯრებთან სიყვარულს უხსნიდა. მეტირება... ჩემს ახლობელს დავუკავშირდი, რკინიგზაში მუშაობს, ისიც ჩავწერე, მიყვება, როგორ მორბოდნენ ღამის საცვლებით, ფეხშიშველა ადამიანები და თავს აფარებდნენ მატარებელს... უკან მოვდივართ, მზიამ კარგი კადრები გადაიღო და ვფიქრობ, როგორ და ვის მივაწვდინო ხმა. მზიამ ფოტოები მომცა. უკრაინაში ახლობელს ახალი მეილი გავახსნევინე და მასალა ვაშინგტონში გადავუგზავნე, საერთაშორისო ორგანიზაციას, („გლობალ ინტეგრითთან“ რამდენიმე წელი ვთანამშრომლობდი. ვთხოვე, თავიანთ გვერდებზე განეთავსებინათ ანაზღაურების გარეშე. უბრალოდ, იქნებ გაიგოთ, რომ ომია საქართველოში...) განათავსეს...

ბოლოს და ბოლოს, მოვიდა გიორგი, ჩემი მეგობარიც ჩამოვიდა.... გორიდან წამოსული. მან და რამდენიმე ადამიანმა ყველაზე გვიან დატოვეს გორი..... რატომ? ეს უკვე სხვა თემაა? ეს მათ სინდისზე იყოს, ვინც ისინი ასე გაწირეს... და ჩემს თვალწინ უნომრო მანქანებით ტოვებდნენ გორს, ეს მათ სინდისზე იყოს... ღმერთო, მადლობა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხლები დაბრუნდნენ... ეს იყო ჩემი აგვისტოს ხუთი დღე“, - წერს ოლიკო ცისკარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ერთად ვცხოვრობთ. არასოდეს მტოვებს, ახლა ორი კვირით წავიდა დასასვენებლად ჭიათურაში...“ - რას ჰყვება გია ჯაჯანიძე დედაზე

„არ მინდა დავიჯერო, რომ ერი ქვეყნის სუვერენიტეტს ანაცვალებს პირად კომფორტს... ომი არც 2008 წლის აგვისტოში დაწყებულა და მით უმეტეს არც დამთავრებულა“ - მამუკა გამყრელიძე

🎥 „ხანძარს ვერ გამოასწრო და მესამე სართულიდან გადმოხტა. სულ ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა“ - გორელები აგვისტოს ომზე