Digest Logo

„თვალზე მომდგარი ცრემლიც მახსოვს...იმ დღეს ჩემი ცხოვრება შეიცვალა!“ - ზურა შევარდნაძე

1765281674
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში მორიგი ისტორია გაიხსენა, რომელზედაც წერს რომ მისი ცხოვრება ამ ამბავმა შეეცვალა:

„1999 წელს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩამოვიდა ბონის და მიუნხენის ბოტანიკური ბაღების კურატორები დოქტორი ანდრეას გროგერი და დოქტორი ვოლფრამ ლობინი, საქართველოს ველური ფლორის თესლების შესაგროვებლად. მაშინდელმა ბაღის დირექტორმა ჯიმშერ კერესელიძემ დაგეგმა ექსპედიცია და თანამშრომლებთან და სტუმრებთან ერთად მეც წამიყვანა ველზე როგორც ბაღის ახალგაზრდა ლაბორანტი.

მაშინ ასკანაში, სკოლაში ნასწავლი ორი ღერი გერმანული ვიცოდი და უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვსწავლობდი ბიოლოგიის ფაკულტეტზე. მოგზაურობა ნაყოფიერი გამოვიდა, ბევრი ვიარეთ, მთაშიც, ბარშიც რა თქმა უნდა ბევრი კუთხე პირველად ვნახე და დღემდე მადლიერი ვარ ამ დღეებისთვის.

გამგზავრებამდე, წინა საღამოს სტუმრებმა ისურვეს ჩვენი დაპატიჟება გამოსამშვიდობებლად, მადლიერების ნიშნად. იმ დროისათვის ძალიან პოპულარულ რეზო გაბრიაძის კაფეში შევგროვდით საღამოს 7 საათზე, მყუდროდ და გემრიელად ვივახშმეთ, ვეფერეთ და პატივისცემა გამოვხატეთ ერთმანეთის მიმართ.

სანამ დავიშლებოდით ვოლფრამმა სიტყვა ითხოვა, ჩემს დირექტორს და ჩვენ მოგვმართა:

„ბატონო ჯიმშერ, ძვირფასო კოლეგებო უსაზღვროა ჩვენი მადლიერება თქვენი და თქვენი კოლექტივის მიმართ. გაგვაცანით და გვიმასპინძლეთ თქვენს პატარა ქვეყანაში, რომლითაც მოხიბლული ვართ, მდიდარია თქვენი ტრადიციები, ძველია თქვენი კულტურა და ფლორა ისეთი საინტერესო რომ გაოცებას იწვევს მრავალფეროვნებით, სიუხვით. როგორი შენახულია თქვენი ტყეები, თქვენი ჭაობები და ალპური მდელოები.

ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და იმედი გვაქვს ჩვენი საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზრდება.

ვხედავთ რა რთულ პერიოდს გადის თქვენი ქვეყანა, ადვილად შესამჩნევია რთული დრო უდგას ბოტანიკურ ბაღს, მე და ჩემმა კოლეგამ ანდრეასმა გადავწყვიტეთ მადლიერების ნიშნად წავიყვანოთ გერმანიაში ზურაბი და აღვზარდოთ ის პროფესიონალ მებაღედ.

ვფიქრობთ რომ უკან დაბრუნებული ის უსათუოდ გამოადგება თავის ქვეყანას, რომელსაც ძალიან სჭირდება ახლა ზურაბისნაირი, მონდომებული ახალგაზრდები.

ჩვენ დავბრუნდებით მომავალ წელს ისევ ამ დროს, მანამდე ზურაბმა უნდა მოახერხოს შეისწავლოს გერმანული ენა ისე რომ არ გაუჭირდეს უცხო ქვეყანაში პროფესიის შესწავლა.

დასტურად გადმოგცემთ საჩუქრად ზურაბის გერმანიაში გასამგზავრებელ სამგზავრო ბილეთს მომავალი წლის 14 აგვისტოსთვის“.

მე ახლაც წამომახურა ამის გახსენებაზე, მახსოვს ბატონი ჯიმშერის რეაქცია, ქალბატონი ლამარა ასიეშვილის და ნინო ერაძის თვალზე მომდგარი ცრემლიც მახსოვს.

იმ დღეს ჩემი ცხოვრება შეიცვალა!“, - წერს ზურა შევარდნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვიფსავ, ვკოჭლობ, დავბარბაცებ...რა გოგო ვიყავი“ - ნუკი კოშკელიშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

⭕წითელი ვარდებით მორთული სახლი: „ყოჩაღ ლაშას“ - ლაშა გურგენიძის ახალი მეუღლე რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს

🎥 „მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება და პირველი ნაბიჯების გადადგმა...“ - როგორი იქნება 2026 წელი, თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი