2026 წლის 21 ოქტომბერს ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას ოჯახის წევრი, თეონა ალხაზაშვილი ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სიძეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„გია, მადლობა ბავშვობა რომ გამილამაზეთ შენ და რუსომ. ჩემი სიამაყის მიზეზი რომ იყავით და მთელი შეგნებული ცხოვრება დაცულობის შეგრძნება მაჩუქეთ.
ცხოვრების რთულ თუ ბედნიერ მომენტებში მოვიხედავდი თუ არა, იქ რომ იდექით. ყველაფერს რომ გვინაწილებდით. დედაჩემს რომ საკუთარი დედასავით სცემდი პატივს და გულში იკრავდი, გია.
ჩემს ძმას რომ ფარად ედექით, როცა გაუჭირდა. ჩემი პატარა ოჯახი თქვენს დიდ ოჯახს რომ შეუერთეთ.
ვერ ეყოფა ეს სივრცე ყველაფრის ჩამოთვლას. ვერც სიტყვებით გადმოიცემა, რასაც ვგრძნობთ...
უბრალოდ, მადლობა სიყვარულისთვის...
მიყვარხარ გულში და მომენატრები ძალიან“, - წერს თეონა ალხაზაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი ნემსაძეს შაბათს, 24 ოქტომბერს დაკრძალავენ.
გიორგი ნემსაძემ 1992–2004 წლებში ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, საიდანაც 42 შეხვედრაში გუნდს კაპიტნობდა.
კარიერა დაიწყო და დაასრულა თბილისის „დინამოში“. ასევე თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „შევარდენსა“ და „ლოკომოტივში“. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია.
იგი თამაშობდა გერმანულ „ჰომბურგში“, თურქულ „ტრაბზონსფორში“, შვეიცარიულ „გრასჰოფერში“ და იტალიურ „რეჯანაში“. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“, სადაც კაპიტანი იყო და 2010 წელს კლუბის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - ცნობილია ვინ არის გუნდის ახალი წევრი