ხაშურის ბაზარში ქალმა 12 ათასი ლარი იპოვა და მეპატრონეს დაუბრუნა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში „შიდა ქართლის“ გვერდზე გავრცელდა.
„დღის გმირი. დღეს, ხაშურის ბაზარში, მანანა სუხიაშვილმა იპოვა 12 ათასი ლარი.
ეს არ იყო უბრალოდ დაკარგული თანხა. როგორც გაირკვა, ეს ფული ერთ მოქალაქეს შვილის მკურნალობისთვის ჰქონდა გამზადებული და შემთხვევით დაეკარგა.
წარმოიდგინეთ იმ მამის ან დედის მდგომარეობა… წამებში დაკარგული იმედი, შიში, სასოწარკვეთა…
მაგრამ სწორედ ასეთ დროს ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვახსენებენ, რომ სიკეთე ჯერ კიდევ არსებობს.
მანანა სუხიაშვილს შეეძლო სხვაგვარად მოქცეულიყო, თუმცა მან ყველაზე ღირსეული გზა აირჩია თანხა პატრონს დაუბრუნა.
ასეთი ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სიმდიდრე.
მადლობა, მანანა, რომ დაგვანახვეთ, პატიოსნება და ადამიანობა ისევ ყველაზე დიდი ფასეულობაა“, - წერს „ქართლი ამბების“ ფეისბუკ გვერდი.
მანანა სუხიაშვილმა ისაუბრა ambebi.ge-სთან, სადაც გაიხსენა როგორ იპოვა ფული და დაუბრუნა მეპატრონეს:
„მაღაზია მაქვს ბაზრის ტერიტორიაზე, იქ დაუვარდა შეკრული თანხა პიროვნებას. ველოდებოდი, ვიფიქრე ნახავს, ვინც დაკარგა და მალე მობრუნდება-თქო. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში, ჯგუფში დაწერა ერთმა მოქალაქემ, რომ თანხა დაკარგა ბაზრის ტერიტორიაზე, დავუკავშირდი და ვუთხარი, მითხარით რა თანხაა, რა კუპიურები, რომ დავრწმუნდე, ნამდვილად თქვენია-თქო.
მოვიდა შვილთან ერთად. ძალიან განერვიულებული იყო, ტიროდა. მითხრა, რა თანხაც დაკარგა, ჩანთა დასაკეტი დამრჩა და ალბათ გადმომივარდაო. ამის შემდეგ დავუბრუნე კუთვნილი თანხა. 12 ათასი ლარი იყო, ქართული ფული იყო. ისე დავიბენი, ვინაობაც ვერ ვკითხე. მერე მითხრეს, რომ ბავშვისთვის უნდოდათ ის თანხაო. თავად ერთი კი მითხრა - ისეთი საქმისთვის მინდოდა ეს ფული, რომ ის მადლი, რაც შენ გააკეთე, შენს შვილებს წინ დახვედროდეთო. შემდეგ ეს ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა. ნამდვილად არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას“,- აღნიშნა მანანა სუხიაშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
⭕ სოხუმში, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა
⭕ ყველაზე ალერსიანი და ნაზი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - „ყოველთვის მიართმევენ ყავას საწოლში“