რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც მოქალაქეები ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციას მართავენ, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
მოქალაქეებმა რკინის ბარიკადების ჩამოშლა სცადეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა აღმართა.
ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა.
„სინამდვილეში საქმე მარტივიდაა: საქართველოს აქვს სულ სხვანაირი სულიერი ქსოვილი. წარმოუდგენელია, სხვაგვარად იმას გადარჩენილიყო, რაც საუკუნეების განმავლობაში გამოიარა - სრულიად წარმოუდგენელი და რაც უნდა ფსკერზე გვეგონოს ხოლმე თავი, უცებ დავკრავთ ხელს და ამოყვინთავთ.
იმას რასაც გუშინწინ სულ ხუთი-ექვსი ადამიანი გავიძახოდით, ერთმანეთს ვაგროვებდით და ზურგს ვუმაგრებდით (მე განსაკუთრებით მჭირდებოდა ეს ბევრი მიზეზის გამო) ახლა, ამ წუთს, მიჯრით ამბობს დიდი და პატარა. და მიხარია მათი ხმა, რადგან ამგვარი არჩევანი გვიანი არასდროსაა. ვერ შეეგუება ჩემი სამშობლო თუნდაც ირიბ გამარჯვებას იმ ქვეყნისა, რომელმაც ორასორმოცდაათი წელი შვილები უკლა, მიწები წაგლიჯა, ტაძრები უთეთრა, ატყუა, აწამა, ენის ამოგლეჯა დაუპირა. არ გამოვა. არც გამოვიდა. ვერავინ ვეღარ მიაწებებს ამ ახალგაზრდებს რომელიღაც ძალას, რადგან ეს უკვე ცალკე ძალაა. ძალა, რომელსაც საქართველო უნდა იქ, სადაც ის იდგა საუკუნეების მანძილზე. მეც აქ ვდგავარ ჩემს ქვეყანასთან ერთად ჩემი მცირედით“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები